ჟოზეფ ბორელის განცხადებით, სამხედრო დახმარების ფარგლებში, ევროკავშირი უკრაინას ავიაგამანადგურებლებსაც მიაწვდის
ჟოზეფ ბორელის განცხადებით, სამხედრო დახმარების ფარგლებში, ევროკავშირი უკრაინას ავიაგამანადგურებლებსაც მიაწვდის

სამხედრო დახმარების ფარგლებში, ევროკავშირი უკრაინას ავიაგამანადგურებლებსაც მიაწვდის, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჟოზეფ ბორელმა საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ონლაინსხდომის შემდეგ გამართული პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საბჭოს წევრები შეთანხმდნენ 450 მილიონი ევროს გამოყოფაზე, რომლითაც უკრაინისთვის იარაღის შეძენასა და მიწოდებას დააფინანსებენ.

„უდავოდ, ჩვენ მივაწვდით იარაღს, გამანადგურებლებს. ჩვენ ვაპირებთ, მივაწოდოთ გამანადგურებლებიც კი. ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ საბრძოლო მასალებზე, ჩვენ ვაწვდით უფრო მნიშვნელოვან იარაღს, ომში გასაგზავნად“, – განაცხადა ბორელმა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამ სამხედრო დახმარებას უკრაინა დასავლეთ საზღვრიდან მიიღებს, რომელიც ღიაა.

ბორელის თქმით, ევროკავშირის მიერ შეთანხმებული 450 მილიონი ევროს ღირებულების იარაღის გარდა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ინდივიდუალურად უგზავნიან უკრაინას იარაღს და საბრძოლო აღჭურვილობას, რომელიც უკვე გზაშია.