ევროკავშირის საბჭო - ევროკავშირმა მინისტერიალზე დაადასტურა, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ერთგული რჩება და მზადაა, ის უფრო მოქნილი და პარტნიორების საჭიროებებზე მორგებული გახადოს
ევროკავშირის საბჭო - ევროკავშირმა მინისტერიალზე დაადასტურა, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ერთგული რჩება და მზადაა, ის უფრო მოქნილი და პარტნიორების საჭიროებებზე მორგებული გახადოს

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის დროს ევროკავშირმა დაადასტურა, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ერთგული რჩება და მზადაა, ის უფრო მოქნილი და პარტნიორების საჭიროებებზე მორგებული გახადოს.

ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

ამასთან, პრესრელიზში ნათქვამია, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრ ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობა და ევროკავშირის გაფართოების პროცესი ერთმანეთს უნდა ავსებდეს.

„რაც შეეხება უსაფრთხოებას, ევროკავშირი გააგრძელებს იმ პარტნიორების მხარდაჭერას, რომლებსაც სურთ სხვადასხვა სახის თანამშრომლობა და ჩართულობა, მათ შორის კიბერ, ჰიბრიდული და სხვა არასამხედრო საშუალებების მიწოდებით, რათა მათ განამტკიცონ მედეგობა და სტაბილურობა რეგიონში“, – ნათქვამია პრესრელიზში.

ასევე, ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი განიხილავს შესაძლებლობას, მიიწვიოს პარტნიორები სხვა რეგიონებიდან, მათ შორის ცენტრალური აზიიდან, რათა განიხილოს დაკავშირების საკითხები.

შეხვედრაში მონაწილეობდა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი.

ბრიუსელში გამართულ მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა.