გიული ალასანია - ევროპარლამენტარები, პირველ რიგში, მხარს უჭერენ ქვეყანას, მაგრამ მხარს უჭერენ ჩემს შვილს, რაც ძალიან მახარებს
გიული ალასანია - ევროპარლამენტარები, პირველ რიგში, მხარს უჭერენ ქვეყანას, მაგრამ მხარს უჭერენ ჩემს შვილს, რაც ძალიან მახარებს

ჩემთვის მნიშვნელოვანია ევროპარლამენტის დასკვნა. ისინი, პირველ რიგში, მხარს უჭერენ ქვეყანას, მაგრამ მხარს უჭერენ ჩემს შვილს, რაც ძალიან მახარებს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა სტრასბურგში, სადაც ევროპარლამენტის სესიას ესწრებოდა.

გიული ალასანიას თქმით, ევროპარლამენტში ადამიანები ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ.

„უკვე რამდენი რეზოლუცია არის მიღებული პერსონალურად ჩემს შვილთან დაკავშირებით, მის თავისუფლებაზე. „ევროპის სახალხო პარტიისგანაც“ იყო, ევროსაბჭოსგან. ასე რომ, ადამიანები ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ, ბევრს მუშაობენ. მათ მარტო ევროპაზე ხომ არ აქვთ პასუხისმგებლობა, მთელ მსოფლიოზე აქვთ. დღეს ხომ დავინახეთ, როგორი ფართო იყო მათი განხილვის თემატიკა. მიუხედავად იმისა, რომ მათი დღის წესრიგი გადატვირთული იყო, საქართველოს მაინც საგანგებოდ დიდი ყურადღება მიექცა. დღევანდელ დღეს უძღოდა დებატები. საბოლოოდ, მიიღეს დასკვნა, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, მხარს უჭერენ ქვეყანას, სახელმწიფოს, მაგრამ მხარს უჭერენ ჩემს შვილს და ეს ფაქტი ძალიან მახარებს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა.