აღმოჩენილია გალაქტიკათა ორი უზარმაზარი ჯგუფი, რომელიც მალე ერთმანეთს შეეჯახება
ასტრონომები დეტალურად აკვირდებიან მოვლენას, რომელიც შეიძლება, ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი გალაქტიკური შეჯახება აღმოჩნდეს, რისი მომსწრეც ოდესმე გამხდარან; გალაქტიკათა ორი ჯგუფი ერთმანეთის მიმართულებით 6,4 მილიონი კმ/სთ სიჩქარით მიჰქრის.
გალაქტიკების ეს ორი ჯგუფი ე. წ. გალაქტიკათგროვის წარმოქმნის გზას ადგას. მკვლევართა აზრით, ამ თვალწარმტაცმა შეჯახებამ შეიძლება ფასდაუდებელი ინფორმაცია მოგვაწოდოს ასეთი გროვების წარმოქმნისა და განვითარების შესახებ.
ეს პროცესი დედამიწიდან დაახლოებით 380 მილიონი კილომეტრის მანძილზე ხდება სისტემაში, რომელსაც NGC 6338-ს უწოდებენ. Მისი საერთო მასა დაახლოებით 100 ტრილიონი მზის მასას უდრის; აქედან 16 პროცენტი ცხელი გაზია, 1 პროცენტი ვარსკვლავები, დანარჩენი 83 პროცენტი კი ბნელი მატერია უნდა იყოს.
მოვლენას ასტრონომები რამდენიმე უმძლავრესი ინსტრუმენტით აკვირდებიან. მათ შორის არის ნასას ჩანდრას რენტგენული ობსერვატორია, ევროპის კოსმოსური სააგენტოს კოსმოსური ობსერვატორია XMM-Newton-ი, Giant Metrewave Radio Telescope (GMRT) და აპაჩი-პოინტის ობსერვატორია.
როგორც ჯგუფი კვლევაში წერს, სისტემა NGC 6338 სწრაფი რადიაციული გაციებისა და ძალადობრივი შეჯახების პროცესების ბრწყინვალე მაგალითია ჯგუფურ მასშტაბებში.
NGC 6338 ასე განსაკუთრებული მხოლოდ გალაქტიკათა შეჯახების სიჩქარის გამო როდია — გამორჩეულია ტემპერატურითაც; სისტემაში გაზის ტემპერატურა 20 მილიონ გრადუს ცელსიუსს აღწევს.
უახლესი მონაცემებით გამოვლინდა შოკური ტალღების მიერ გაცხელებული გაზის რეგიონები, რომლებიც ამ შემთხვევაში, გალაქტიკათა ჯგუფის შეჯახების შედეგად არის წარმოქმნილი. ასეთ გაცხელებას კომპიუტერული მოდელები აქამდეც პროგნოზირებდა, მაგრამ პრაქტიკაში მასზე დაკვირვება პირველად მოხერხდა.
გალაქტიკების ჯგუფებსა და გროვებში ასევე შეიმჩნევა სუპერმასიურ შავ ხვრელთა მიერ წარმოქმნილი სიცხე, რაც NGC 6338-ის შემთხვევაში, არსად ჩანს.
გრავიტაციის წყალობით, გალაქტიკები ხშირად თავს იყრის ჯგუფებად ან გროვებად; ამ პროცესის წარმმართველი ფიზიკის დიდი ნაწილი ასტრონომებს ჯერ შეუსწავლელი აქვთ. უდიდეს გროვებში თავმოყრილია ათასობით გალაქტიკა.
გალაქტიკათგროვები ცალსახად მიუთითებს იდუმალი ბნელი მატერიის არსებობაზეც. იმის გასარკვევად, სად შეიძლება იმალებოდეს ბნელი მატერია, ასტრონომები იყენებენ გროვებს შორის გამავალ ვარსკვლავის სინათლეს.
ასტრონომებს ასევე აინტერესებთ გალაქტიკათგროვების შიგნით და მათ შორის გადაჭიმული მაგნიტური ველები. ამ პლაზმის ხიდების დაფიქსირება საკმაოდ რთულია, მაგრამ საკმაოდ ბევრ ცნობას გვაწვდის გალაქტიკების ამ დიდი ჯგუფების გრავიტაციული ძალის შესახებ.
გალაქტიკების შეჯგუფება გავლენას ახდენს ახალი ვარსკვლავების წარმოქმნაზე და შესაბამისად, ასტრონომებს ამ პროცესზე დაკვირვების ბრწყინვალე შანსი აქვთ.
კვლევა Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.