ანდრეს მამიკინსი - ჩემი ქართული ოცნებაა, საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს
ანდრეს მამიკინსი - ჩემი ქართული ოცნებაა, საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს

ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს, გვსურს, საქართველო ჩვენი ეკონომიკური სივრცისა და  ევროკავშირის წევრად ვიხილოთ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრეს მამიკინსმა პირველ არხს განუცხადა.

„შესწორებების წარდგენის შემდეგ უკვე დავიწყებთ მუშაობას კომპრომისულ ვარიანტზე. მე ვარ დარწმუნებული, რომ ეს ანგარიში იქნება მთავარი და მკაფიო გზავნილი ევროპისთვის, მსოფლიოსთვის. ეს იქნება დასტური,  რომ ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს. გვსურს, საქართველო ჩვენი ეკონომიკური სივრცის და ადრე თუ გვიან ევროკავშირის წევრად ვიხილოთ. თქვენ ვერ იპოვით ერთ სიტყვასაც კი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის შესახებ. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, რომ ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს”, – განაცხადა მამიკინსმა.

რაც შეეხება ანგარიშში შესწორებების ვარიანტს, მამიკინსი აცხადებს, რომ რთულია წინასწარ იმის თქმა, როგორი იქნება ანგარიშის საბოლოო ვარიანტი.

მამიკინსი დარწმუნებულია, რომ ევროპარლამენტში მხარს დაუჭერენ.

ამასთან, ანდრეს მამიკინსი გამოეხმაურა საქართველოს ოპოზიციური პარტიების წევრების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს.

„კანდელაკის მოსაზრებების მიმართ პატივისცემის მიუხედავად, მე არც ვარ არც ასადის პრესცენტრი და არც პუტინის მეგობარი. მე კანდელაკთან და ჩემს კოლეგებთან ყოველთვის ძალიან გულახდილი საუბარი მქონდა და ასე იყო ივლისში შეხვედრისას. ძალიან პოზიტიური საუბარი გვქონდა. უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ანგარიშზე მუშაობა ახლა იწყება. როგორც აღვნიშნე, ვიწყებთ ყველა პოლიტიკური ჯგუფის ჩართულობით ევროპარლამენტში კომპრომისულ ვარიანტზე მუშაობას. მირჩევნია, რომ კანდელაკს პირადად ვესაუბრო. ჩემი ქართული ოცნებაა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. ვფიქრობ, რომ დასავლეთ ბალკანეთის შემდეგ საქართველო გახდება ევროკავშირის ნაწილი. ბევრი რამ წამიკითხავს გრიგოლ ვაშაძის შესახებ და პოზიტიურად ვფიქრობ მასზე. თუ მოიგებს საპრეზიდენტო არჩევნებს, მაშინ მე ვიქნები პირველი პოლიტიკოსი ევროპარლამენტიდან, ვინც დაურეკავს და მიულოცავს. მე მზად ვარ და ღია ყველასთან შესახვედრად. ჩემი მეგობარია საქართველო”, – განაცხადა მამიკინსმა.

ამასთან, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა მამიკინსის შესახებ მწვავე განცხადებები გააკეთეს. „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა მამიკინსი რუსეთის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა. გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მამიკინსის მომზადებულ ანგარიშს სუსტი უწოდა და მასში საქართველოს მიმართ კრიტიკული შესწორებების შეტანა მოითხოვა.

სერგი კაპანაძემ კი, აღნიშნა – “ანდრეს მამიკინსი პირდაპირ არის შემჩნეული ლატვიის უსაფრთხოების სამსახურების მიერ ისეთ ქმედებაში, როგორიც არის მაგალითად ბატონ ასადთან შეხვედრა. ასადი ვინ არის, რა გააკეთა ბოლოს საქართველოსთვის, ესეც კარგად უნდა გესმოდეთ”.

ევროპარლამენტარმა ანდრეს მამიკინსმა ოპოზიციის ბრალდებებთან დაკავშირებით ბრიუსელში კომენტარი პირველ არხთან გააკეთა. „ქართველები ჩემი მეგობრები არიან. მე თქვენ გგულშემატკივრობთ და თქვენს ევროპულ მომავალს ვგულშემატკივრობ“, – განაცხადა მამიკინსმა.