ოპოზიცია აცხადებს, რომ მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიაში ზვიად გამსახურდიას დევნაში მხილებული პირი მონაწილეობს
ოპოზიცია აცხადებს, რომ მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიაში ზვიად გამსახურდიას დევნაში მხილებული პირი მონაწილეობს

გაერთიანებული ოპოზიციის მტკიცებით, ხელისუფლებამ საარჩევნოდ ზვიად გამსახურდიას დევნაში მხილებული და 2016 წელს ჯიხაშკარის საარჩევნო უბნების დარბევისთვის ბრალდებული გია მხეიძე ჩამოიყვანა. ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა ნუგზარ წიკლაურმა და ნიკა მაჭუტაძემ ბრიფინგზე განაცხადეს. მათი თქმით, გია მხეიძის შესახებ გამსახურდიას საქმეზე შექმნილი საპარლამენტო კომისიის დასკვნაში არაერთი მოწმის ჩვენება არსებობს, სადაც გია მხეიძე ფიგურირებს.

„დღეს გია მხეიძის ჩამოყვანა ზუგდიდში მიუთითებს, რომ ხელისუფლებას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ძალადობა ადამიანის ნებაზე. მისი აქ ყოფნა მკაფიოდ მიუთითებს, რომ „ქართული ოცნების“ განცხადებები გამსახურდიას პატივისცემაზე სიყალბე და ფარისევლობაა“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

„გია მხეიძე არის დევნის უშუალო მონაწილე, რომელსაც შედეგად მოჰყვა პირველი პრეზიდენტის, დიდი ალბათობით ლიკვიდაცია“, –  აღნიშნა ნიკა მაჭუტაძემ.

ოპოზიციის ინფორმაციით, გია მხეიძე მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობს.

როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, 2016 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე უბნების დარბევის ფაქტზე ბრალდებულ გია მხეიძეს სამწლიანი პირობითი სასჯელი 2017 წლის 4 მაისს შეუფარდეს.