ჯო ბაიდენსა და სი ძინპინს შორის ვიდეოკონფერენციის რეჟიმში შეხვედრა გაიმართა
ჯო ბაიდენსა და სი ძინპინს შორის ვიდეოკონფერენციის რეჟიმში შეხვედრა გაიმართა

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შორის ვიდეოკონფერენციის რეჟიმში შეხვედრა გაიმართა. როგორც ვირტუალური შეხვედრის დაწყებისას აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა იმის უზრუნველყოფაზე, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ღია კონფლიქტში არ გადაიზარდოს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„მე მიმაჩნია, რომ ჩვენი, როგორც ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერების პასუხისმგებლობაა, უზრუნველვყოთ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის კონკურენცია არ გადაიზარდოს კონფლიქტში, განზრახ თუ გაუთვალისწინებლად“, – განაცხადა ბაიდენმა.

თავის მხრივ, სი ძინპინმა, რომელმაც ჯო ბაიდენს „ძველი მეგობარი“ უწოდა, აღნიშნა, რომ აშშ და ჩინეთი მრავალი გამოწვევის წინაშე ერთად დგანან და უნდა გაზარდონ კომუნიკაცია და თანამშრომლობა.

ამასთანავე, ჯო ბაიდენმა მოლაპარაკებებისას ადამიანის უფლებების საკითხი წამოჭრა.

ჩინეთის ლიდერთან მოლაპარაკებები ბაიდენის ინიციატივით შედგა.

ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის განმავლობაში სი ძინპინთან მას პირისპირ შეხვედრა არ ჰქონია. უკანასკნელად მათ მოლაპარაკებები ტელეფონით სექტემბერში გამართეს.

აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობები დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას „კოვიდ-19“-ის წარმომავლობისა და სავაჭრო საკითხებზე უთანხმოების გამო გამწვავდა.