არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ სტილია, სხვას დააბრალონ ყველაფერი, რაც თავად გააკეთეს
არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ სტილია, სხვას დააბრალონ ყველაფერი, რაც თავად გააკეთეს

„ნაციონალური მოძრაობის“ სტილია სხვას დააბრალონ ყველაფერი, რაც თავად გააკეთეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებებზე საპასუხოდ განაცხადა.

გაერთიანებული ოპოზიციის მტკიცებით, ხელისუფლებამ საარჩევნოდ ზვიად გამსახურდიას დევნაში მხილებული და 2016 წელს ჯიხაშკარის საარჩევნო უბნების დარბევისთვის ბრალდებული გია მხეიძე მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობს.

არჩილ თალაკვაძის თქმით, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე წარმომადგენელს აქვს ნებისმიერი მტკიცებულება გია მხეიძის შესახებ, უნდა მიმართონ შესაბამის ორგანოებს ან გაასაჯაროონ ფაქტები.

„ნაციონალური მოძრაობის სტილია, რომ ისინი სხვას აბრალებენ ყველაფერს, რაც თავად გააკეთეს: ადამიანების დევნა, მედიის კონტროლი, ელიტური კორუფცია, არჩევნებში უხეში ჩარევა, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დაპატიმრება და დევნა. ესაა მათი პოლიტიკური მემკვიდრეობა და მართვის სტილი. დღეს ისინი ცდილობენ, ყველაფერი გადააბრალონ ხელისუფლებას.

რაც შეეხება მხეიძესა და სხვა მოქალაქეებს, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე წარმომადგენელს აქვს მტკიცებულება ნებისმიერი ადამიანის შესახებ, უნდა მიმართონ შესაბამის ორგანოებს ან საჯარო გახადონ ფაქტები“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.