ანდრეს მამიკინსი - საქართველოს ევროპარლამენტში დიდი მხარდაჭერა აქვს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია
ანდრეს მამიკინსი - საქართველოს ევროპარლამენტში დიდი მხარდაჭერა აქვს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია

ევროპარლამენტის დეპუტატი ანდრეს მამიკინსი აცხადებს, რომ საქართველოს ევროპარლამენტში დიდი მხარდაჭერა აქვს. მისი თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

„ბედნიერი ვარ, რომ მივაღწიეთ ფართო კომპრომისს საქართველოზე. საქართველოს ევროპარლამენტში დიდი მხარდაჭერა აქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ძალიან საინტერესო დებატები გვექნება და ეს არის მნიშვნელოვანი არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ევროპარლამენტისთვის.

ეს არის ძალიან კარგი და დაბალანსებული ტექსტი. პოლიტიკური ჯგუფების სახელით წარმოდგენილია რვა შესწორება და დაველოდოთ მათ. მე ტექსტით კმაყოფილი და ბედნიერი ვარ. წარმატებას ვუსურვებ საქართველოს და ქართველ ხალხს. თქვენი დიდი გულშემატკივარი ვარ.

ჩვენ ვსაუბრობთ წარმატებებზეც, წინსვლაზეც და იმ სფეროებზეც, სადაც რეფორმების გაგრძელებაა საჭირო. ვერ ვიტყვი, რომ პრობლემებია, მაგრამ ეს არის ის სფეროები, სადაც საქართველოს სამუშაო აქვს. ეს არის შრომითი უფლებები, შრომითი უსაფრთხოება, მართლმსაჯულების სისტემა, პროკურატურა. რეფორმები უნდა გაგრძელდეს“, – აღნიშნა ანდრეს მამიკინსმა პირველ არხთან საუბრისას.

მისივე თქმით, ევროპარლამენტი საქართველოს ეხმარება და რეფორმების გზაზე აქვს დიდი მხარდაჭერა.

„პარლამენტი მიესალმება საქართველოს ძალისხმევას, მშვიდობიანი გზებით აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ევროპარლამენტი მიესალმება სამშვიდობო გეგმებს და რუსეთთან დიალოგის იმ ფორმატებს, რომლებიც წლებია, მიმდინარეობს. ვგულისხმობ ჟენევის მოლაპარაკებებს და აბაშიძე-კარასინის შეხვედრებს პრაღაში.

ვიცით, რომ ძალიან რთულია და ძნელია რუსეთთან დიალოგი, ხშირად შეუძლებელიც, ამიტომაც მივესალმებით თქვენს ძალისხმევას. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ინარჩუნებს ამ ფორმატს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ანდრეს მამიკინსმა.

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე დღეს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშს განიხილავენ. ანგარიშის ავტორი ევროპარლამენტის დეპუტატი ანდრეს მამიკინსია. ანგარიშში შეფასებულია საქართველოსთან ასოცირების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების შესრულების დონე.