ორი ჟურნალისტის წიგნის თანახმად, გენერალი მილი, იმის შიშით, რომ დონალდ ტრამპს არჩევნებში დამარცხების შემდეგ შესაძლოა, ჩინეთთან ომის პროვოცირება მოეხდინა, ჩინელ კოლეგას საიდუმლოდ ესაუბრა
ორი ჟურნალისტის წიგნის თანახმად, გენერალი მილი, იმის შიშით, რომ დონალდ ტრამპს არჩევნებში დამარცხების შემდეგ შესაძლოა, ჩინეთთან ომის პროვოცირება მოეხდინა, ჩინელ კოლეგას საიდუმლოდ ესაუბრა

ამერიკელი გენერალი მარკ მილი, იმის შიშით, რომ დონალდ ტრამპს არჩევნებში დამარცხების შემდეგ შესაძლოა, ჩინეთთან ომის პროვოცირება მოეხდინა, ჩინელ კოლეგას ორჯერ საიდუმლოდ ესაუბრა, – ამის შესახებ ნათქვამია ლეგენდარული ჟურნალისტის, ბობ ვუდვორდისა და „ვაშინგტონ პოსტის“ ვეტერანი ჟურნალისტის, რობერტ კოსტას ერთობლივ წიგნში, სახელწოდებით „საფრთხე“. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

წიგნის თანახმად, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე და კაპიტოლიუმზე განხორციელებული შტურმის შემდეგ, აშშ-ის შტაბების ხელმძღვანელების გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი ჩინეთის არმიის გენერალს, ლი ზუოჩანს ესაუბრა.

გავრცელებული ინფორმაციით, მილი ცდილობდა, დაერწმუნებინა ჩინელი კოლეგა, რომ შეერთებული შტატები სტაბილური იყო, არ აპირებდა თავდასხმას და თუკი თავდასხმა მოხდებოდა, ის დროულად გააფრთხილებდა ჩინურ მხარეს.

მილი ასევე ესაუბრა სხვა მაღალჩინოსნებს, მათ შორის აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მაშინდელ დირექტორ ჯინა ჰასპელს და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელ პოლ ნაკასონეს, რომ საჭირო იყო ფხიზლად ყოფნა იმის ფონზე, რომ ტრამპს შეიძლება, ირაციონალურად ემოქმედა.

წიგნზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა დონალდ ტრამპმა და მას „გამოგონილი“ უწოდა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, თუ ამბავი სინამდვილეში მოხდა, მარკ მილი ღალატისთვის უნდა გასამართლდეს. „ცნობისთვის, მე არც კი მიფიქრია ჩინეთზე თავდასხმა“, – აღნიშნა ტრამპმა.

რესპუბლიკელმა სენატორმა, მარკო რუბიომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მარკ მილის თანამდებობიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდა.