„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინდექსის ვებგვერდზე 2017 წლის ანგარიში გამოქვეყნდა
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინდექსის ვებგვერდზე 2017 წლის ანგარიში გამოქვეყნდა

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის ინდექსის ვებგვერდზე 2017 წლის ანგარიში გამოქვეყნდა. 2017 წლის ინდექსში შეფასებულია ევროინტეგრაციასთან, რეფორმებთან და მდგრად განვითარებასთან დაკავშირებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის – საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, მოლდოვისა და ბელარუსის პროგრესი.

ინდექსი შედგება ორი განზომილებისგან – დაახლოება და ურთიერთკავშირი. თითოეული განზომილება თავის მხრივ სამ სექციად იყოფა.

დაახლოების განზომილების მიხედვით, საქართველო ექვს ქვეყანას შორის მეოთხე ადგილს იკავებს. მისი ქულა 0,3-ით არის შემცირებული და 0,64-ს შეადგენს. დაახლოების განზომილების მიხედვით, წინსვლა მხოლოდ უკრაინას (0,1 ქულით) და ბელარუსს (0,8 ქულით) აქვთ.

დაახლოების განზომილების კომპონენტების მიხედვით, საქართველოს უკუსვლა აქვს სამივე კომპონენტში. კერძოდ, საქართველოს პოზიციები გაუარესებულია ღრმა და მდგრადი დემოკრატიის, ევროინტეგრაციისა და მდგრადი განვითარების რეიტინგებში.

რაც შეეხება მეორე – ურთიერთკავშირის განზომილებას, აქ საქართველოს მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ქულა გაზრდილია 0,05-ით და 0,71 ქულას შეადგენს. ურთიერთკავშირის განზომილების მიხედვით, საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის პირველ ადგილს იკავებს. აღნიშნული განზომილების სექციებში საქართველო პირველ ადგილზეა ორი კომპონენტის მიხედვით – მოქალაქეები ევროპაში და საერთაშორისო უსაფრთხოება, პოლიტიკური დიალოგი და თანამშრომლობა, ხოლო დარგობრივი თანამშრომლობისა და ვაჭრობის მიხედვით მესამე პოზიციაზეა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში დემოკრატიული პროგრესი სრულყოფილისგან შორს არის. ამას გარდა, ავტორები აღნიშნავენ, რომ მოლდოვის მსგავსად, საქართველოში არის მილიარდერი, რომელიც აკონტროლებს მმართველ პარტიას ისე, რომ სახელმწიფო თანამდებობას არ იკავებს. ბოლო საკონსტიტუციო რეფორმამ უფრო დიდი უფლებამოსილება მიანიჭა პარლამენტს და წარადგინა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელმაც უნდა შეამციროს ისეთი პოლიტიკური პარტიების ძალაუფლება, რომლებიც დიდ ფინანსურ რესურსს ფლობენ. თუმცა, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადების მოწოდებების მიუხედავად, ეს რეფორმა არ შეეხება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს და მხოლოდ 2024 წელს ამოქმედდება.

ანგარიშში ჩამოთვლილია საქართველოს მთავარი გამოწვევები 2019 წელს.

დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ არაფორმალური მმართველობის შედეგად არსებული გამოწვევების გადასალახად, საზოგადოებასა და არასამთავრობო სექტორთან უნდა გაიმართოს ფართო კონსულტაციები. საქართველოს ინსტიტუციურ რეფორმებში პრიორიტეტული უნდა გახდეს საჯარო ადმინისტრირების საერთაშორისო სტანდარტების მიღწევა. სასამართლო სისტემა, რომელიც კვლავ რჩება საქართველოს სამთავრობო სისტემის ყველაზე სუსტი სფერო, სასწრაფო რეფორმებს საჭიროებს ყველა დონეზე. მთავრობამ, პარლამენტმა, მედიამ და სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა მიაქციოს ყურადღება მზარდ ქსენოფობიას, ჰომოფობიას, სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებებსა და სიძულვილის ენას. საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმება ეფექტიანად უნდა შესრულდეს, სამოქალაქო საზოგადოებამ კი მის განხორციელებას მონიტორინგი უნდა გაუწიოს. პარლამენტმა უნდა შეცვალოს კონსტიტუცია, რათა უზრუნველყოს მრავალპარტიული დემოკრატია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედებით.