ნასას ტელესკოპმა TESS-მა მეცხრე პლანეტა შეიძლება უკვე იპოვა
ნასას ტელესკოპმა TESS-მა მეცხრე პლანეტა შეიძლება უკვე იპოვა

მზის სისტემის შორეულ მისადგომებში სავარაუდოდ რაღაც მოზრდილი იმალება, რომელიც ნეპტუნს გადაღმა, კოიპერის სარტყელში მოძრავ ობიექტთა ორბიტებს ურევს. ზოგიერთი ასტრონომის აზრით, ის დედამიწაზე ხუთჯერ დიდი პლანეტაა. ისინი მას მეცხრე პლანეტას უწოდებენ.

თუმცა, ამ სავარაუდო ობიექტის პოვნა არც ისე მარტივია. ასე შორს ის ძალიან პატარა და მკრთალი უნდა ჩანდეს; არც ის ვიცით, ცის რომელ ნაწილში ვეძებოთ. ასტრონომები მას გამალებით ეძებენ, მაგრამ ეს პროცესი ნელია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

ახალი კვლევის მიხედვით, შესაძლოა იყოს კიდევ ერთი გზა — ნასას ეგზოპლანეტებზე მონადირე ტელესკოპი TESS-ი. შესაძლებელია ისიც, რომ ტელესკოპმა ეს პლანეტა უკვე შენიშნა, მაგრამ ის უბრალოდ მონაცემებში იმალება და ჯერ არ უნახავთ.

შეიძლება იფიქროთ, რომ ეს საკმაოდ ლოგიკურია, რადგან TESS-ი სწორედ პლანეტებზე მონადირე ტელესკოპია. თუმცა გეტყვით, რომ ძალიან შორს მდებარე ეგზოპლანეტებისა და შედარებით ახლომდებარე პლანეტების ძებნა ორი სხვადასხვა რამეა.

TESS-ი ეგზოპლანეტებს ტრანზიტის მეთოდით ეძებს. ის დიდი ხნის განმავლობაში აკვირდება ცის კონკრეტულ მონაკვეთს და ეძებს მკრთალ, რეგულარულ ჩაბნელებებს ვარსკვლავების სინათლეში, რაც გამოწვეულია ამ ვარსკვლავის გარშემო მოძრავი პლანეტით, როცა ის მასა და ტელესკოპს შორის ჩაივლის (ამ პროცესს ტრანზიტს უწოდებენ).

მეცხრე პლანეტის შემთხვევაში, მისი ტრანზიტის დაფიქსირება შეუძლებელი იქნება, რადგან ის TESS-სა და მზეს შორის ვერ ჩაივლის.

მართალია, ერთი გადაღება მეცხრე პლანეტის მსგავს მკრთალ ობიექტს ვერ გამოავლენს, მაგრამ შესაძლებელია, რომ TESS-ის ხანგრძლივი დაკვირვების კომბინაცია მოხდეს მეთოდით, რომელსაც ციფრული მონიტორინგი ეწოდება.

ტრანზიტის ჩაბნელებათა შესამჩნევად, TESS-ი ერთ ზონას უამრავ ფოტოს უღებს. თუკი ამ სურათებს გააერთიანებთ, მკრთალი ობიექტები გაცილებით კაშკაშა გახდება და დაინახავთ ობიექტებს, რომლებსაც სხვაგვარად ვერ შენიშნავდით.

იმის გამო, რომ მეცხრე პლანეტა მოძრავი ობიექტი უნდა იყოს, მას მხოლოდ ფოტოების შეჯერებით ვერ დავინახავთ. აქ უკვე საჭიროა მიხვედრილობა მისი ორბიტის გამოთვლისათვის, ასევე ექსპოზიციების გადატანა გამოთვლილი პოზიციის ცენტრში და შემდეგ ფოტოების კვლავ შეჯერება.

როგორც მკვლევრები წერენ, უცნობი ტრაექტორიის მქონე ახალი ობიექტების აღმოსაჩენად, უნდა მოისინჯოს ყველა შესაძლო ორბიტა.

მათი თქმით, საჭიროა, ფოტოებისა და პარალაქსის შესწორებები (TESS-ი დედამიწის გარშემო ძლიერ ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობს და შესაბამისად, ხედვის ხაზი მოძრაობასთან ერთად იცვლება) კომპიუტერულ პროგრამაში და შედეგებისთვის მოცდა.

თითქოს რაღაც „კუსტარულ“ მიდგომად ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ის შეიძლება ეფექტიანი იყოს. მაგალითად, „ჰაბლის“ კოსმოსური ტელესკოპის მონაცემებით ჩატარებული ციფრული მონიტორინგით, რამდენიმე ობიექტი აღმოაჩინეს ნეპტუნს გადაღმა.

შემდეგი კითხვაა, არის თუ არა TESS-ი საკმარისად მძლავრი ამ პოტენციური პლანეტის დასაფიქსირებლად. Ამის შემოწმების გზაც არსებობს.

მოდელების მიხედვით, მეცხრე პლანეტას ვარსკვლავიერი სიდიდე აქვს და დედამიწიდან ის 19-24 ნიშნულს შორის უნდა ჩანდეს. ამ დიაპაზონის ვარსკვლავიერი სიდიდე აქვს ნეპტუნსგადაღმა რამდენიმე ობიექტს, კერძოდ, სედნას (20,5 – 20,8), 2015 BP519-ს (21,5) და 2015 BM518-ს (21,6).

შესაბამისად, თითოეული ამ სამი ობიექტის შესამჩნევად ჯგუფმა ციფრული მონიტორინგის მეთოდი გამოიყენა. სამივე შემთხვევაში გამოჩნდა ბუნდოვანი, დაბალი რეზოლუციის კრისტალი, რომელთა იდენტიფიცირებაც შესაძლებელი იყო. მათ ფოტოზეც ხედავთ: მარცხნიდან მარჯვნივ — სედნა, 2015 BP519 და 2015 BP518.

ჰიპოთეტურად, TESS-ს დაახლოებით ამ მაგნიტუდის ნებისმიერი ობიექტის დანახვა შეუძლია. მკვლევართა განცხადებით, ეს იმას ნიშნავს, რომ მან მეცხრე პლანეტის დანახვაც უნდა შეძლოს. შესაძლოა ეს უკვე მოახერხა კიდეც, მაგრამ მონაცემებში ჯერ არ გვინახავს.

კვლევა ჟურნალ Research Notes of the AAS-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.