როცა საქმე დედამიწის მიღმა სიცოცხლის პოვნას ეხება, ძნელია ვიცოდეთ, სად ვეძებოთ ის.
ევროპასა და ენცელადის ბნელი და ყინულოვანი ოკეანეები ჰიპოთეტური ჰაბიტატის ერთგვარ სახეს გვთავაზობს. ამავე დროს, თითქმის საპირისპიროდ გამოიყურება მარსის მტვრიანი, არიდული ლანდშაფტი. თუმცა ახლახან, მეცნიერებმა იპოვეს გასაღები, რომელიც დიდად იმედისმომცემია მარსის მშრალი უდაბნოებისათვის.
დედამიწაზე არსებობს ადგილი, რომელიც საოცრად ჰგავს მარსის გარემოს. ეს გახლავთ ატაკამის უდაბნო ჩილეში, სადაც ექსპერიმენტულმა პლანეტურმა მავალმა, სახელად ზოემ, ქანების თხრისას უცნაური ბაქტერია იპოვა. ამ სახის ბაქტერია მეცნიერთათვის ამ დრომდე უცნობია, მაგრამ გამოირჩევა მარსის მსგავსი გარემოსადმი ადაპტაციის უნარით.
„დავამტკიცეთ, რომ რობოტულ მავალს შეუძლია ქანები ამოიღოს დედამიწაზე არსებული იმ გარემოს მიწისქვეშეთიდან, რომელიც ყველაზე მეტად ჰგავს მარსს. ეს კი უმნიშვნელოვანესია, რადგან როგორც ყველა მეცნიერი თანხმდება, ნებისმიერი სახის სიცოცხლე მარსის ზედაპირქვეშ უნდა იმალებოდეს, რათა გაექცეს ზედაპირზე არსებულ სასტიკ გარემოს — რადიაციას, დაბალ ტემპერატურასა და უწყლოობას“, — აღნიშნავს განცხადებაში ბიოლოგი სტივენ პოინტინგი.
ცნობილია, რომ ერთ დროს, მარსის ზედაპირი თხევადი წყლი იყო დაფარული. პლანეტა დღეს გაცილებით მშრალია, ზედაპირზე აღმოჩენილი გვაქვს მხოლოდ წყლის ყინული, მაგრამ დიდი ალბათობით, მარსის ზედაპირქვეშ არის თხევადი წყალიც.
თუ ეს ასეა, სიცოცხლე წითელ პლანეტაზე კიდევ უფრო მეტად დასაშვები ხდება, მაგრამ ატაკამის უდაბნო უწყლოდ სიცოცხლის სხვა შესაძლებლობასაც იძლევა.
ას რეგიონი იმდენად მშრალია, რომ იქ ათწლეულების, ხშირად საუკუნეების განმავლობაშიც არ წვიმს. შედეგად, ატაკამა ყველაზე არასტუმართმოყვარე ადგილია დედამიწის სიცოცხლის ფორმების უმეტესობისთვის. თუმცა, შარშან, პირველად ისტორიაში, ატაკამის უდაბნოს ზედაპირზე მიკრობული სიცოცხლე იპოვეს.
როგორც პოინტინგი აღნიშნავს, მარსის ზედაპირი ატაკამის უდაბნოს ზედაპირზე კიდევ უფრო მკაცრი უნდა იყოს. როცა რობოტმა ზოემ 80 სმ სიღრმეზე გათხარა, აღმოჩნდა, რომ იქ ზედაპირქვეშა სიცოცხლე უფრო მეტად ყვავის.
პოინტინგის თქმით, სიღრმის ზრდასთან ერთად, ბაქტერიულ საზოგადოებაში დომინანტი ხდება ბაქტერია, რომელსაც არსებობა შეუძლია უკიდურესად მლაშე და ტუტოვან ქანებში. 80 სმ სიღრმეზე ის ჩაანაცვლა ბაქტერიების სპეციფიკურმა ჯგუფმა, რომელიც მეთანის მეტაბოლიზმის წყალობით არსებობს.
