ანტარქტიდის ქვეშ უძველესი ქანების სტრუქტურა აღმოაჩინეს, რომელიც მყინვარის დნობას აკონტროლებს
ანტარქტიდის ქვეშ უძველესი ქანების სტრუქტურა აღმოაჩინეს, რომელიც მყინვარის დნობას აკონტროლებს

ანტარქტიდის გაყინული, უდაბური მიწების სიღრმეში მეცნიერებმა უძველესი ტექტონიკური ფილის სტრუქტურები აღმოაჩინეს, რომლებსაც უდიდესი გავლენა აქვს კონტინენტის მყინვარული საფარის დნობის ხასიათზე.

ეს დამალული ქანი იქ უკვე ასობით მილიონი წელია ადგილზე და აკონტროლებს წყლის დინებას გიგანტური როსის შელფური მყინვარის ირგვლივ. ეს მყინვარი ამჟამად კრიტიკულად მნიშვნელოვანი ბუფერია, რომელიც ანტარქტიდიდან ოკეანეში კიდევ უფრო მეტი ყინულის შეცურებას უშლის ხელს.

აღნიშნული ქანი მკვლევრებმა სკანირების სპეციალური სისტემა IcePod-ით ჩატარებული დაკვირვებებით დააფიქსირეს. ეს სისტემა ზომავს ყინულის სიმაღლეს, სისქეს, შიდა სტრუქტურას და მის ქვეშ არსებული ქანების მაგნიტურ და გრავიტაციულ სიგნალებს.

IcePod-ს შეუძლია ჩაიხედოს ყინულის სიღრმეში ასობით მეტრზე და დააფიქსიროს მის ქვეშ მდებარე ქანები, რომელთა დანახვაც თანამგზავრებს არ შეუძლია.

როგორც მეცნიერები ახლახან გამოქვეყნებულ კვლევაში იუწყებიან, აღმოსავლეთ და დასავლეთ ანტარქტიდას შორის გამავალმა გეოლოგიურმა საზღვარმა კონტინენტის ქვეშ წარმოქმნა მონაკვეთი, რომელიც როსის შელფურ მყინვარს თბილი წყლებისა და გადნობისგან იცავს.

კოლუმბიის უნივერსიტეტის საზღვაო გეოლოგის, კირსტი ტინტოს განცხადებით, გეოლოგიურმა საზღვარმა აღმოსავლეთ ანტარქტიდის მხარეს ზღვის ფსკერი დასავლეთისაზე უფრო ღრმა გახადა. ეს ფაქტი კი გავლენას ახდენს მყინვარული საფარის ქვეშ ოკეანის წყლის ცირკულაციაზე.

როსის შელფური მყინვარი ოკეანეში შეცურებისგან იცავს ანტარქტიდის ხმელეთის ყინულის დაახლოებით 20 პროცენტს, ანუ, გლობალური ზღვის დონეს იცავს 11,6 მეტრით აწევისგან.

შეგროვებული გეოლოგიური მონაცემებისა და კომპიუტერული მოდელირების გამოყენებით, მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ ტექტონიკური გამყოფი ხაზი თბილ წყალს აჩერებს, რომ ვეღარ მისწვდეს მყინვარული საფარის ხმელეთის ხაზს, სადაც ის ზღვის ფსკერს უერთდება.

ამავე დროს, როსის შელფური მყინვარის ქვეშ არსებულ გეოლოგიურ ფორმაციებს შეუძლია ზაფხულის თვეებში დააჩქაროს აღმოსავლეთ კიდის დნობა. ამის მიზეზი ნაწილობრივ არის ღია წყლების რეგიონი, რომელსაც როსის შელფურ პოლინიას უწოდებენ.

მკვლევართა განცხადებით, დადგინდა, რომ როსის შელფური მყინვარის ყინულის დანაკარგები და მომიჯნავე ხმელეთის მყინვარის დინება მგრძნობიარეა ყინულის წინა ნაწილში მიმდინარე ცვლილებათა პროცესებისადმი, მაგალითად, თბილი ზაფხულის დროს.

ანტარქტიდის ყინულების სამომავლო დნობის ხასიათისა და დანარჩენ პლანეტაზე მისი გავლენის განსაზღვრა მოითხოვს დეტალურ მონაცემებს. თანაც, ეს მონაცემები უნდა იყოს არა მხოლოდ ადგილობრივი, მოკლევადიანი, არამედ უნდა მოიცავდეს ღრმა თბილ წყლებში მიმდინარე გრძელვადიან ცვლილებებსაც.

სწორედ ამას ემსახურება პროექტი ROSETTA-Ice Project. მის ფარგლებში მიმდინარეობს როსის შელფური მყინვარის დნობის ხასიათის განსაზღვრა. ეს მყინვარი კი მართლაც უზარმაზარია, მოიცავს 480 000 კვადრატულ კილომეტრს, ანუ საფრანგეთის ზომის ტერიტორიას.

კვლევა ჟურნალ Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია columbia.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.