ჩოგბურთი | იანიკ სინერი ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონია #1TVSPORT
ჩოგბურთი | იანიკ სინერი ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონია #1TVSPORT

იტალიელი იანიკ სინერი მამაკაცთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის 2024 წლის გათამაშების გამარჯვებულია. ფინალში მან დანიილ მედვედევი ხუთ სეტში, 3:6, 3:6, 6:4, 6:4, 6:3 დაამარცხა.

მატჩი მედვედევის უპირატესობით დაიწყო. პირველსა და მეორე სეტში იანიკ სინერს საკუთარი თამაშის ჩვენების შანსი, ფაქტობრივად, არ ჰქონია. მედვედევი კორტზე სიტუციას სრულად აკონტროლებდა, მან პირველ ორ სეტში, ჯამში, ოთხი ბრეიქი შეასრულა, ხოლო საკუთარი ჩაწოდება მხოლოდ ერთხელ დაკარგა.

მესამე სეტში 22 წლის იტალიელმა თამაში გამოასწორა, საკუთარ ჩაწოდებას სტაბილურად იყენებდა და როგორც მესამე, ისე მეოთხე სეტში გადამწყვეტი ბრეიქი ანგარიშზე 5:4 შეასრულა. ბოლო, მეხუთე სეტიც იტალიელის უპირატესობით დაიწყო, სინერმა მეექვსე გეიმში მეტოქის ჩაწოდება აიღო და მოპოვებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია.

იტალიელი ჩოგბურთელისთვის ეს პირველი ფინალი და გამარჯვება იყო დიდი სლემის ტურნირებზე. რაც შეეხება დანიილ მედვედევს, მან ავსტრალიაში მესამე ფინალი წააგო, სულ კი კარიერაში ექვსჯერ უთამაშია დიდი სლემის ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში. მედვედევისთვის წარმატებული მხოლოდ 2021 წლის ამერიკის ღია პირველობის ფინალი იყო, რომელშიც მან ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა.

იანიკ სინერმა ავსტრალიის ღია პირველობის მოგებისთვის 2000 სარეიტინგო ქულა და 3.15 მილიონი ამერიკული დოლარი მიიღო.