ასტრონომთა ორი ჯგუფი პოტენციურ არამიწიერ ცივილიზაციებს დედამიწის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას გაუგზავნის — #1tvმეცნიერება
ასტრონომთა ორი ჯგუფი პოტენციურ არამიწიერ ცივილიზაციებს დედამიწის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას გაუგზავნის — #1tvმეცნიერება

თუ ადამიანი ველურ ბუნებაში დაიკარგება, ორი არჩევანი აქვს. ან დასახლების ძებნა უნდა დაიწყოს, ან ყველაფერი გააკეთოს, რომ სხვებმა შენიშნონ — კოცონი აანთოს ან დიდი ასოებით დაწერის „დამეხმარეთ“. დაახლოებით ასეთივე არჩევანი აქვთ იმ მეცნიერებსაც, რომლებიც ცდილობენ გაარკვიონ, არსებობს თუ არა არამიწიერი გონიერი სიცოცხლე.

უკვე 70 წელიწადზე მეტია, ასტრონომები გამუდმებით ასკანერებენ რადიო და ოპტიკურ სიგნალებს იმის იმედით, რომ ისინი შეიძლება რომელიმე არამიწიერი ცივილიზაციის მიერ იყოს გამოგზავნილი. მრავალი მეცნიერი დარწმუნებულია, რომ სიცოცხლე არსებობს ირმის ნახტომში სიცოცხლისათვის პოტენციურად ხელსაყრელი 300 მილიონზე მეტი პლანეტის უმეტესობაზე.

ასტრონომები ფიქრობენ, იმასაც, რომ არსებობს შანსი, სიცოცხლის ზოგიერთ ფორმას გონება და ტექნოლოგიები განევითარებინა. თუმცა, სხვა რომელიმე ცივილიზაციის სიგნალი ჯერ არასოდეს დაგვიფიქსირებია და ამ საიდუმლოს „დიდ სიჩუმეს“ უწოდებენ.

დიდი ხანია, გონიერი არამიწიერი სიცოცხლის ძებნა (SETI) მეცნიერების მთავარი მიმართულებაა, მაგრამ არამიწიერ ცივილიზაციებთან შეტყობინების გაგზავნა (METI) ნაკლებად გავრცელებული მიმართულებაა.

უახლოეს თვეებში, ასტრონომთა ორი ჯგუფი კოსმოსში შეტყობინებათა გაგზავნას აპირებს იმის იმედით, რომ შეძლებენ კომუნიკაციის დამყარებას ნებისმიერ იმ გონიერ სიცოცხლესთან, რომელმაც შეიძლება ეს სიგნალები დააფიქსიროს.

ასეთი მცდელობები უღრან ტყეში დაკარგულთა მიერ დანთებულ კოცონს ჰგავს იმის იმედით, რომ ვინმე მათ იპოვით. თუმცა, ზოგიერთი სვამს კითხვას, არის თუ არა საერთოდ ამის გაკეთება გონივრული.

METI-ს ისტორია

დედამიწის მიღმა სიცოცხლის პოვნის ადრეული მცდელობები ბოთლში ჩადებული წერილები იყო.

1972 წელს, NASA-მ იუპიტერისკენ გაუშვა კოსმოსური ხომალდი Pioneer 10, რომელშიც მოთავსებული იყო ფილა, ზედ გამოსახული კაცისა და ქალის ფიგურებითა და სიმბოლოებით, რომლებიც ხომალდის წარმომავლობაზე მიუთითებდა. 1977 წელს ამას მოჰყვა NASA-ს ცნობილი ოქროს ფირფიტა, რომელიც ხომალდ Voyager 1-ს გაატანეს.

ამ ხომალდმა, ისევე როგორც მისმა ტყუპისცალებმა, Pioneer 11-მა და Voyager 2-მა მზის სისტემა უკვე დატოვეს. თუმცა, კოსმოსის უსაზღვროებიდან გამომდინარე, ფანტასტიკურად მინიმალურია იმის შანსი, რომ ეს ან სხვა რომელიმე ფიზიკური ობიექტები ვინმემ იპოვოს.

ელექტრომაგნიტური რადიაცია გაცილებით უკეთესი მეთოდია.

არამიწიერი ცივილიზაციებისთვის განკუთვნილი პირველი რადიოშეტყობინებები 1974 წელს პუერტო-რიკოდან, არესიბოს ობსევატროიიდან გაუშვეს. 1-იანებისა და 0-იანების სერია მარტივ ინფორმაციას შეიცავდა კაცობრიობისა და ბიოლოგიის შესახებ და სფეროსებრ ვარსკვლავთგროვა M13-ისკენ გაუშვეს. გამომდინარე იქიდან, რომ M13 ჩვენგან 25 000 სინათლის წლით არის დაშორებული, რაიმე პასუხს ალბათ სულ მცირე 50 000 წელიწადს არ უნდა ველოდეთ.

უცხოპლანეტელთათვის მიზანმიმართულად გაგზავნილი ამ შეტყობინებების გარდა, უკვე თითქმის საუკუნეა, კოსმოსში ჟონავს სატელევიზიო და რადიომაუწყებლობის სიგნალებიც. დედამიწიდან გასულ სიგნალთა ამ მუდმივად გაფართოებულმა ბუშტმა უკვე მილიონობით ვარსკვლავს მიაღწია.

