ალექსანდრე კობაიძე - მოწმე გურამ ამირხანაშვილმა საგამოძიებო მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა და ამოიცნო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც „ტოიოტას“ მარკის ავტომობილში იჯდა
გლდანის პოლიციის განყოფილებაში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა. როგორც ერთ-ერთი მოწმის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქმის მოწმე გურამ ამირხანაშვილმა ამოიცნო მისი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც „ტოიოტას“ მარკის ავტომობილში იჯდა.
„მიმდინარეობს აღნიშნულ საქმეზე მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის დღეს ჩატარდა ამოცნობა. შესაბამისად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მობრძანდა. გურამ ამირხანაშვილმა ამოიცნო პიროვნება, ერთ-ერთი, რომელიც „ტოიოტა კამრის“ მარკის მანქანაში იჯდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ უარვყოფთ და ვადასტურებთ, რომ ეს პიროვნება მანქანაში იჯდა. კონკრეტულად ეს საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. შემიძლია დავადასტურო, რომ ვინც კი საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდა, დღეს ყველა მოვიდა ნებაყოფლობით. მათ ჰქონდათ უფლება, რომ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებაზე ეთქვათ უარი. საზოგადოებაში რომ არ გაჩნდეს რაიმე ფორმით კითხვა, ან რაიმე ფორმით შეფასება, რომ ესენი არიდებენ თავს საგამოძიებო მოქმედებებს, მათ თავისი ნებით მიიღეს მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში“,- განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.
ამასთან, გლდანის პოლიცია უკვე დატოვა მოწმე გურამ ამირხანაშვილმა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მაშველებმა, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს.
შსს-ს ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს.