ანდერს ფოგ რასმუსენი - დიდი შეცდომა იყო, რომ უკრაინასა და საქართველოს არ მივეცით MAP-ი, განსაკუთრებით საფრანგეთი და გერმანია იყვნენ წინააღმდეგი, ამ შეცდომით პუტინს გავუგზავნეთ სიგნალი ნატო-ში განხეთქილებაზე
ანდერს ფოგ რასმუსენი - დიდი შეცდომა იყო, რომ უკრაინასა და საქართველოს არ მივეცით MAP-ი, განსაკუთრებით საფრანგეთი და გერმანია იყვნენ წინააღმდეგი, ამ შეცდომით პუტინს გავუგზავნეთ სიგნალი ნატო-ში განხეთქილებაზე

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი მიიჩნევს, რომ შეცდომა იყო, როცა საქართველოსა და უკრაინას ნატო-მ არ მიანიჭა წევრობის სამოქმედო გეგმა.

მისი თქმით, უკრაინისა და საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებას განსაკუთრებით საფრანგეთი და გერმანია ეწინააღმდეგებოდნენ.

რასმუსენის განმარტებით, ეს იყო მთავარი შეცდომა, რადგან მაშინ პუტინს გაუგზავნეს სიგნალი ნატო-ში განხეთქილების თაობაზე.

„მიმაჩნია, რომ დიდი შეცდომა იყო, როდესაც ჩვენ უკრაინასა და საქართველოს არ მივეცით სტატუსი, ტექნიკური ენით კი წევრობის სამოქმედო გეგმა. ჩვენ ნატო-ში ვერ შევთანხმდით. მე ვიყავი მომხრე, აშშ-ის პრეზიდენტი იყო მომხრე, მაგრამ განსაკუთრებით საფრანგეთი და გერმანია ეწინააღმდეგებოდნენ უკრაინისა და საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებას. ასე, რომ ჩვენ ვერ შევძელით და ვერ მოვახერხეთ. ამის ნაცვლად, რეალურად გადავწყვიტეთ, რომ უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები გახდებიან. ეს საკმაოდ ძლიერი განცხადებაა, მაგრამ პუტინი განრისხდა და 2008 წელს, ბუქარესტში ჩვენი სამიტიდან ოთხი თვის შემდეგ, საკვანძო გზავნილი გაგზავნა, როდესაც საქართველოს შეუტია და მოახდინა ამ ქვეყნის რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ოკუპირება. ვფიქრობ, ეს იყო მთავარი შეცდომა, რადგან პუტინს გავუგზავნეთ სიგნალი ნატო-ში განხეთქილების თაობაზე. ეს უნდა ყოფილიყო ისტორიიდან მიღებული გაკვეთილი და 2014 წელს მთელი ეს ისტორია განმეორდა, როდესაც მან ყირიმი წაიღო. ჩვენ კიდევ ერთხელ ვუპასუხეთ ყოყმანით, რბილად, მივიღეთ სანქციები, მაგრამ ეს არ იყო საკმარისად ძლიერი. შემდეგ პუტინმა დაასკვნა, რომ მას შეეძლო, გაეგრძელებინა „თავგადასავალი უკრაინაში“ და ჩვენ ახლა ამისთვის ვიხდით“, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

ამასთან, ანდერს ფოგ რასმუსენმა აღნიშნა, რომ უკრაინელებმა უნდა მოიგონ ომი, რადგან თუ პუტინი მიაღწევს წარმატებას, ის არ გაჩერდება უკრაინაზე.

„მისი შემდეგი მიზანი იქნება მოლდოვა, შემდეგ საქართველო და შესაძლოა, ზეწოლაც მოახდინოს ბალტიისპირეთის სამ სახელმწიფოზე. ამიტომ, უკრაინელები ჩვენი სახელით იბრძვიან და ვალდებული ვართ, დავეხმაროთ მათ“, – დასძინა მან.

ცნობისთვის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოთხი ყოფილი გენერალური მდივნის მონაწილეობით, ვირტუალური ფორმატით გაიმართა დისკუსია თემაზე „მოკავშირეთა გადაწყვეტილება: ნატო-ს პერსპექტივები რუსეთის შეჭრაზე უკრაინაში“.