335-მეტრიანი ასტეროიდი ათი წლის შემდეგ დედამიწას წარმოუდგენლად ახლოს ჩაუვლის
335-მეტრიანი ასტეროიდი ათი წლის შემდეგ დედამიწას წარმოუდგენლად ახლოს ჩაუვლის

დაახლოებით იმ მანძილზე, რაზეც დედამიწას გარს უვლიან ხელოვნური თანამგზავრები, ჩვენს პლანეტას მოზრდილი ასტეროიდი ჩაუვლის, რომელსაც შეუიარაღებელი თვალითაც დავინახავთ. ამის შესახებ ნასა იუწყება.

335 მეტრი სიგანის კლდოვანი სხეული სახელად 99942 აპოფისი ცაში მოძრავი ვარსკვლავის სახით გამოჩნდება. მოვლენა 2029 წლის 13 აპრილს მოხდება.

ასტეროიდი დედამიწას ზედაპირიდან 30 000 კმ მანძილზე ჩაუვლის. შეუიარაღებელი თვალით პირველად მასე სამხრეთ ნახევარსფეროს მცხოვრებლები დაინახავენ.

ამის შემდეგ, ასტეროიდი გადაკვეთს ცას ინდოეთის ოკეანის თავზე, გადაუფრენს აფრიკას და სულ რაღაც ერთ საათში გადაივლის ატლანტის ოკეანეს.

ნასას განცხადებით, დედამიწასთან ასე ახლოს ამ ზომის ასტეროიდის ჩავლა უიშვიათესი შემთხვევაა. სააგენტოს განცხადებით, იგივე მანძილზე არაერთხელ გაუვლია 10-20 მ სიგანის ასტეროიდებს, მაგრამ აპოფისის ზომა მათთან შედარებით საკმაოდ შთამბეჭდავია.

ამ ციურ მოვლენაზე დაკვირვებისა და სამეცნიერო შესაძლებლობათა შესახებ ნასას მეცნიერებმა რამდენიმე დღის წინ მერილენდში, პლანეტური თავდაცვის 2019 წლის კონფერენციაზე იმსჯელეს.

მკვლევართა განცხადებით, აპოფისი ცაზე წუთში დაახლოებით სავსე მთვარის სიგანის მანძილს დაფარავს და ისეთივე კაშკაშა გამოჩნდება, როგორც პატარა დათვის თანავარსკვლავედის ვარსკვლავები.

ასტრონომთა განცხადებით, 2029 წელს აპოფისის ასე მოახლოება უნიკალური სამეცნიერო შესაძლებლობაა და ასტეროიდს ისინი როგორც ოპტიკური, ისე რადარული ტელესკოპებით დააკვირდებიან.

რადარული დაკვირვებებით შესაძლებელი იქნება ზედაპირზე არსებული რამდენიმე მეტრიანი დეტალების დანახვაც.

ასტეროიდი აპოფისი ასტრონომებმა 2004 წელს აღმოაჩინეს. ორბიტის თავდაპირველმა გამოთვლამ აჩვენა, რომ 2029 წელს დედამიწასთან მისი შეჯახების შანსი 2,7 პროცენტი იქნებოდა.

თუმცა, დამატებითმა დაკვირვებებმა ეს შესაძლებლობა სრულიად გამორიცხა, მაგრამ არ უარყო, რომ აპოფისის შეჯახების უმცირესი შანსი მაინც არსებობს — მრავალი ათწლეულის შემდეგ და ისიც 1 შანსი 100 000-ში.

მკვლევართა განცხადებით, დედამიწასთან ასე მოახლოება აპოფისის ორბიტას შეცვლის, ასევე შეიცვლება მისი ბრუნვის მახასიათებლებიც და არ არის გამორიცხული, გარკვეულწილად შეიცვალოს მისი ზედაპირიც.

ასტრონომ პოლ ჩოდასის განცხადებით, აპოფისი შედის დედამიწისთვის პოტენციურად საფრთხის შემცველ ჩვენთვის ცნობილი 200 000 ასტეროიდის სიაში.

მისი თქმით, 2029 წელს მისი მოახლოება უნიკალურ ისეთ სამეცნიერო ცნობებს მოგვცემს, რომლებიც შესაძლოა, ერთ დღესაც პლანეტის დასაცავად გამოვიყენოთ.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.