არჩილ არველაძე - ჩვენები სტუმრად რომ მიდიოდნენ, ეუბნებოდნენ, ტყუპები არ მოიყვანოთო #1TVSPORT
არჩილ არველაძე - ჩვენები სტუმრად რომ მიდიოდნენ, ეუბნებოდნენ, ტყუპები არ მოიყვანოთო #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ ძალიან საინტერესო გამოდგა – გადაცემის სტუმარმა არჩილ არველაძემ საკუთარი კარიერიდან და პირადი ცხოვრებიდან საინტერესო დეტალები გაიხსენა.

– 1989 წელს ახლობლებმა მოტოციკლი ვიყიდეთ. ტროტუარზე მოვდიოდი, მანქანა დავინახე და უცებ დავამუხრუჭე. ისე დავსრიალდი, ჯვარედინი იოგი გავიწყვიტე. მაშინ 16 წლის ვიყავი. 8 თვე ვერ დავადგინე, რა მჭირდა. ვიხვევდი და ვთამაშობდი. მეგონა მოვირჩინე. შემთხვევით ნახა ექიმმა, ხელი დამადო და – შვილო, ჯვარედინი გაქვს გაწყვეტილიო. აღმოჩნდა, საოპერაციო ვიყავი.

– „დინამოს“ სტადიონს სასწაული აურა აქვს, ვერაფერი შეედრება. გვირაბში თავს რომ გამოყოფ, ერთი თამაში ეგ არის, მეორე – მოედნამდე მისვლა… ამას თავისი რიტუალი აქვს. გამორჩეული გოლი? ნაკრებში 38 თამაში ჩავატარე და 6 გოლი გავიტანე. სხვათა შორის, ყველა სტადიონის ერთ მხარეს მაქვს გატანილი.

– 29 წლის ასაკში ფეხბურთს თავი დავანებე, საუკეთესო ასაკია, კაცური ძალა მოგდის, გამოცდილება გიგროვდება. 26 წლამდე 4 ოპერაცია გავიკეთე, მერე სამი წელი ვიწვალე და ვითამაშე, მაგრამ ვეღარ შევძელი. ფეხი ახლაც არ მაძლევს საშუალებას, რომ ვითამაშო.

– ფეხბურთი ჩემთვის ჰაერი და წყალია – ხომ ნახე, მოედანზე რომ გავდიოდი, კინაღამ მოვეფერე. რაღაც სასწაულია. „დინამოს“ სტადიონს განსაკუთრებული ემოცია ახლავს. ეს არის ჩვენი საფეხბურთო ტაძარი, სხვა განცდაა.

– რეზი ყველაფერში ჩვენი თავია. უფროსი ძმაა. თითქმის 4 წლით უფროსი. კარგად სწავლობდა, ყოველთვის დალაგებული იყო – ტყუპები რეზისგან განსხვავებულები ვიყავით, ჩვენები სტუმრად რომ მიდიოდნენ, ეუბნებოდნენ, ეგენი არ მოიყვანოთო. მიხარია, რომ სამმა ძმამ ჯერ „დინამოში“ და მერე ნაკრებში ვითამაშეთ. ჩვენს შორის საუკეთესო კი შოთა იყო.

– შოთის გუნდის წინააღმდეგ სამჯერ ვითამაშე. ეტყობა, ჯანმრთელობით დაჩაგრული რომ ვიყავი, ამ თამაშებზე მშობლები ჩემს გუნდს გულშემატკივრობდნენ, შოთა მაინც „აიაქსშია“ და ამით არაფერი დაუშავდებაო. რეზი სულ შოთას გუნდისკენ იყო, რასაც თავისი მიზეზები აქვს.