აგვისტოს ომის დროს მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნისთვის რუსეთში გასამართლებული ინგა თუთისანი საპატიმროს ცხრა დღეში დატოვებს
აგვისტოს ომის დროს მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნისთვის რუსეთში გასამართლებული ინგა თუთისანი საპატიმროს ცხრა დღეში დატოვებს

2008 წლის აგვისტოს ომის დროს, საქართველოში მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნისთვის რუსეთში გასამრთლებული ინგა თუთისანი საპატიმროს ცხრა დღეში დატოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ის რუსულენოვანი სამსახური ადვოკატ ივან პავლოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადვოკატის თქმით, რუსეთის უზენაესმა სასამართლომ სასჯელი ექვსი წლიდან ოთხ წლამდე და ერთ თვემდე შეამცირა.
2014 წლის ივლისში კრასნოდარის სასამართლომ ინგა თუთისანი სახელმწიფო ღალატში ცნო დამნაშავედ და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდების საფუძვლად გახდა ის, რომ ქალმა 2008 წლის აგვისტოში ახლობელს საქართველოს მიმართულებით რუსული სამხედრო ტექნიკის გადადგილების შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა.

ადვოკატის თქმით, ინგა თუთისანი უკანასკნელი მსჯავრდებულია, რომელიც სახელმწიფო ღალატის ბრალდებით სასჯელს მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნისთვის იხდის. ამასთან, ადვოკატები აცხადებენ, რომ თუთისანის უდანაშაულოდ ცნობას ითხოვდნენ, თუმცა მხოლოდ სასჯელის შემსუბუქებას მიაღწიეს. ინგა თუთისანი საპატიმროს 25 ნოემბერს დატოვებს.

BBC-ის მონაცემებით, 2008 წლის რუსული ტანკების ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით გადაადგილების შესახებ გაგზავნილი შეტყობინებისთვის სულ მცირე ხუთი ქალი გაასამართლეს. მათ შორის ყველაზე გახმაურებულია ოქსანა სევასტიდის საქმე. სოჭის მცხოვრებს 2016 წლის მარტში სახელმწიფო ღალატის ბრალდებით შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2016 წლის დეკემბერში სევასტიდის შესახებ შეკითხვა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს დაუსვეს, რომელმაც განაჩენს საკმაოდ მკაცრი უწოდა და პირობა დადო, რომ აღნიშნულ საკითხს გაარკვევდა. 2017 წლის მარტში სევასტიდი შეიწყალეს.

ივლისში კი, ვლადიმერ პუტინმა შეიწყალა ანალოგიური საქმისთვის გასამართლებული მარინა ჯანჯღავა და ანიკ კესიანი, მათ ციხე აგვისტოში დატოვეს. კიდევ ერთმა მსჯავრდებულმა, ეკატერინე ხარებავამ საპატიმრო საქართველო-რუსეთის შეთანხმების საფუძველზე დატოვა.