პოინტინგის განცხადებით ეს საკმაოდ ამაღელვებელია, რადგან წარმოაჩენს, რომ ატაკამის მიწისქვეშეთი ხელსაყრელია ძლიერ სპეციალიზებულ მიკრობთათვის, რომლებსაც გადარჩენა და არსებობა შეუძლიათ მარსის მლაშე-ტუტოვან ქანებშიც. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში, დაფიქსირებულია მარსის ზედაპირიდან ამომავალი მნიშვნელოვანი ოდენობის მეთანი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შესაძლოა, იქ მეთანის მომხმარებელი ბაქტერიაც ყვაოდეს.
თუმცა, გადაჭრით ჯერ არაფრის თქმა შეიძლება. მკვლევართა ჯგუფმა, რობოტისა თუ შიშველი ხელების გამოყენებით, დანალექების ნიმუშები 90 ადგილას აიღო და დაადგინა, რომ მიკრობთა კოლონიზაცია არაერთგვაროვანია. გარდა ამისა, ყველაზე ექსტრემალური არეალები მიკრობთა მიერ კოლონიზებული არ იყო.
როგორც დანალექთა ანალიზებმა აჩვენა, ისინი დიდი ხნის წინ არის წარმოქმნილი, როცა წყალი უხვად იყო, მაგრამ გაირკვა ისიც, რომ ქანებს ბოლოს წყალი ძალიან დიდი ხნის წინ მოხვდა.
მრავალ ადგილას, მარსის ქანები სავარაუდოდ ძალიან ჰგავს ატაკამისას, უფრო მეტიც, თითქმის იგივეა. ჯგუფი იმედოვნებს, რომ წითელ პლანეტაზე ჯერ კიდევ არის სიცოცხლისათვის ხელსაყრელი რეგიონები, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ასეთი სულ რამდენიმე და ერთმანეთისგან ძალიან დაშორებული იყოს.
პოინტინგის განცხადებით, არაერთგვაროვანი ბაქტერიული კოლონიზაცია ექსტრემალური გარემოს სტრესის მანიშნებელია და ატაკამის უდაბნოს ქანების შემთხვევაში, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიცოცხლეს მისთვის ხელსაყრელი გარემოს სწორედ უკიდურესი საზღვრები უჭირავს.
მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ მარსის გარემო კიდევ უფრო ექსტრემალურია, შეგვიძლია მხოლოდ გვჯეროდეს, რომ ს არაერთგვაროვნება ასევე იქნება დამახასიათებელი მარსის ბაქტერიული კოლონიზაციისთვის.
პოინტინგის აზრით, ყველაზე საინტერესოა ბაქტერია, რომელიც მეთანის მეტაბოლიზმით არსებობს. ის ზედაპირიდან საკმაოდ დიდ სიღრმეში ბინადრობს და აქვს უნარი, გამოიყენოს სუბსტრატი (მასაზრდოებელი გარემო), რომელიც დამტკიცებულია, რომ მარსზე უხვადაა.
მავალის შემდეგი დავალება უფრო ღრმად გაბურღვაა. მარსის სამომავლო მავალები 2 მეტრ სიღრმემდე გაბურღავენ და ჯგუფი იმედოვნებს, რომ ისინი ნიმუშებს იმავე სიღრმეებიდან აიღებენ.
გარდა ამისა, ჯგუფი ასევე მსჯელობს, მარსის რომელ ნაწილში შეიძლება ჩატარდეს ბურღვითი სამუშაოები.
პოინტინგის აზრით, ამისათვის საუკეთესო ადგილია უძველეს მდინარეთა კალაპოტებში არსებული დანალექები ან ქვიშაქვიანი ქანები, რადგან ცნობილია, რომ ორივე ეს სუბსტრატი სიცოცხლისათვის ხელსაყრელია; გარდა ამისა, კოლონიზაციის ბიოხელწერებს ისინი მიკროორგანიზმთა გადაშენებიდან დიდი ხნის შემდეგაც ინახავს.
კვლევა ჟურნალ Frontiers in Microbiology-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.