აშშ-მა 200 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციაზე ტარიფები დააწესა
აშშ-მა 200 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციაზე ტარიფები დააწესა. როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი, 10%-იანი გადასახადი 24 სექტემბრიდან ამოქმედდება, 2019 წლის პირველი იანვრიდან კი ტარიფები 25%-მდე გაიზრდება.
აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფები თითქმის ექვსი ათასი სახეობის პროდუქტს შეეხება.
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ეს არის პასუხი ჩინეთის უსამართლო სავაჭრო პრაქტიკაზე. აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ჩინეთი ტექნოლოგიებისა და ინტელექტუალური საკუთრების სფეროებში არაკეთილსინდისიერ პოლიტიკას ახორციელებს, რაც ამერიკულ ეკონომიკას საფრთხეს უქმნის.
ამას გარდა, დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა იმითაც, რომ ჩინეთის ხელისუფლება უცხოურ კომპანიებს ზოგიერთ სფეროში ადგილობრივი პარტნიორების აყვანას ავალდებულებს.
„ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, თუ რა ტიპის ცვლილებების განხორციელება იყო საჭირო და ჩვენ მივეცით ჩინეთს შესაძლებლობა, მოგვქცეოდა უფრო სამართლიანად. თუმცა ჩინეთმა ამ დრომდე არ ისურვა თავისი მიდგომის შეცვლა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინეთს საპასუხო ნაბიჯების შემთხვევაში ტარიფების მესამე ეტაპის ამოქმედებით დაემუქრა, რაც 267 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციაზე ტარიფების დაწესებას გულისხმობს. ამავე დროს, ტრამპმა აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო კონფლიქტის დარეგულირების იმედი გამოთქვა.
ამჟამად უკვე მოქმედებს აშშ-ის მიერ 34 მილიონი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციაზე დაწესებული ტარიფები, რასაც პეკინმა ანალოგიური ზომებით უპასუხა.
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურნენ ჩინეთში. ვაჭრობის მინისტრის განცხადებით, აშშ-ის პროტექციონიზმი გლობალურ ეკონომიკას დააზარალებს.