ევროკავშირი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 500 მილიონ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 500 მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი დამატებით 500 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის. აღნიშნულის შესახებ განცხადება საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა, გერმანიაში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა სამიტის ფარგლებში.

ჟოზეფ ბორელის თქმით, გამოყოფილი თანხა უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების შეძენას მოხმარდება, როგორიცაა ტანკები და არტილერია. მისივე თქმით, ევროკავშირის მხრიდან უკრაინის დასახმარებლად გამოყოფილი თანხა უკვე ორ მილიარდ ევროს აღწევს.

ასევე ბორელმა, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს მოუწოდა, გაზარდონ ზეწოლა მოსკოვზე, დააწესონ ახალი სანქციები, შეეცადონ მოახდინონ რუსეთის ფედერაციის იზოლირება მსოფლიო ასპარეზზე და შექმნან ერთიანი ფრონტი უკრაინის მხარდასაჭერად.

გარდა ამისა, ჟოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ის ოპტიმისტურად არის განწყობილი რუსული ნავთობის შესყიდვაზე ემბარგოს შემოღების პერსპექტივასთან დაკავშირებით, რაზეც ეკონომიკური ბლოკის ქვეყნები შესაძლოა, უახლოეს დღეებში შეთანხმდნენ.

გუშინ, ბრიუსელში განაცხადეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი ჯერ ისევ განხილვის პროცესშია.