გიორგი ვაშაძე - უნდა გადავიდეთ ახალ ეტაპზე, როცა ხალხი ეძებს არა მესიას, არამედ გუნდს, რომელიც ქვეყანას პასუხისმგებლობით გაუძღვება
გიორგი ვაშაძე - უნდა გადავიდეთ ახალ ეტაპზე, როცა ხალხი ეძებს არა მესიას, არამედ გუნდს, რომელიც ქვეყანას პასუხისმგებლობით გაუძღვება

ჩვენ უნდა გადავიდეთ ახალ ეტაპზე, როცა ხალხი ეძებს არა ერთ მესიას, არამედ იმ გუნდს, რომელიც ქვეყანას პასუხისმგებლობით გაუძღვება, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„როცა გაერთიანებული ოპოზიცია დავაფუძნეთ, მთავარი ფუნდამენტი ეს იყო, სადაც „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ერთი ხმა აქვს, „ახალ საქართველოსაც“ და ყველა იმ სუბიექტს, რომელიც გაერთიანებულ ოპოზიციაში შედის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა, გაერთიანებული ოპოზიცია ეწოდოს კრებულს, სადაც თითოკაციანი პარტიებია შეკრებილი და, რომელსაც ერთი მონსტრი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი ჰყავს, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ მთავარი არის არა თავების თვლა, თუ რამდენი ადამიანია ამა თუ იმ პარტიაში, არამედ რა ხარისხისა და კატეგორიის ადამიანები ერთიანდებიან და ვის რა შეუძლია, საერთო საქმისთვის გააკეთოს.

„გაერთიანებულმა ოპოზიციამ შედეგი დადო. თვითმმართველობის არჩევნებზე „ნაციონალურ მოძრაობას“ 17 პროცენტი ჰქონდა, გაერთიანებულმა ოპოზიციამ კი 38 პროცენტი აიღო. უკაცრავად, მაგრამ ეს გაერთიანებულმა ოპოზიციამ გააკეთა. ვფიქრობ, ჩვენი გაერთიანებული ოპოზიციის შემადგენლობა კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს; არც პროცენტების დათვლას ვაპირებ საერთო ჯამში და არც თავების დათვლას, ვის რამდენი მხარდამჭერი ჰყავს თავის პარტიაში. იმიტომ, რომ ყველა, თუნდაც, ინტელექტუალური რესურსის მქონე ადამიანის გაერთიანებას დიდი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, არის თუ არა გაერთიანებული ოპოზიცია სინამდვილეში ერთი პარტია, რამდენიმე პატარა სატელიტით, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ეს შეფასება მისთვის და მისი მხარდამჭერებისთვის შეურაცხმყოფელია, რადგან „ახალი საქართველო“ არავის სატელიტი არ არის და მას აქვს პრეტენზია, რომ რეალური პოლიტიკოსია.

შეკითხვაზე, არის თუ არა რეალური პოლიტიკოსი მისი თანაკოალიციელი ბაჩუკი ქარდავა, სიყალბეა თუ არა იმით პოზიორობა, რომ „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ ანგარიშგასაწევი პარტიაა და არის თუ არა ეს მაყურებლის შეურაცხყოფა, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ ბაჩუკი ქარდავა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი პარტიის თავმჯდომარეა და ის ხელის წამოსარტყმელი ფიგურა არ არის.

„ბაჩუკი ქარდავას ასე ნუ წამოარტყამთ ხელს. ის არის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი პარტიის თავმჯდომარე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

როგორც გადაცემის წამყვანმა აღნიშნა, ბაჩუკი ქარდავასა და ნიკა მაჭუტაძის პარტიები, კლასიკური გაგებით, პარტიები არ არიან, რადგან ისინი არავის აზრს არ წარმოადგენენ.

გიორგი ვაშაძის თქმით, დღეს მთავარი საკითხი არის არა ის, თუ ვინ შედის გაერთიანებულ ოპოზიციაში, არამედ ის, რომ ქვეყანაში კატასტროფული გაჭირვებაა და ეს შესაცვლელია.

„ამისთვის მზად ვარ, კოალიცია გავაკეთო მათ აბსოლუტურ უმრავლესობასთან, ვინც დღეს ოპოზიციურ მაგიდასთან ზის, რადგან ვფიქრობ, დღეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უდგას ნომერ პირველი ამოცანა – ქვეყანას ჩამოვაშოროთ არაფორმალური მმართველობა, თავისი „ქართული ოცნებით“. ეს არის ჩვენი ამოცანა და ამაზე უნდა ვკონცენტრირდეთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დატოვე კომენტარი