ასტეროიდმა დედამიწას რეკორდულად ახლო მანძილზე ისე ჩაუარა, რომ ასტრონომებმა მისი მოახლოება ვერ შენიშნეს — #1tvმეცნიერება
ასტეროიდმა დედამიწას რეკორდულად ახლო მანძილზე ისე ჩაუარა, რომ ასტრონომებმა მისი მოახლოება ვერ შენიშნეს — #1tvმეცნიერება

რამდენიმე დღის წინ, ავტომობილის ზომის ასტეროიდმა დედამიწას 2950 კილომეტრზე ჩაუარა.

ასტეროიდთა სამეთვალყურეო კატალოგების მიხედვით, ასეთი მანძილი ყველაზე მოკლეა ამ დრომდე დაფიქსირებულთა შორის.

ზომის გამო, ეს კოსმოსური ლოდი დიდი ალბათობით არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა პლანეტის ბინადართათვის. თუმცა, მსგავსი სიახლოვე მაინც საკმაოდ შემაშფოთებელია, რადგან დედამიწასთან ჩავლამდე, ასტრონომებმა ამ ასტეროიდის არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ.

„ასტეროიდი მზის მხრიდან მოგვიახლოვდა. მისი მოსვლა ვერ შევნიშნეთ“, — ამბობს ნასას დედამიწასთან ახლომდებარე ობიექტთა კვლევის ცენტრის დირექტორი პოლ ჩოდასი.

ასტეროიდი დედამიწის თავზე გადაფრენამდე ექვსი საათით ადრე კალიფორნიის პალომარის ობსერვატორიამ დააფიქსირა.

მოვლენის რეკორდულ სიახლოვეს ჩოდასიც ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ეს მანძილი რეკორდულია, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ისეთ ასტეროიდს, რომლებიც ბოლოს პლანეტას დაეცა.

დედამიწასთან ახლომდებარე ობიექტთა (NEO) შესახებ ნასამ ჯერ არც თუ ისე ბევრი რამ იცის. ბევრი მათგანი ტელესკოპის მხედველობის ზონას საერთოდ არ კვეთს და რამდენიმე პოტენციურად საშიში ასტეროიდი მეცნიერებმა მხოლოდ ბოლო წლებშიღა შენიშნეს.

თუკი ამ ობიექტთა სამეთვალყურეო სისტემებს რომელიმე ასეთი ობიექტი გამოეპარა, არ არის გამორიცხული, დიდი მსხვერპლიც მივიღოთ.

ახლახან ჩავლილ ასტეროიდს სახელად 2020 QG უწოდეს. დედამიწასთან გავლისას ის 12 კმ/წმ, ანუ 44 000 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა.

როგორც ადრეული დაკვირვებები მიუთითებდა, ასტეროიდმა სამხრეთ ნახევარსფეროს, ანტარქტიდის სიახლოვეს გადაუფრინა. თუმცა, საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მცირე პლანეტათა ცენტრის გამოთვლების მიხედვით, ტრაექტორია ოდნავ განსხვავებულია და აჩვენებს, რომ კოსმოსურმა ლოდმა წყნარი ოკეანის თავზე, ავსტრალიის სანაპიროდან ასობით კილომეტრით აღმოსავლეთით გაიარა.

2020 QG არც ისე სახიფათო იყო. როგორც ტელესკოპებით დაკვირვებები მიუთითებს, ობიექტის სიგანე 2-დან 5,5 მეტრამდეა, ანუ დაახლოებით პატარა მანქანისა და პიკაპის ზომებს შორის. თუმცა, თუ მის შემადგენლობაში ბევრი იქნებოდა რკინა (ასტეროიდთა უმეტესობა კლდოვანია), ატმოსფეროში შემოსვლის შემთხვევაში, მისი პატარა ნამტვრევები დედამიწის ზედაპირამდეც მოაღწევდა.

ასეთი ასტეროიდი ატმოსფეროში აფეთქდებოდა და წარმოქმნიდა კაშკაშა ცეცხლოვან ბურთს; აფეთქების სიმძლავრე რამდენიმე ათეული კილოტონა ტროტილის აფეთქების ეკვივალენტი იქნებოდა.

ეს კი დაახლოებით იგივეა, რაც აშშ-ის მიერ იაპონიაში 1945 წელს ჩაგდებული ატომური ბომბის შემთხვევაში იყო. თუმცა, აფეთქებდა ცაში ზედაპირიდან 3-4 კმ სიმაღლეზე მოხდებოდა და დაახლოებით იგივე ხმა ექნებოდა, რაც ხალხით გადაჭედილი ქუჩებიდან ისმის.

მიუხედავად ამისა, ცოტა უფრო დიდ ასტეროიდს უკვე შეუძლია გარკვეული პრობლემების შექმნა.

ავიღოთ დაახლოებით 20 მეტრის სიგანის ასტეროიდი, რომელიც 2013 წლის თებერვალში რუსეთში, ჩელიაბინსკის თავზე აფეთქდა. კოსმოსურმა ლოდმა წარმოქმნა მოვლენა, სახელად სუპერბოლიდი; აფეთქების სიმძლავრე 500 კილოტონა ტროტილის ეკვივალენტი იყო და გამოიყო ჰიროსიმაში ჩამოგდებულ ატომურ ბობმზე 30-ჯერ მეტი ენერგია.

აფეთქება დედამიწის ზედაპირიდან 20 კმ სიმაღლეზე მოხდა და წარმოქმნა დარტყმითი ტალღა, რომელმაც რუსეთის ექვს ქალაქში ჩაამსხვრია ფანჯრები და დაჭრა დაახლოებით 1500 ადამიანი.

2019 წლის ივლისში, დედამიწას 72 000 კმ მანძილზე გაუარა 130-მეტრიანმა ასტეროიდმა, რომელსაც 2019 OK უწოდეს. ასტრონომებმა ის მოახლოებამდე ერთი კვირით ადრე შენიშნეს; როგორც მაშინ აღნიშნავდნენ, ასტეროიდი თითქოს არსაიდან გამოჩნდა.

ასეთი საფრთხეების გამოვლენის მიზნით, ნასა ცას გამუდმებით ასკანირებს, რადგან ამას 2005 წლიდან მოითხოვს აშშ-ის კონგრესი. ამ დროისათვის, სააგენტოს გამოვლენილი აქვს სახიფათო ასტეროიდთა (140 მეტრზე დიდი სიგანის) თითქმის 90 პროცენტი.

2019 წელს ნასამ განაცხადა, რომ აღმოჩენილია ამ ზღვარზე დიდი, სავარაუდოდ 25 000 ასტეროიდის თითქმის ნახევარი. რა თქმა უნდა, ამ რიცხვში არ შედის ისეთი პატარა კოსმოსური ლოდები, როგორიც ჩელიაბინსკის ასტეროიდი ან 2019 OK იყო.

2020 QG-ის მსგავსად მზის მხრიდან მომავალ ასტეროიდთა შემჩნევა განსაკუთრებით რთულია. ამისათვის, ნასას სპეციალური გეგმა აქვს. სააგენტომ უკვე დაიწყო მუშაობა კოსმოსურ ტელესკოპზე, რომელიც მზის მხრიდან მომდინარე ასტეროიდებსა და კომეტებს დააფიქსირებს. 2020 წლის ბიუჯეტში ამ ტელესკოპისთვის სააგენტოს 20$ მილიონი აქვს გაწერილი. დაფინანსების შენარჩუნების შემთხვევაში, ის 2025 წელს უნდა გაეშვას.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი