გია ვოლსკი - გაერთიანებულ ოპოზიციას ასუსტებს ის, რომ ხელისუფლებასთან პოლიტიკური ბრძოლა სახელმწიფოსთან ბრძოლად გადააქციეს
გია ვოლსკი - გაერთიანებულ ოპოზიციას ასუსტებს ის, რომ ხელისუფლებასთან პოლიტიკური ბრძოლა სახელმწიფოსთან ბრძოლად გადააქციეს

გაერთიანებულ ოპოზიციას ორი მთავარი ნიშანი ახასიათებს – ერთი მხრივ, ამოცანა აქვთ, როგორმე რევანშის საშუალებით ხელისუფლებაში მოვიდნენ და მეორე მხრივ, აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულება აქვთ იმაზე, თუ ვის რა დოზით ეკუთვნის ხელისუფლებაში მართვის სადავეები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც „ძალა ერთობაშიას“ რიგებიდან გიორგი ვაშაძისა და თაკო ჩარკვიანის გასვლას გამოეხმაურა.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ კონკრეტული პირების გასვლა საერთო შემადგენლობიდან, ან ერთმანეთის მიმართ პრეტენზიების გამოთქმა, ჩვეულებრივი ამბავია და ამის თაობაზე განსხვავებული შეფასება არ გააჩნია.

„ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანებულ ოპოზიციას ის ასუსტებს, რომ ხელისუფლებასთან პოლიტიკური ბრძოლა სახელმწიფოსთან ბრძოლად გადააქციეს. რომელი რა მეთოდით ებრძვის სახელმწიფოს, ამაზე საერთო აზრი არსებობს, როგორც უკვე გითხარით. განსხვავებული აზრია იმის თაობაზე, თუ ვის რამდენი უნდა ჰქონდეს რევანშის პირობებში ხელისუფლების სადავე. ეს დამახასიათებელი ნიშანია გაერთიანებული ოპოზიციის. საერთო ფერხულიდან თაკო გავა თუ ნებისმიერი სხვა, ამას მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

„ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ დატოვს და ახალი პლატფორმა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ შექმნეს.

დატოვე კომენტარი