ახლომდებარე ათასამდე ვარსკვლავთან გამოავლინეს ის ეგზოპლანეტები, საიდანაც დედამიწა საკმაოდ კარგად უნდა ჩანდეს — #1tvმეცნიერება
ასტრონომები აქტიურად მუშაობენ დედამიწიდან ხილულ ეგზოპლანეტათა კატალოგზე, მაგრამ ამჯერად, ორმა მკვლევარმა ეს იდეა შეაბრუნა და იმის გარკვევა სცადა, რომელი ეგზოპლანეტებიდან გამოჩნდება დედამიწა კარგად.
როგორც ჩანს, არსებობს მთავარი მიმდევრობის, მზის მსგავსი 1004 ისეთი ვარსკვლავი დედამიწის მსგავსი პლანეტებით, რომლებიდანაც ჩვენს პლანეტაზე არსებული სიცოცხლის ქიმიური კვალის დაფიქსირებას შეძლებდნენ. ანუ, თუ იქ ვინმეა, ისინი ჩვენ დაგვინახავდნენ.
ეს ვარსკვლავები დედამიწიდან 326 სინათლის წლის რადიუსშია მოქცეული, მაგრამ კვლევა პირველ რიგში მათ შორის უახლოეს ეგზოპლანეტებზე ფოკუსირდა.
გათვლებისთვის ასტრონომებმა გამოიყენეს NASA-ს ეგზოპლანეტებზე მონადირე ტელესკოპ TESS-ის ვარსკვლავების კატალოგი და ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ხომალდ „გაიას“ ვარსკვლავების რუკა; ასევე გაითვალისწინეს ის ვარსკვლავური სისტემებიც, საიდანაც დროთა განმავლობაში დედამიწის დანახვის შესაძლებლობა შეიცვლება.
„თუ იქიდან ეგზოპლანეტებს ეძებენ, მათ უნდა შეძლონ ბიოსფეროს ნიშნების დანახვა ჩვენი მკრთალი ლურჯი წერტილის ატმოსფეროში. ამ ვარსკვლავებს შორის ზოგიერთ ყველაზე კაშკაშას, ღამის ცაზე შეუიარაღებელი თვალითაც კი ვხედავთ“, — ამბობს კორნელის უნივერსიტეტის ასტრონომი ლაიზა კალტენეგერი.
ამ ეგზოპლანეტებზე მყოფ ასტრონომებს დედამიწის დასანახად დასჭირდებათ იგივე მეთოდები, რომლებითაც ჩვენ ვაკვირდებით შორეულ ობიექტებს, ანუ, საჭიროა დააკვირდნენ დედამიწის გავლას მათსა და მზეს შორის, რათა დაადგინონ ჩვენი პლანეტის ატმოსფეროს შემადგენლობა. ამ მეთოდს ტრანზიტულ დაკვირვებას უწოდებენ.
დედამიწის ეკლიპტიკა, ანუ დახრილობა მზის გარშემო ორბიტისადმი, გადამწყვეტია იმის გასარკვევად, თუ რომელი ეგზოპლანეტებიდან შეუძლიათ ჩვენი შემჩნევა. ამით ასტრონომები ადგენენ, სად უნდა მდებარეობდეს ეგზოპლანეტები, რომ იქიდან დედამიწის კარგი ხედი იყოს, ანუ, ღრმა კოსმოსის რომელი ხელსაყრელი წერტილებიდან გამოჩნდება ჩვენი პლანეტა ტრანზიტული ეგზოპლანეტის სახით.
პოტენციური სასიცოცხლო ზონების მქონე 1004 ვარსკვლავიდან 508 საკუთარ პლანეტებს დედამიწაზე დაკვირვებების სულ მცირე 10-საათიანი ფანჯარას სთავაზობს თითოეული ორბიტისას. ამ ვარსკვლავთა უმეტესობა, 77 პროცენტი, M-ტიპის წითელი ჯუჯაა — ყველაზე პატარები და ცივები მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავთა კლასში.
„ეგზოპლანეტათა მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი ექცევა ხედვის ისეთ ხაზზე, რომ ჩვენ მათი ტრანზიტი დავინახოთ. ჩვენს კვლევაში კი გამოვავლინეთ მზის სამეზობლოში არსებული ათასი ისეთი ვარსკვლავი, რომელთა პლანეტებიდანაც მზის გარშემო დედამიწის ტრანზიტს დაინახავდნენ, რაც მათ ყურადღებასაც მიიქცევდა“, — ამბობს პენსილვანიის ლიჰაის უნივერსიტეტის ფიზიკოსი ჯოშუა პეპერი.
კოსმოსური ტელესკოპი TESS-ი NASA-მ დედამიწის ორბიტაზე 2018 წელს გაუშვა და მას შემდეგ, ობსერვატორიამ წარმოუდგენლად საჭირო მონაცემები შეაგროვა. იგი აქტიურად ეძებს ეგზოპლანეტებს ჩვენს სამეზობლოში და ცდილობს, ამოხსნას მზის სისტემის კიდეების საიდუმლო, ამავე დროს, მისი ერთ-ერთი პრიორიტეტია ისეთი პლანეტების პოვნა, რომლებიც რაც შეიძლება მეტად ჰგვანან დედამიწას.
2021 წლის ოქტომბერში NASA ბოლოსდაბოლოს გაუშვებს ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპს, რომელიც კოსმოსს ინფრაწითელ სპექტრში შეისწავლის და უფრო მეტ ინფორმაციას მოგვაწვდის ეგზოპლანეტების ატმოსფეროსა და ადრეული სამყაროს შესახებ.
ამ ეტაპზე, კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ მათი ნაშრომი მომავალში არამიწიერი სიცოცხლის ძებნას გააადვილებს — მაგალითად, თუ რა თქმა უნდა გვსურს, რომ ვიპოვოთ ისეთი ეგზოპლანეტები, რომლებიდანაც ჩვენ შეგვნიშნეს და პირიქით, მათი დანახვა ჩვენც შეგვიძლია.
„თუკი აშკარა ბიოსფეროს მქონე პლანეტას ვიპოვით, რა თქმა უნდა, დაგვაინტერესებს, არის თუ არა იქ ვინმე ისეთი, რომელიც ასევე გვიყურებს ჩვენ. თუ სამყაროში გონიერ სიცოცხლეს ვეძებთ, რომელმაც შეიძლება გვიპოვოს და კონტაქტში შემოსვლაც მოუნდეს, შევქმენით იმ ვარსკვლავთა რუკა, რომლებსაც პირველ რიგში უნდა მივაქციოთ ყურადღება“, — ამბობს კალტენეგერი.
კვლევა Monthly Notices of the Royal Astronomical Society: Letters-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.cornell.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.