თუმცა, დიდი განსხვავებაა გიგანტური ტელესკოპიდან გაშვებულ ფოკუსირებულ რადიოტალღათა ჭავლსა და გაჟონვას შორის — მაგალითად, ნებისმიერი სატელევიზიო სიგნალი სწრაფად დაიჩრდილება დიდი აფეთქების ნარჩენი სიგნალის ფონზე, როგორც კი ის მზის სისტემას დატოვებს.

ახალი შეტყობინებების გაგზავნა

არესებოდან გაგზავნილი შეტყობინებიდან თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ, ასტრონომთა ორი საერთაშორისო ჯგუფი არამიწიერ ცივილიზაციებთან ახალ კონტაქტს ცდილობენ. ერთი ჯგუფი ახალ გიგანტურ რადიოტელესკოპს იყენებს, მეორე კი ახალ სამიზნეს არჩევს.

ერთ-ერთი ეს ახალი შეტყობინება 2023 წელს ჩინეთიდან, მსოფლიოს უდიდესი რადიოტელესკოპიდან გაიგზავნება. ამ ტელესკოპის დიამეტრი 500 მეტრია და რადიოპულსების სერიას ის ცის ფართო მონაკვეთისკენ გაუშვებს. ეს ერთჯერადი პულსები 1-იანი და 0-იანის მსგავს ციფრულ ინფორმაციას შეიცავს.

შეტყობინებას „შუქურა გალაქტიკაში“ ჰქვია და შეიცავს მარტივ რიცხვებსა და მათემატიკურ ოპერატორებს, სიცოცხლის ბიოქიმიას, ადამიანის ფორმებს, დედამიწის ადგილმდებარეობას და დროის ბეჭედს. მკვლევართა ჯგუფი შეტყობინებას ირმის ნახტომის ცენტრის სიახლოვეს მდებარე მილიონობით ვარსკვლავთა ჯგუფისკენ გზავნის, ჩვენგან დაახლოებით 10 000 – 20 000 სინათლის წლის მანძილზე.

მართალია, ეს პოტენციურ უცხოპლანეტელთა რაოდენობას ზრდის, მაგრამ რაიმე პასუხის მისაღებად დედამიწას ათობით ათას წელიწადს მოუწევს ლოდინი.

მეორე მცდელობას მხოლოდ ერთი ვარსკვლავი ჰყავს მიზანში, მაგრამ გაცილებით სწრაფი პასუხის პოტენციალით. 2022 წლის 4 ოქტომბერს, ინგლისიდან, გუნჰილის სადგურიდან სიგნალს ვარსკვლავ TRAPPIST-1-ისკენ გაუშვებენ.

ამ ვარსკვლავს შვიდი პლანეტა აქვს, რომელთაგან სამი დედამიწის მსგავსია და სასიცოცხლო ზონაში მოძრაობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათზე შეიძლება იყოს თხევადი წყალი და პოტენციურად სიცოცხლეც. TRAPPIST-1 ჩვენგან სულ რაღაც 39 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და შესაბამისად, იქ არსებული პოტენციური ცივილიზაციისგან პასუხი შეიძლება 78 წელიწადში მივიღოთ.

ეთიკური კითხვები

უცხოპლანეტელებთან კონტაქტის პერსპექტივა ეთიკურ კითხვებს აჩენს და ამ მხრივ გამონაკლისი არც მათთვის შეტყობინებათა გაგზავნაა.

პირველი კითხვაა — ვინ ლაპარაკობს დედამიწის სახელით? საზოგადოებასთან რაიმე საერთაშორისო კონსულტაციის გარეშე, იმის გადაწყვეტა, რა შეტყობინება და სად უნდა გაიგზავნოს, დაინტერესებულ მეცნიერთა მცირე ჯგუფის ხელშია.

თუმცა, არის გაცილებით ღრმა სხვა კითხვაც. თუ ტყეში დაიკარგებით, ნამდვილად კარგია, თუ გიპოვიან. როდესაც საქმე ეხება საკითხს, უნდა გაუგზავნოს თუ არა კაცობრიობამ შეტყობინება არამიწიერ ცივილიზაციებს, პასუხი გაცილებით ნაკლებად ცალსახაა.

გამოჩენილი ფიზიკოსი სტვენ ჰოკინგი სიკვდილამდე ბევრს ლაპარაკობდა უმაღლესი ტექნოლოგიების მქონე არამიწიერ ცივილიზაციებთან კონტაქტის საფრთხეზე. ჰოკინგი ირწმუნებოდა, რომ ისინი შეიძლება ბოროტები ყოფილიყვნენ და თუ დედამიწის ადგილმდებარეობას გაიგებდნენ, კაცობრიობა მოესპოთ. სხვები ასეთ რისკებს ვერ ხედავენ, რადგან ნამდვილად მოწინავე ცივილიზაციას უკვე ისედაც ეცოდინება ჩვენი არსებობის შესახებ. არსებობს ინტერესიც. რუსი-ისრაელელი მილიარდერი იური მილნერი მილიონ დოლარს დებდა არამიწიერ ცივილიზაციათათვის ახალი, ეფექტური სიგნალის გასაგზავნად.

ამ დროისათვის, არამიწიერ ცივილიზაციებთან შეტყობინების გაგზავნას (METI) რაიმე საერთაშორისო ორგანო არ არეგულირებს, შესაბამისად, შეშფოთებათა მიუხედავად, ექსპერიმენტები გრძელდება.

იქამდე კი, არამიწიერი ცივილიზაციები მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროდ რჩება. თუკი ოდესმე რეალურ ცხოვრებაში შევძლებთ მათთან კონტაქტს, იმედია, ისინი მშვიდობიანები იქნებიან.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.