ალექსანდრე ტოგონიძე - კონკრეტულ განაცხადს განვიხილავთ ისე, რომ ქალაქის ინტერესებიც იყოს დაცული და კერძო კომპანიისაც
კონკრეტულ განაცხადს განვიხილავთ ისე, რომ ქალაქის ინტერესებიც იყოს დაცული და კერძო კომპანიისაც, – ამის შესახებ თბილისის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ტოგონიძემ ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსათვის“ წევრის, ბიძინა გეგიძის საპასუხოდ განაცხადა.
„საზიანო გადაწყვეტილება არ მიგვიღია და არც მომავალში მივიღებთ. რაც შეეხება სტატუსის საკითხს, რაც იყო რეკრეაციული ზონები, რეკრეაციულ ზონად დარჩა, ხოლო საცხოვრებელი სამშენებლოდ განვითარებადი ზონებია. დასაზუსტებელია, კონკრეტულად რა არეალზეა საუბარი. კონკრეტული პროექტი არ ფიქსირდება ამ დროისთვის და არ ვიცით, რა განაშენიანებაზეა საუბარი. თუ ბიძინა გეგიძე რაგბის კავშირის ყოფილ ტერიტორიას გულისხმობს, ეს ტერიტორია ადრეც საცხოვრებლად განვითარებადი იყო და დღესაც იგივე სტატუსი აქვს“, – განაცხადა ალექსანდრე ტოგონიძემ.
ბიძინა გეგიძე აცხადებს, რომ რეკრეაციულ ზონებში მშენებლობების აღსაკვეთად კანონის მიღება აუცილებელია. მან დღეს ისაუბრა საკითხზე, რომ რაგბის კავშირს ვერეს ხეობაში გადაეცა ტერიტორია, სადაც უნდა აშენებულიყო სპორტული მოედანი, თუმცა მან მიწა კერძო კომპანიაზე გაასხვისა. გეგიძე მოუწოდებს მერიას, მიწის აღნიშნულ მონაკვეთზე მშენებლობა არ დაუშვას.