არსებობს მცირე შანსი, რომ 2068 წელს დედამიწას ასტეროიდი აპოფისი დაეცეს — #1tvმეცნიერება
სასიამოვნოა იმის წარმოდგენა, რომ ჩვენი ტელესკოპებით ადვილად შეგვეძლოს დედამიწისთვის ყველა სახიფათო ასტეროიდის შემჩნევა. ხშირად ასეც ხდება და NASA მათი აფეთქების ან მიმართულების შეცვლის ტექნოლოგიებზეც მუშაობს.
თუმცა, არის ისეთი ასტეროიდებიც, რომლებსაც იქამდე ვერ ვაფიქსირებთ, ვიდრე ისინი ჩვენს პლანეტას არ გადაუფრენენ.
ჩვენთვის კარგად ცნობილი ასტეროიდების შემთხვევაშიც კი, მაინც საკმაოდ ძნელია იმის გარკვევა, რამდენად რეალურია მათი დედამიწასთან შეჯახების ალბათობა.
ასტეროიდი, სახელად 99942 აპოფისი ერთ-ერთი იმათგანია, რომლის ორბიტამაც დედამიწასთან შემაშფოთებლად ახლოს შეიძლება გაიაროს.
370 მეტრის სიგრძის ეს კოსმოსური ნამტვრევი 2004 წელს აღმოაჩინეს და მალევე მოხვდა NASA-ს სადარაჯო სიაში — იმ ასტეროიდთა ჩამონათვალში, რომლებსაც თვალი არ უნდა მოვაცილოთ. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებმა 2029 წელს ჩვენთან ახლოს მისი გავლისას დედამიწასთან შეჯახების შანსი გამორიცხეს, ამაში ასე დარწმუნებული არ არიან 2068 წელს გავლის შემთხვევაში.
მართალია, 2068 წელს აპოფისის დედამიწასთან შეჯახების ალბათობა 150 000-ში ერთია, ამ ზომის ასტეროიდის დაცემა გამოიწვევს ატომურ ბომბზე დიდ აფეთქებას; ამიტომ, საჭიროა ყველაფრის წინასწარ გათვლა.
ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების პლანეტურ მეცნიერებათა განყოფილების მიერ მომზადებულმა პრეზენტაციამ შეიძლება სიმშვიდე დაგიკარგოთ.
გასული თვის ბოლოს, ჰავაის უნივერსიტეტის ასტრონომმა დევიდ თოლენმა თავის კოლეგა დევიდ ფარნოჩიასთან ერთად წარმოადგინა კვლევა, რომელიც იანვრისა და მარტის სამ ღამეს ამ ასტეროიდზე დაკვირვების შემდეგ ჩაატარეს.
დაკვირვებათა შედეგად, მათ ასტეროიდის შესახებ წარმოუდგენლად ზუსტი ინფორმაცია შეაგროვეს; შეძლეს იარკოვსკის ეფექტის დაფიქსირებაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ასტეროიდი სითბოს გაცილებით ძლიერ ასხივებს მზისკენ მოქცეული ნახევარსფეროდან, ვიდრე დაჩრდილული გვერდიდან, რაც ასიმეტრიულ ბიძგს და შესაბამისად, მისი ორბიტის ოდნავ ცვლილებას იწვევს.
როდესაც ამ ეფექტზე ასტეროიდის მოდელთან მუშაობ, ნიშნავს იმას, რომ „2068 წლის შეჯახების სცენარი არ უნდა გამოვრიცხოთ“, — ამბობს თოლენი.
მისივე თქმით, საჭიროა, ამ ასტეროიდს ძალიან ფრთხილად დავაკვირდეთ და 2029 წლის ახლო გადაფრენა ამ მხრივ კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
2029 წლის აპრილში აპოფისი დედამიწას მართლაც ძალიან ახლოს გადაუფრენს, უფრო ახლოს, ვიდრე ზოგიერთი ჩვენი საკომუნიკაციო ხელოვნური თანამგზავრი; ეს კი მეცნიერებს მისი დეტალურად შესწავლის მნიშვნელოვან შანსს მისცემს.
ამ მოვლენამდე ცხრა წლით ადრე, აშშ-ის მთვარისა და პლანეტების ინსტიტუტმა ამ საკთხზე ვირტუალური ვორკშოპი ჩაატარა.
„ცოდნა პლანეტური თავდაცვის საქმეში პირველი ხაზია; 2029 წელს აპოფისის გადაფრენა ისეთი შესაძლებლობაა, როგორიც ათას წელიწადში ერთხელ შეიძლება მოგვეცეს“, — აცხადებს მთვარისა და პლანეტების ინსტიტუტი.
ორგანიზაცის განცხადებით, ათ წელზე ნაკლები დრო დაგვრჩა, რათა მოვემზადოთ ამ ასტეროიდზე უპრეცედენტო გაზომვების ჩასატარებლად მიწისპირა და იქნებ ადგილზე გასაგზავნი ინსტრუმენტებითაც, რადგან ის დედამიწისთვის პოტენციურად საშიშ ობიექტად ითვლება.
თუ გაგვიმართლა, იმ დროისათვის ამ ასტეროიდთან შეიძლება ისეთი მისიაც გავგზავნოთ, როგორიც NASA-ს მისიაა ასტეროიდ ბენუზე, რათა მის შესახებ ისეთი დეტალების შეგროვება შევძლოთ, რასაც მიწისპირა ტელესკოპები ვერ მოგვცემენ.
„ეს ასტეროიდი წარმოადგენს დედამიწასთან ახლომდებარე ორბიტების შეცნობისა და მათზე სწრაფი რეაგირების ჩვენების ბრწყინვალე შესაძლებლობას“, — განაცხადა კონფერენციაზე მერილენდის უნივერსიტეტის აეროკოსმოსურმა ინჟინერმა ბრენტ ბარბიმ.
იქნება ეს მისიით თუ მიწისპირა ტელესკოპებით, საჭიროა ამ ასტეროიდის დეტალურად შესწავლა, რათა ნებისმიერ სცენარს დედამიწა მომზადებული შეხვდეს.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.