ალიონა ეპიფანოვა - ჟოზეფ ბორელის მოსკოვში ვიზიტის დროს ცხადად გამოჩნდა, რომ დიპლომატიური ენა მოსკოვში ძალიან აგრესიული გახდა
ალიონა ეპიფანოვა - ჟოზეფ ბორელის მოსკოვში ვიზიტის დროს ცხადად გამოჩნდა, რომ დიპლომატიური ენა მოსკოვში ძალიან აგრესიული გახდა

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის, ჟოზეფ ბორელის მოსკოვში ვიზიტმა ევროპაში დიდი პოლიტიკური ვნებათაღელვა გამოიწვია. ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილმა ბორელი მკაცრად გააკრიტიკა და მისი თანამდებობიდან გადადგომაც კი მოითხოვა. ვიზიტის შედეგების შესახებ ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ევროპარლამენტშიც ისაუბრა, სადაც მკაცრად გააკრიტიკეს. დეპუტატების ნაწილმა განაცხადა, რომ რუსეთში ბორელი დაამცირეს და ეს მილიონობით ადამიანმა პირდაპირ ეთერში ნახა. საუბარია პრესკონფერენციაზე, რომელზეც რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა ევროკავშირს არასანდო პარტნიორი უწოდა. ამავე ვიზიტის დროს რუსეთიდან სამი ევროპელი დიპლომატი გააძევეს. მათ შორის ყველაზე მაღალი რანგი გერმანელ დიპლომატს ჰქონდა. როგორც თავად ბორელმა ვიზიტის შემდეგ განაცხადა, დარწმუნდა, რომ რუსეთის ხელისუფლებას არ სურს დიალოგი და უახლოეს ხანში ევროკავშირმა შესაძლოა, მოსკოვის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები მიიღოს.

ბორელის ვიზიტის შედეგებზე ვესაუბრეთ ალიონა ეპიფანოვას, გერმანიის საგარეო პოლიტიკის საბჭოს წარმომადგენელს, რომელიც რუსეთის შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, გერმანია-რუსეთის ურთიერთობების თემატიკაზე მუშაობს.

როგორ შეაფასებთ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის მოსკოვში ვიზიტს?

– ამ ვიზიტიდან ჩანს, რომ რუსეთი არ არის მზად ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგისთვის. მოსკოვში კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ რუსეთის შიდა საქმეები სხვას არ ეხება. ამასთან ერთად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა სხვა ისეთი საკითხების განსახილველად, როგორებიც არის მაგალითად, პანდემია ან კონფლიქტების დარეგულირება. თუმცა, ჩვენ ვიცით, რაც რუსეთში ხდება, დღეს ევროკავშირში აწუხებთ. ვგულისხმობ, ალექსეი ნავალნის საქმეს და ათასობით მშვიდობიანი დემონსტრანტის დაკავებას. ასე რომ, ევროკავშირი დღეს რთული დილემის წინაშე დგას. ბორელის მოსკოვში ვიზიტის დროს ცხადად გამოჩნდა, რომ დიპლომატიური ენა მოსკოვში ძალიან აგრესიული გახდა. ჩემი აზრით, ევროკავშირში უფრო ადრეც უნდა გაეცნობიერებინათ, რომ მოსკოვი პოლიტიკური დიალოგისთვის მზად არ არის, თუმცა ეს არ მოხდა.

ბოლო პუბლიკაციაში თქვენ ამბობთ, რომ ევროკავშირმა რუსეთთან სტრატეგიული ურთიერთობას უნდა გადახედოს. კონკრეტულად რა ნაბიჯებია გადასადგმელი?

– პირველ რიგში, საჭიროა, რომ ევროკავშირმა რუსეთის მიმართ ერთიანი მიდგომა შეიმუშაოს. სწორედ ეს გახლავთ ევროკავშირის ძლიერი მხარე. ევროკავშირის ცალკეული ქვეყნები რუსეთს არ უნდა ესაუბრებოდნენ, რადგან ეს, უპირველეს ყოვლისა, მოსკოვს აწყობს. ამავე დროს, აუცილებელია საერთო ინტერესების გამონახვა გარკვეულ სფეროებსა, თუ რეგიონებში. მაგალითისთვის დავასახელებდი პანდემიას და გლობალური ჯანდაცვის საკითხებს, რომელთა გადაჭრაში რუსეთის ჩართვა აუცილებელია. თუმცა, ამავე დროს, ზედმეტ დათმობებზე წასვლა დაუშვებელია. არ შეიძლება, პანდემიასთან ბრძოლაში მოსკოვთან თანამშრომლობის სანაცვლოდ, რუსეთში ადამიანები უფლებების დარღვევებზე დავდუმდეთ ან აღარ ვთქვათ, რომ რუსეთში დემოკრატია უკან იხევს. ამ საკითხებზე აუცილებელია სისტემური მიდგომის ჩამოყალიბება. რუსეთში ახლა ჰგონიათ, რომ ევროკავშირი ინტერესებზე დაყრდნობით იმოქმედებს და აღარ შეეხება პოლიტიკურ საკითხებს, თუმცა ასე არ უნდა მოხდეს. აუცილებელია ერთიანი და მტკიცე მიდგომის შემუშავება, რომელიც დაფუძნებული იქნება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებზე. ამავე დროს, აუცილებელია სანქციების დაწესება იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ადამიანთა უფლებების დარღვევაში ამხილეს, ხოლო რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებასთან, აკადემიურ წრეებთან, მედიასთან, ადამიანებთან ევროკავშირმა უფრო ღია დიალოგი უნდა დაიწყოს. სწორედ ეს ადამიანები იტანჯებიან დღეს რუსეთში არსებული რეჟიმის გამო.

ევროკავშირი რუსეთის მოქალაქეებთან უფრო ღია თუ იქნება, მაშინ კრემლს საქმე გაურთულდება და ვეღარ შეძლებს პროპაგანდის საშუალებით იმის მტკიცებას, რომ ევროკავშირის სანქციების ანტირუსულია.

თქვენი მოსაზრებით, როგორ აისახება ევროკავშირის და რუსეთის ურთიერთობები აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებზე, მაგალითად საქართველოზე, უკრაინაზე?

– აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოების საკითხი ასევე უნდა იყოს ერთ-ერთი პუნქტი ევროკავშირისა და რუსეთის უერთიერთობების გადახედვისას, რადგან ამ ქვეყნების წინსვლა ევროკავშირის წარმატებაზე და რუსეთის წარუმატებლობაზეა დამოკიდებული. ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს მუშაობა ამ სახელმწიფოებში დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერაზე, ეკონომიკისა და მართლმსაჯულების რეფორმაზე. ამავე დროს, ღია რჩება ბელარუსის საკითხიც, რადგან ჩვენ ახლახან შევიტყვეთ, რომ შესაძლოა, მომავალ წელს ბელარუსში საკონსტიტუციო რეფორმა ჩატარდეს. ევროკავშირი უნდა ესაუბროს რუსეთს ბელარუსის პოლიტიკურ მომავალზე, რადგან, ჩემი მოსაზრებით, ბელარუსმა ხალხმა საკუთარი მომავალი უკვე აირჩია. ევროკავშირმა უნდა შეასრულოს გადამწყვეტი როლი. ამავე დროს, რეფორმების წარმატება საქართველოსა და უკრაინაში იქნება საუკეთესო იარაღი კრემლში პროპაგანდის წინააღმდეგ.

არსებობს მსხვილი ეკონომიკური პროექტები, მაგალითად რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“, როგორ ფიქრობთ, ეს პროექტები გადაიხედება?

– ეს ეკონომიკური პროექტი, როგორც უკვე შევიტყვეთ, არის რუსეთის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. ამიტომ ახლა გერმანიას უწევს რთულ პრობლემასთან გამკლავება, ერთი მხრივ, რუსებთან და მეორე მხრივ, ევროპულ კომპანიებთან, რომლებიც „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ პროექტში მონაწილეობდნენ, დიდი ინვესტიციები დააბანდეს და აშშ-მა მათ სანქციები დაუწესა. ცხადია, რომ ეკონომიკური არგუმენტები უკვე აღარ მუშაობს, მაგრამ გერმანია თუ გადაწყვეტს ამ მილსადენის მშენებლობის გაგრძელებას, მაშინ აუცილებელი იქნება, კარგად იყოს გაანალიზებული, რას მოუტანს ამ გაზსადენი ამოქმედება უკრაინას, რადგან ამჟამად რუსული ბუნებრივი აირის ტრანზიტი უკრაინაზე გადის.

ჩემი აზრით, ეს გაზსადენი ძალიან დიდი რისკებს შეიცავს, რადგან პუტინის რეჟიმი არაპროგნოზირებადია. რუსეთთან შეთანხმება არ ნიშნავს, რომ კრემლი ამ შეთანხმებას დაიცავს. ამიტომ, გერმანიაში კარგად უნდა დაფიქრდნენ ამ თემაზე და საკითხს არა მხოლოდ გერმანული, არამედ საერთო ევროპული პერსპექტივიდან შეხედონ.

ვიცით, რომ გერმანია და საფრანგეთი მხარს უჭერენ რუსეთთან დიალოგს, თანამშრომლობას. თქვენი აზრით, ბორელის ვიზიტის შემდეგ ეს შეიცვლება და როგორი იქნება ბაიდენის ადმინისტრაციისა და ევროპის ერთობლივი მიდგომა ამ საკითხისადმი?

– ყველას დიდი იმედი აქვს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში რუსეთის მიმართ კვლავაც ერთიანი ტრანსატლანტიკური მიდგომა იარსებებს, რადგან ტრამპის მმართველობის პერიოდში ასე არ იყო. ასევე, მნიშვნელოვანი საპარალამენტო არჩევნები გველოდება გერმანიაში, შემოდგომაზე, რომლის შემდეგაც გერმანიას შესაძლოა, ახალი მთავრობა ჰყავდეს. ასე რომ, ცვლილებები მიმდინარეობს, გერმანიაში და რუსეთშიც, სადაც ასევე არჩევნები უნდა გაიმართოს, რაც, ჩემი აზრით, ქვეყნის შიგნით უფრო მეტ დაძაბულობას გამოიწვევს, რაც, ცხადია, კრემლის საგარეო პოლიტიკას უფრო აგრესიულს გახდის. თუმცა, ევროპაში და განსაკუთრებით გერმანიაში იმედი აქვთ, რომ აშშ-თან ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება მოხერხდება. ამის წინაპირობა ისიც არის, რომ ევროპასა და აშშ-ს საერთაშორისო ასპარეზზე ბევრი საერთო თავის ტკივილი აქვს, მათ შორის პანდემია, ეკოლოგიური საკითხები და კონფლიქტები სხვადასხვა რეგიონში. ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული გერმანიის მთავრობის ახალ შემადგენლობაზე. მაგალითად, თუ საგარეო საქმეთა მინისტრი „მწვანეთა პარტიის“ წევრი იქნება, მაშინ ჩვენ უფრო ხისტ მიდგომას უნდა ველოდოთ რუსეთის მიმართ, რაც ვერ ვნახეთ „სოციალ-დემოკრატების“ შემთხვევაში. საფრანგეთის მიდგომა კი კვლავაც გაურკვეველია, რადგან ემანუელ მაკრონი ხშირად იცვლის პოზიციებს. თუმცა, ვფიქრობ, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ ყველამ მკაფიოდ დაინახა, რომ რუსეთთან პოლიტიკური თანამშრომლობის შესაძლებლობა არ არსებობს. აუცილებელია, ევროპას ჰქონდეს პრაგმატული და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული მიდგომა. ევროპას სჭირდება აშშ, რადგან რუსეთი ევროპას დამოუკიდებელ გლობალურ პოლიტიკურ მოთამაშედ არ აღიქვამს.