ჩოგბურთი | მამაკაცთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში იანიკ სინერი დანიილ მედვედევს შეხვდება #1TVSPORT
ჩოგბურთი | მამაკაცთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში იანიკ სინერი დანიილ მედვედევს შეხვდება #1TVSPORT

ავსტრალიის ღია პირველობაზე მამაკაცთა შორის ფინალისტები გამოვლინდნენ. 2024 წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში იანიკ სინერი დანიილ მედვედევს შეხვდება.

სინერმა ნახევარფინალში ტურნირის მოქმედი გამარჯვებული, მსოფლიო რეიტინგის ლიდერი ნოვაკ ჯოკოვიჩი ოთხ სეტში, 6:1, 6:2, 6:7, 6:3 დაამარცხა და პირველად ითამაშებს დიდი სლემის ტურნირის ფინალში. შეხვედრის დასრულების შემდეგ ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ ეს მისთვის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი იყო კარიერაში.

მეორე ნახევარფინალი დანიილ მედვედევსა და ალექსანდრ ზვერევს შორის დრამატული სცენარით განვითარდა. ზვერევი სეტებში 2:0 დაწინაურდა, თუმცა მედვედევმა შემდეგ ორი ტაიბრეიქი მოიგო, ხოლო გადამწყვეტ, მეხუთე სეტში 6:3 სძლია მეტოქეს. შედეგად, დანიილ მედვედევი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში კარიერაში მესამედ გავიდა, მას წინა შეხვედრები წაგებული აქვს. ის 2021 წელს ნოვაკ ჯოკოვიჩმა დაამარცხა, ხოლო 2022 წელს – რაფაელ ნადალმა.

იანიკ სინერი და დანიილ მედვედევი ერთმანეთს აქამდე ცხრაჯერ შეხვდნენ. ექვსჯერ მედვედევმა მოიგო, ხოლო სამჯერ – სინერმა.

მამაკაცთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალი 28 იანვარს გაიმართება. მანამდე, ხვალ, 27 იანვარს ქალთა შორის გაიმართება გადამწყვეტი მატჩი, არინა საბალენკა ქინვენ ჟენგს დაუპირისპირდება.