ჟოზეფ ბორელი - ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობის ხსენებაც კი არის უდიდესი უპასუხისმგებლობა, რომელიც ბევრს მეტყველებს ადამიანის პიროვნებაზე
ჟოზეფ ბორელი - ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობის ხსენებაც კი არის უდიდესი უპასუხისმგებლობა, რომელიც ბევრს მეტყველებს ადამიანის პიროვნებაზე

პუტინმა გვითხრა, თუ ვინმე ჩაერევა უკრაინაზე ჩემს თავდასხმაში, დაზარალდება ისეთი თავდასხმისგან, რომელსაც ვერავინ წარმოიდგენდა. რა თქმა უნდა, ეს არის მინიშნება ბირთვულ იარაღზე. ამის მიუხედავად, ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელს პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პუტინის განცხადებისა და ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ დაუსვეს კითხვა.

„სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს, რას ფიქრობს ბატონი პუტინი. ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობის ხსენებაც კი არის უდიდესი უპასუხისმგებლობა, რომელიც ბევრს მეტყველებს ადამიანის პიროვნებაზე. ეს არის იმდენად დიდი უპასუხისმგებლობა, რომ წარმოუდგენელია, ვინმეს შეეძლოს ასეთი რამის თქმა. თუმცა, მან თქვა. მან გვითხრა – თუ ვინმე ჩაერევა უკრაინაზე ჩემს თავდასხმაში, თუ ვინმეს ექნება უკრაინის მხარდაჭერის იდეა, დაზარალდება ისეთი თავდასხმისგან, რომელსაც ვერავინ წარმოიდგენდა. რა თქმა უნდა, ეს არის მინიშნება ბირთვულ იარაღზე. ამის მიუხედავად, ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას“, – განაცხადა ბორელმა.

ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალების სპეციალურ საბრძოლო რეჟიმზე გადაყვანის ბრძანება გასცა.