ანტარქტიდის ყინულების ქვეშ დედამიწის ხმელეთის უღრმესი კანიონი აღმოაჩინეს
ანტარქტიდის ყინულების ქვეშ დედამიწის ხმელეთის უღრმესი კანიონი აღმოაჩინეს

ანტარქტიდის მყინვარული საფარი დედამიწის უდიდესი ერთიანი ყინულის მასაა, მაგრამ რა არის მის ქვეშ — ჯერ კიდევ საიდუმლოებით არის მოცული.

დღეისათვის, ანტარქტიდის მყინვარული საფარის ნახევარზე მეტის სისქე ხმელეთიდან 5 კმ-ზე მეტია, თუმცა, გაყინული კონტინენტზე არსებობს რამდენიმე ადგილი, რომლის შესახებაც მონაცემები არ გვაქვს.

ახლახან მეცნიერებმა შექმნეს ანტარქტიდის მწვერვალებისა და ხეობების დეტალური რუკა, რომელმაც დედამიწის ყველაზე ღრმა ხმელეთის კანიონი გამოავლინა; მდებარეობს დენმენის მყინვარის ვიწრო რეგიონში.

კანიონი ზღვის დონის დაბლა 3500 მეტრამდე ჩადის; ყინულის ამ მასის ქვეშ, ხმელეთის ფსკერი ოკეანის საშუალო სიღრმის ნახევარზე დაბლაა, რვაჯერ უფრო ღრმად, ვიდრე მკვდარი ზღვის სანაპიროები, რომელიც ამჟამად დედამიწის ყველაზე დაბალი მოშიშვლებული ხმელეთია.

ანტარქტიდის წინა აეროკვლევები ძირითადად რადარებს ეფუძნებოდა და სრული სიღრმეების გაზომვა არ შეეძლო. თუმცა, ახლახან გამოქვეყნებული რუკა სახელად BedMachine ყინულებში უფრო ღრმად სწვდება, ვიდრე რომელიმე მსგავსი რუკა აქამდე.

კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრის, მეთიუ მორლინგჰემის განცხადებით, დენმენის მყინვარის საყრდენის ზონდირება აქამდეც მრავალჯერ სცადეს, მაგრამ კანიონზე ყოველი გადაფრენისას, რადარულ მონაცემებში მას ვერ აფიქსირებდნენ.

მისი თქმით, ყველაზე ღრმა წერტილი ისეა ჩამაგრებული, რომ ხეობის გვერდითა კედლების ექო შეუძლებელს ხდის მყინვარის საძირკვლიდან არეკლილი ექოს დაფიქსირებას.

BedMachine განსხვავებულია, რადგან რადარულ მონაცემებს აერთიანებს ყინულის დინებებისა და სეისმური აქტივობების შესახებ ინფორმაციასთან, რათა წარმოქმნას ანტარქტიდის ლანდშაფტის ყველაზე დეტალური სურათი ამ დრომდე.

ეს ტოპოგრაფიული რუკა აერთიანებს 1967 წლიდან დღემდე 19 სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტის მიერ ეგროვებულ მონაცემებს, რადარული ზონდირების თითქმის 1,5 მლნ კილომეტრიან ხაზს. რუკა ბევრ რამეს გვეუბნება იმის შესახებ, თუ როგორ აჩქარდება და შენელდება ანტარქტიდის ყინულებქვეშ არსებული მიწა, ასევე როგორ ჩერდება მყინვარების უკან დახევა.

მორლიგჰემის განცხადებით, წინა რუკები უფრო თავთხელ კანიონზე მიუთითებდა, მაგრამ აშკარად ჩანდა, რომ ეს შეუძლებელი იყო, რადგან მონაცემებს რაღაც აკლდა.

მართლაც, მათი ვარაუდი გამართლდა, ახალმა გაზომვებმა რამდენიმე სიურპრიზი გამოამჟღავნა. მაგალითად, აღმოჩნდა, რომ მყინვარების აღდგენისა და მხარდაჭერის ძალების ქვეშ საძირკველი წინა პროგნოზებზე ასობით მეტრით ღრმაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დათბობის პარალელურად, ყინულის ეს ფენები უკუქცევის უფრო დიდი რისკის ქვეშ არის.

სხვა კვლევების შედეგების მსგავსად, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ზღვის ყინულის უკან დახევისადმი ყველაზე მოწყვლადი რეგიონები ძირითადად განთავსებულია დასავლეთ ანტარქტიკაში, მაგალითად, ტუეიტსისა და პაინის კუნძულის მყინვარები.

თუმცა, კონტინენტის ყველა რეგიონი თანაბარი რისკის ქვეშ როდია. გაირკვა, რომ ვრცელი და სტაბილური ქედების გამო, არასტაბილურობის ყველაზე დაბალი შანსი აქვს როსის ზღვის სექტორსა და ტრანსანტარქტიკულ მთებს.

როგორც მორლინგჰემი აღნიშნავს, საბოლოო ჯამში მივიღეთ ანტარქტიდის შერეული სურათი. ზოგიერთ ზონებში ყინულის ნაკადებს შედარებით კარგად იცავს მათ ქვეშ არსებული ხმელეთის მახასიათებლები, ზოგიერთ რეტროგრადულ საძირკველს კი საფრთხეს უქმნის ზღვის ყინულოვანი საფარის არასტაბილურობა.

დენმენის უფსკრული მდებარეობს განსაკუთრებით მოუხელთებელ ადგილას. მკვლევართა განცხადებით, ზოგიერთ მყინვარს 50 კილომეტრიანი უკუქცევა სჭირდება, რათა ის რეტროგრადულ საძირკველს მისწვდეს, მაგრამ ამ მყინვარის შემთხვევაში, ეს მანძილი უფრო ნაკლებია. გარდა ამისა, აღმოსავლეთ ანტარქტიდის ეს სექტორი საკმაოდ მოწყვლადია ზღვის დონის 1,5 მეტრით მატების წინაშე.

ასეთ კვლევებს და პროგნოზებიდან გაურკვევლობების გამორიცხვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თუკი გვსურს ნამდვილად ვიცოდეთ, რა როლს შეიტანს ანტარქტიდის ყინულების დნობა ზღვის დონის მატებაში კლიმატის კრიზისის დროს.

წლის დასაწყისში მეცნიერებმა გააკეთეს პროგნოზი, თუ რამდენით მოიმატებს ზღვის დონე მხოლოდ დასავლეთ ანტარქტიკის მყინვარული საფარის კოლაფსის შემთხვევაში. ახლა კი ისინი აცხადებენ, რომ ამ რეგიონის დნობა ზღვის დონეს კიდევ სამი მეტრით აწევს.

დედამიწის ისტორიაში ბოლოს, როცა ნახშირბადის დონემ ატმოსფეროში მილიონზე 400 მილიონ ნაწილაკს გადააჭარბა (ამჟამად უკვე არის 415 ნაწილაკი), გადნა ანტარქტიდის მყინვარული საფარის მესამედი, რამაც ზღვის დონის 20 მეტრით აწევა გამოიწვია.

1992 წლიდან დღემდე, ანტარქტიდამ უკვე დაკარგა 3 ტრილიონი ტონა ყინული; სამწუხაროდ, დნობის მაჩვენებელი წლიდან წლამდე იმატებს.

შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია იმის გარკვევა, თუ რა არის კონტინენტის მყინვარულ საფარქვეშ.

კვლევა ჟურნალ Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.uci.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი