ანდრეს მამიკინსი - საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, ევროპული ოჯახის და ევროპული კულტურის ნაწილი
მაქვს დიდი იმედი, რომ ევროპელი ლიდერები გაითვალისწინებენ იმ რეზოლუციას, რომელსაც ევროპარლამენტი მიიღებს და უფრო მეტი, იხელმძღვანელებენ იმ სულისკვეთებით, რაც ჩვენ გვაქვს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის მომხსენებელმა ანდრეს მამიკინსმა პირველ არხს განუცხადა.
როგორც ანდრეს მამიკინსმა განაცხადა, საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, ევროპული ოჯახის და ევროპული კულტურის ნაწილი.
“ვამაყობ, რომ ჩვენ არ გვაქვს ისეთ პრობლემები საქართველოსთან, როგორიც მაგალითად უკრაინასთან. ვამაყობ და ბედნიერი ვარ იმით, რომ საქართველო სწორ გზაზეა და რეფორმებს აგრძელებს. უნდა გავაღრმავოთ საქართველოსთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები. ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა და მიზანი. ევროკომისიის პრეზიდენტთან არაოფიციალური შეხვედრა გვქონდა. ჩემმა კოლეგამ ჟან კლოდ იუნკერთან ევროკავშირში საქართველოს წევრობაზე დააყენა საკითხი. ევროკომისიის პრეზიდენტმა გვითხრა, რომ ეს მისი პრეზიდენტობის ვადაში შეუძლებელია. მინდა გითხრათ, რომ პოლიტიკური ვითარება მუდმივად იცვლება. ჩვენ გვეყოლება ევროკომისიის ახალი პრეზიდენტი”, – განაცხდა ანდრეს მამიკინსმა.
ევროპარლამენტარი დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი.
“აღმოსავლეთ პარტნიორობა არ უნდა იყოს მხოლოდ საუბარი. ეს უნდა იყოს პრაქტიკული ინსტრუმენტებით დატვირთული ინიციატივა.ჩვენ საქართველოსთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა, ვაჭრობა დამატებითი გადასახადების გარეშე და ეს ნიშნავს, რომ საქართველო უკვე არის ევროკავშირის ეკონომიკური სივრცის ნაწილი, მაგრამ პოლიტიკური კუთხით, ამ სივრცის ნაწილი საქართველო ჯერ არ არის. საბანკო კავშირი, საბაჟო კავშირი, შენგენის ზონა – ეს სამომავლოდ შესაძლებელია . როდის? კონკრეტული პასუხი ჯერ არ არის. ვფიქრობ. რომ ეს ტექნიკური საკითხებია, ვიდრე პოლიტიკური. ევროკავშირის კარი ფართოდაა ღია – ეს არის ორგანიზაციის ფილოსოფია. ამ ღია კარში შესვლას ჯერ ბალკანეთის ქვეყნები ელოდებიან. ევროკავშირშია კრიზისია და ეს კრიზისი ყველაფერზე გავლენას ახდენს”, – განაცხადა მამიკინსმა.