ევროკავშირის ასოცირების ძალისხმევა - ევროპარლამენტის წევრები აქებენ საქართველოს და აკრიტიკებენ მოლდოვას
ევროკავშირის ასოცირების ძალისხმევა - ევროპარლამენტის წევრები აქებენ საქართველოს და აკრიტიკებენ მოლდოვას

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აცხადებენ, რომ მოლდოვა დემოკრატიულ სტანდარტებსა და კანონის უზენაესობის მხრივ უკუსვლას განიცდის, – ამის შესახებ ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ევროპარლამენტის კომიტეტის წევრებმა მოლდოვასთან და საქართველოსთან ორი წლის წინ ამოქმედებული ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულება შეაჯამეს და გამოყვეს ის სფეროები, რომლებშიც ამ ქვეყნებს ევროკავშირთან უფრო მეტად დასაახლოებლად დამატებითი ძალისხმევა სჭირდებათ.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები მიესლამებიან საქართველოს რეფორმების მდგრად კურსს, რომელიც ქვეყანას რეგიონში ევროკავშირის მთავარ პარტნიორად აქცევს. ისინი აღნიშნავენ, რომ ევროკავშირი ახლა საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უმსხვილესი წყაროა. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გააგრძელოს სტაბილურობის, დემოკრატიული რეფორმებისა და ქართველებისთვის ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესების უზრუნველყოფა. ისინი აღნიშნავენ, რომ მაღალი დონის კორუფცია, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და მედიაკონტენტის დეპოლიტიზაცია შეშფოთების მთავარ სფეროებად რჩება.

რეზოლუციაში ასევე მწუხარებით არის აღნიშნული, რომ 10 წლის შემდეგაც, რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. ევროპარლამენტის წევრები ადასტურებენ საქარველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი უდრეკ მხარდაჭერას და ხაზს უსვამენ საქართველოს მოქალაქეებთან აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელშესახები სარგებლისა და მიზნების შესახებ აქტიური კომუნიკაციის მნიშვნელობას.

„საქართველოს აქვს მკაფიო მისწრაფება, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და ევროპულ დღის წესრიგზე პარტიებს შორის კონსენსუსი ძალიან მნიშვნელოვანია. ასოცირების შეთანხმების შესრულება კარგად მიდის. ჩვენ ასევე ვხედავთ პოზიტიურ დინამიკას უვიზო რეჟიმთან და ევროკავშირსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების საკითხზე დიალოგთან დაკავშირებით. ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ ბევრი საკითხია, რომელზეც საქართველომ ყურადღება უნდა გაამახვილოს, მათ შორის, დასაქმებულთა უფლებები, ეკონომიკური ემიგრაცია, მაღალი დონის კორუფცია, სამართალდამცველების მხრიდან დარღვევები, გენდერული თანასწორობა და ბავშვთა უფლებები. ევროკავშირი და ევროპარლამენტი შეინარჩუნებს ჩართულობას და მხარდაჭერას საქართველოს მიმართ მის ამბიციურ გზაზე“, – განაცხადა მომხსენებელმა საქართველოს საკითხზე ანდრეს მამიკინსმა.

დღეს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 43 ხმით, შვიდის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუციას. აღნიშნულ რეზოლუციას ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე ნოემბერში უყრიან კენჭს.

რაც შეეხება მოლდოვას, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მოლდოვის მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა 31 ხმით ხუთის წინააღმდეგ, 17-მა დეპუტატმა თავი შეიკავა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოლდოვისთვის რეფორმების განხორციელება მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს. ევროპარლამენტის წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ ქვეყანა უკუსვლას განიცდის დემოკრატიულ სტანდარტებთან, კანონის უზენაესობასთან, სამაღთლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებასთან, მიუკერძოებელ სასამართლოსთან, კორუფციისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევასთან დაკავშირებით.

„მოლდოვა შეპყრობილია ოლიგარქიული ინტერესებით და ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლება კონცენტრირებულია ადამიანების მცირე ჯგუფის ხელში, რომლებსაც აქვთ გავლენა მთავრობაზე, პარლამენტზე, პოლიტიკურ პარტიებზე, სახელმწიფო ადმინისტრაციაზე, პოლიციაზე, სასამართლოზე, მედიაზე“, – ნათქვამია დოკუმენტში.