არამიწიერი ცივილიზაციის ლაზერების საპოვნელად, გალაქტიკის ყველაზე უცნაურ ვარსკვლავს სკანირება ჩაუტარეს
არამიწიერი ცივილიზაციის ლაზერების საპოვნელად, გალაქტიკის ყველაზე უცნაურ ვარსკვლავს სკანირება ჩაუტარეს

მეცნიერებმა კიდევ ერთხელ, დეტალურად შეისწავლეს ჩვენი გალაქტიკის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ვარსკვლავი, რათა გაერკვიათ მისი სინათლის იდუმალი რყევების მიზეზი.

ამ ვარსკვლავის ოფიციალური სახელია KIC 8462852, თუმცა ხშირად, ტაბის ან ბოიაჯიანის ვარსკვლავს უწოდებენ ასტრონომ ტაბეთა ბოიაჯიანის პატივსაცემად, რომელმაც მისი კვლევა ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო. ამჯერად, მეცნიერებმა მისი სკანირება შესაძლო ლაზერული გამოსხივების დასაფიქსირებლად მოახდინეს, რომელიც შესაძლოა, არამიწიერი ცივილიზაციის მიერ იყოს წარმოქმნილი.

KIC 8462852 3,5 წლის წინ აღმოაჩინეს. თანდათან გაირკვა, რომ ის უცნაურად, შემთხვევითად ბნელდება და კვლავ ნათდება, რაც ასტრონომთათვის ნამდვილ თავსატეხად იქცა.

ჩაბნელებები იმდენად უცნაური და ცვალებადია, რომ პირველი ახსნა, რაც ბევრ ასტრონომს დაებადა, „უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურა“ იყო, რომელიც ამ სავარაუდოდ არაბუნებრივ ჩაბნელებებს უნდა იწვევდეს.

თუმცა, ასეთი მეგასტრუქტურის არსებობა იქ ამ დრომდე არ დასტურდება. შარშან ჩატარებულმა ანალიზებმა აჩვენა, რომ ზოგიერთ ტალღის სიგრძეში სინათლე უფრო მეტად იბლოკება, რაც ასე არ უნდა იყოს, თუ ვარსკვლავის სინათლის ბლოკირებას მართლაც მეგასტრუქტურა ახდენს.

სხვა ჰიპოთეზებს შორის იყო რგოლებიანი პლანეტა, რომელიც ვარსკვლავის წინ ჩაივლიდა; კომეტების გროვა; კოსმოსური ნაგავი; ვარსკვლავი პლანეტას ყლაპავს; თავად ვარსკვლავის წიაღში ხდება რაღაც და ა. შ.

თუმცა, ასტრონომები კვლევას განაგრძობენ. კალიფორნიის უნივერსიტეტის არამიწიერი ცივილიზაციების ძებნის ცენტრის მკვლევართა ჯგუფი დევიდ ლიპმენის ხელმძღვანელობით, ვარსკვლავს აქამდე შეუსწავლელი კუთხით მიუდგა.

შედეგები ძალიან საინტერესოა, მაგრამ ჯერ სხვა მეცნიერებს არ გადაუხედავთ და ამჟამად ატვირთულია რეცენზირებამდელ სერვერზე arXiv.org.

როგორც მკვლევრები წერენ, ტაბის ვარსკვლავს მათ 177 მაღალი რეზოლუციის სპექტრული ანალიზი ჩაუტარეს იმ მიზნით, რომ დაეფიქსირებინათ არამიწიერი ცივილიზაციის პოტენციური ლაზერული სიგნალები.

ლიკის ობსერვატორიის პლანეტათა მძებნელი ავტომატური ტელესკოპის მონაცემების გამოყენებით, ჯგუფი ეძებდა 24 მეგავატზე ძლიერ უწყვეტი ლაზერის სინათლეს. ეს გახლავთ სიმძლავრის ქვედა ზღვარი, რომლის დაფიქსირებაც ამ ტელესკოპს 1470 სინათლის წლის იქით შეუძლია; KIC 8462852 სწორედ ამ მანძილითაა ჩვენგან დაშორებული.

სიმძლავრის ეს დონე კაცობრიობის ტექნოლოგიათა შესაძლებლობებშიც ექცევა. შესაბამისად, თუ ამ ვარსკვლავთან მართლაც არის სულ მცირე ჩვენნაირად განვითარებული ცივილიზაცია, შეიძლება მათ ლაზერები ჰქონდეთ და ისე იყენებდნენ, რომ ჩვენ ის დავაფიქსიროთ.

ჯგუფმა ტელესკოპიდან მიღებული მონაცემები დაამუშავა. პირველ ეტაპზე მკვლევრებმა იპოვეს რამდენიმე სიგნალი, რომელიც ძალიან იმედისმომცემი ჩანდა, მაგრამ საბოლოოდ, ისინიც გამოირიცხა.

„მეორეული მრავალსაფეხურიანი ანალიზის პროცესში, პოზიტიური შედეგები გამოირიცხა. ანალიზებმა გამოავლინა ვარსკვლავის უცნაური ჩაბნელებების ტოპ-კანდიდატები, რომელთა შორის არის კოსმოსურ სხივთა დარტყმები, ვარსკვლავის რადიაციის ხაზები ან ატმოსფერულ აირთა ნათების გამოსხივების ხაზები“, — წერია კვლევაში.

შესაბამისად, უცხოპლანეტელებს კვლავ ვერ მივაგენით, რაც მოსალოდნელიც იყო. თუმცა, ეს კვლევა კიდევ ერთ მიზანს ემსახურებოდა.

კვლევამ საფუძველი ჩაუყარა ასობით იმ ობიექტთა სამომავლო მსგავს ანალიზებს, რომლებსაც პლანეტათა მძებნელი ავტომატური ტელესკოპი „ბრეიქსრუ ლისენ პროჯექთის“ ფარგლებში აკვირდება. ამ პროექტის მიზანი არამიწიერ ცივილიზაციათა პოვნაა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.