არჩილ თალაკვაძე -  სავაჭრო ობიექტების დაზღვევისა და სახანძრო უსაფრთხოების პრობლემების გადაჭრაზე მუშაობა მიმდინარეობს
არჩილ თალაკვაძე -  სავაჭრო ობიექტების დაზღვევისა და სახანძრო უსაფრთხოების პრობლემების გადაჭრაზე მუშაობა მიმდინარეობს

უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხანძრის შემთხვევებთან მიმართებაში ორი მთავარი პრობლემა იკვეთება, რომელიც ქონების დაზღვევას და სახანძრო უსაფრთხოებას უკავშირდება.

„იკვეთება ორი მთავარი პრობლემა, ესენია – ქონების და სავაჭრო ობიექტების დაზღვევის და ამის ვალდებულების საკითხი, ასევე, სახანძრო სისტემების განვითარება და სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტი. ორივე მიმართულებით მთავრობა, აღმასრულებელი ხელისუფლება მუშაობს და მას აქვს პარლამენტის სრული მხარდაჭერა, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში ეფექტიანად გადაიჭრას აღნიშნული ორი სისტემური საკითხი“, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, თალაკვაძის განცხადებით, ამ საკითხს პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.

„რაც შეეხება საზოგადოების და თავად მოვაჭრეების კითხვებს, მიმდინარეობს გამოძიება, ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზები და ველით, რომ ხანძრის მიზეზებზე შეკითხვებს პასუხები გაეცემა. წინა გამოძიებებზე რამდენიმე შემთხვევაში, დადგინდა მიზეზები. შეკითხვები ისმის ხოლმე კონკრეტული პირების ბრალეულობასთან დაკავშირებით, მაგრამ გამოძიების საგანი არ არის მხოლოდ ბრალეული პირის იდენტიფიცირება, არამედ მიზეზების დადგენაც. რაც მთავარია, შესაბამისი სტრუქტურების და საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის რეაგირება იყო მყისიერი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე, ბაზრობა „თერგში“ ხანძარი გუშინ ღამით, დაახლოებით 24:00 საათზე გაჩნდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერი კახა კალაძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშვილი. მღებრიშვილის ინფორმაციით, დამწვარია მინიმუმ 3000 კვ.მ. ფართობი.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.