გაერთიანებულმა ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნებზე შეთანხმებულად სამოქმედოდ დეკლარაცია შეიმუშავა
გაერთიანებულმა ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნებზე შეთანხმებულად სამოქმედოდ დეკლარაცია შეიმუშავა

ოპოზიციური პარტიები კოორდინირებულად ვიმუშავებთ ყველა ოლქში, მათ შორის იქაც, სადაც ერთმანეთს კონკურენტი კანდიდატები დავუყენეთ, – ამის შესახებ ოპოზიციური პარტიების მიერ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შემუშავებულ დეკლარაციაშია ნათქვამი.

დეკლარაციის თანახმად, თითოეული ამომრჩევლის ხმის დასაცავად და საარჩევნო მანიპულაციების გამოსარიცხად ოპოზიციის კოორდინირებული მუშაობაა საჭირო.

ოპოზიციური პარტიები თანხმდებიან, რომ ერთობლივად იმუშავებენ საერთაშორისო დამკვირვებლებთანაც, რათა არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს.

„ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი ყველაფერს აკეთებს, რათა საზოგადოებაში ნიჰილიზმი დანერგოს, მოახდინოს მთელი პოლიტიკური პროცესის დისკრედიტაცია. ამ პირობებში ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, არჩევნების მიმართ საზოგადოებრივი ნდობა და მხარდაჭერა გავაძლიეროთ. არჩევნების გზით, მშვიდობიანად ხელისუფლების ცვლილება, არის ის ერთადერთი სწორი გზა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას მისცემს საშუალებას, მტკიცე ნაბიჯებით განაგრძოს სვლა დასავლური დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ. სწორედ ასეთ საზოგადოებებშია ხელისუფლების ცვლა ნორმალური მოვლენა, რომელსაც მოქალაქეების დაყოფა და ურთიერთანგარიშსწორება არ მოჰყვება.

ივანიშვილის რეჟიმის ხელში მობილიზებულია როგორც ადმინისტრაციული, ისე ფინანსური რესურსის დიდი ნაწილი, სახელმწიფო ინსტიტუტები კი საზოგადოების ნაცვლად, მმართველი გუნდის ინტერესებს ემსახურება. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი დემოკრატიული ოპოზიციის კოორდინირებული მუშაობა თითოეული ხმის დასაცავად და საარჩევნო მანიპულაციების გამოსარიცხად. ოპოზიციური პარტიები კოორდინირებულად ვიმუშავებთ ყველა ოლქში, მათ შორის იქაც, სადაც ერთმანეთს კონკურენტი კანდიდატები დავუყენეთ. პარტიების ამოცანა არა ცალკეული პოლიტიკური გემოვნების ამომრჩეველთა ხმების დაცვა, არამედ მთელი საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისა და თითოეული მოქალაქის არჩევანის დაცვა იქნება. ამ ამოცანის მისაღწევად ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლობის კონკრეტული მექანიზმების შემუშავებას.

ქვეყნის შიგნით საარჩევნო პროცესისადმი ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერისა და ხმების დაცვის მიზნით კოორდინაციასთან ერთად, ოპოზიციური პარტიები ვთანხმდებით, რომ ერთობლივად, შეთანხმებულად ვიმუშავებთ საერთაშორისო დამკვირვებლებთან, რათა არჩევნების ლეგიტიმურობის გარშემო არ გაჩნდეს კითხვის ნიშნები.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილის დამარცხებით, საქართველოში საარჩევნო მანიპულაციების მავნე ტრადიციას წერტილი უნდა დაესვას“, – ნათქვამია დეკლარაციაში.