ანტარქტიდაზე გაჩენილი იდუმალი, უზარმაზარი ხვრელის საიდუმლო ამოხსნილია
ანტარქტიდაზე გაჩენილი იდუმალი, უზარმაზარი ხვრელის საიდუმლო ამოხსნილია

1970-იანი წლების დასაწყისში, როდესაც თანამგზავრებმა პირველად დაიწყეს დედამიწისთვის ფოტოების გადაღება, ანტარქტიდაზე, ლაზარევის ზღვაში მოტივტივე ერთ-ერთ სეზონური ყინულის გროვაში იდუმალი ხვრელი შენიშნეს. ზაფხულის დადგომისთანავე ხვრელი გაქრა, მაგრამ ეს უცნაური მოვლენა მას შემდეგ აუხსნელი დარჩა.

წელიწად-ნახევრის წინ, კონტინენტის ყველაზე ცივი ზამთრის თვეებში, როცა ყინულის სისქე უნდა გაიზარდოს, ყინულის იმავე გროვაზე კვლავ გამოჩნდა უზარმაზარი, 9500 კვადრატულ კილომეტრიანი ხვრელი. ორი თვის შემდეგ, ის 740 პროცენტით გაიზარდა, ზაფხულში კი ყინული როგორც წესი, გადნა.

მართალია ათწლეულები დასჭირდათ, მაგრამ მეცნიერები ფიქრობენ, რომ ბოლოსდაბოლოს გაარკვიეს მიზეზი, რის გამოც ეს უცნაური მოვლენა ხდება. თანამგზავრული დაკვირვებებისა და მონაცემთა ხელახალი ანალიზის შედეგად, აბუ-დაბის ნიუ-იორკის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს ხანმოკლე ხვრელები, რომლებსაც პოლინიას უწოდებენ, ციკლონური შტორმების შედეგად წარმოიქმნება.

2017 წლის სექტემბერში, სამხრეთ პოლუსთან ერთმანეთს შეეჯახა თბილი და ცივი ჰაერის მასები. როგორც ავტორები განმარტავენ, ციკლონის მგრგვინავი ქარების სიჩქარე იქ 117 კმ/სთ იყო, რამაც 16 მეტრის სიმაღლის ტალღები წარმოქმნა და ანტარქტიდის ყინულის ეს გროვა ყველა მიმართულებიდან გადარეცხა შტორმის „თვალიდან“, დაახლოებით ის, თითქოს ქვემოთ წყალს ბურღავდა.

რაც არ უნდა დრამატულად ჩანდეს თანამგზავრულ ფოტოებზე, პოლინიას შედეგები ყოველთვის ცუდი არ არის. სინამდვილეში, ყინულში გაჩენილი ეს ხვრელები შეიძლება, საკმაოდ მნიშვნელოვანიც იყოს. ისინი ერთგვარი კარის როლს ასრულებს ოკეანესა და ცას შორის და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ბილიკებს წარმოქმნიან ველური ბუნების წარმომადგენელთათვის, მათ შორის სელაპებისა და პინგვინებისათვის; გარდა ამისა, ქმნიან სასიცოცხლო გარემოს ფიტოპლანქტონისთვის.

ამ ხვრელებს ასევე უზარმაზარი გავლენა აქვს ატმოსფეროზე და წარმოადგენს კლიმატის ცვლილების პოტენციურ ინდიკატორს.

კვლევის ავტორის, ატმოსფეროს მეცნიერის, დაიანა ფრანცისის განცხადებით, გახსნის შემდეგ, ასეთი ხვრელი (პოლინია) ზღვის ყინულში გახსნილი ფანჯრის როლს ასრულებს და ზამთრის დროს უზარმაზარი ოდენობის ენერგიას ატარებს ოკეანესა და ატმოსფეროს შორის.

დიდი ზომის გამო, შუა ზღვაში გაჩენილი პოლინიები გავლენას ახდენენ რეგიონულ და გლობალურ კლიმატზე, რადგან ცვლიან ოკეანურ ცირკულაციას.

ეს მომენტი კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გამომდინარე იქიდან, რომ პიოლინიები ყოველთვის ავბედითი არ არის, მათ შეიძლება აბსოლუტური ეფექტი ჰქონდეთ კლიმატზე, რასაც მეცნიერები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ დედამიწაზე ამჟამად მიმდინარე გლობალური დათბობის გამო.

დიდი ოდენობით გაჩენილ ასეთ ხვრელებს შეუძლია გამოიწვიოს ცდომილება ჩვენს კლიმატურ მოდელებში.

ამის მიზეზი ის არის, რომ ისინი გავლენას ახდენენ კლიმატზე ადგილობრივად, რეგიონულად და შესაძლოა, გლობალურადაც, რადგან ცვლიან ცირკულაციას მათ ქვეშ არსებულ ოკეანეში.

მათ შორის არის გავლენა რეგიონულ ატმოსფერულ ცირკულაციაზე, გლობალურ გადატრიალებულ ცირკულაციაზე, ანტარქტიკის ღრმა და ფსკერის წყლის თვისებებზე და ოკეანის მიერ ნახშირბადის შთანთქმაზე.

ასეთი ხვრელების უფრო ხშირად გაჩენის შანსი საკმაოდ მაღალია. როგორც წინა კვლევა მიუთითებს, გამთბარი კლიმატის პირობებში, ციკლონური აქტივობა დედამიწის პოლუსებთან მხოლოდ და მხოლოდ გაძლიერდება, ექსტრატროპიკული ციკლონები კი თანდათან უფრო და უფრო მიუახლოვდება ანტარქტიდას.

კვლევა Journal of Geophysical Research: Atmospheres-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceDaily-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.