დაფიქსირებულია სამყაროს ისტორიაში უდიდესი კოსმოსური აფეთქება
დაფიქსირებულია სამყაროს ისტორიაში უდიდესი კოსმოსური აფეთქება

შორეულ გალაქტიკათგროვაზე დაკვირვებისას, მეცნიერებმა დააფიქსირეს დიდი აფეთქების შემდეგ სამყაროს ისტორიაში მეორე ყველაზე დიდი აფეთქება.

აფეთქება ჩვენგან ასობით მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკის ცენტრში არსებული სუპერმასიური შავი ხვრელიდან მოდის.

მოვლენის დროს იმაზე ხუთჯერ მეტი ენერგია გამოიყო, ვიდრე წინა რეკორდის მფლობელის შემთხვევაში.

ავსტრალიის კურტინის უნივერსიტეტის რადიოასტრონომიის კვლევების საერთაშორისო ცენტრის პროფესორ მელანი ჯონსტონ-ჰოლიტის განცხადებით, ეს მოვლენა წარმოუდგენლად ენერგიული იყო.

მისი თქმით, გალაქტიკების ცენტრებში აფეთქებები აქამდეც არის დაფიქსირებული, მაგრამ ეს კონკრეტული მოვლენა უკიდურესად მასიურია. თუმცა, უცნობია, რატომ.

აფეთქება ძალიან ნელა მოხდა, შენელებული კადრის მსგავსად და ასობით მილიონ წელიწადს გასტანა.

მოვლენა ჩვენგან დაახლოებით 390 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, გველისმჭერის გალაქტიკათგროვაში მოხდა.

ის იმდენად ძლიერი იყო, რომ შავი ხვრელის გარშემო არსებულ სუპერცხელ პლაზმაში ხვრელი წარმოქმნა.

კვლევის ავტორი, აშშ-ის საზღვაო კვლევების ლაბორატორიის მეცნიერი, დოქტორი სიმონა ჯიასინტუჩი ამბობს, რომ აფეთქება 1980 წელს მომხდარ სენტ-ჰელენზის ვულკანის ამოფრქვევას ჰგავდა, რომელმაც მთას მწვერვალი მოაცალა.

შავი ხვრელის გარშემო არსებულ ცხელ პლაზმაში წარმოქმნილ სიცარიელეს მეცნიერები ადრეც ხედავდნენ რენტგენული ტელესკოპებით, მაგრამ გამორიცხავდნენ, რომ ის აფეთქების შედეგად ყოფილიყო წარმოქმნილი, რადგან ამისათვის საჭირო იყო უზარმაზარი აფეთქება, რაც შეუძლებლად მიაჩნდათ.

აღმოჩენა მკვლევრებმა მხოლოდ მაშინ გააცნობიერეს, როცა გველისმჭერის გალაქტიკათგროვას რადიოტელესკოპებით დააკვირდნენ.

რადიოტელესკოპები კი ნამდვილად მიუთითებდა იქ მომხდარ უპრეცედენტო მასშტაბის ამოფრქვევაზე.

აღმოჩენაში მონაწილეობდა ნასას ჩანდრას რენტგენული ობსერვატორია, ევროპის კოსმოსური სააგენტოს XMM-Newton-ი, დასავლეთ ავსტრალიაში მოქმედი მურჩისონის ფართო ხედვის ტელესკოპი (MWA) და ინდოეთის გიგანტური მეტრტალღური რადიოტელესკოპი (GMRT).

მურჩისონის ფართო ხედვის ტელესკოპის ანტენების კომპლექტი

პროფესორი ჯონსტონ-ჰილიტი, რომელიც ტელესკოპ MWA-ის დირექტორი და გალაქტიკათგროვების ექსპერტია, ამ აღმოჩენას დინოზავრების ძვლების პირველად აღმოჩენას ადარებს.

„ეს ყველაფერი არქეოლოგიას ჰგავს. უკვე ხელთ გვაქვს დაბალი სიხშირის რადიოტელესკოპები, რომლებითაც ღრმად „ვთხრით“ და გვაქვს შესაძლებლობა, რომ მომავალში კიდევ ბევრი ასეთი აფეთქება აღმოვაჩინოთ“, — ამბობს იგი.

პროფერსორ ჯონსტონ-ჰილიტის აზრით, აღმოჩენა ხაზს უსვამს სამყაროს სხვადასხვა ტალღის სიგრძეებში შესწავლის მნიშვნელობას.

აღსანიშნავია, რომ აღმოჩენა მაშინ მოხდა, როცა ცისკენ იყო მიმართული ავსტრალიის მურჩისონის ფართო ხედვის ტელესკოპის (MWA) 2048 ანტენა. ასტრონომები კვლევების გაგრძელებას ამჯერად უკვე 4096 ანტენით გეგმავენ.

მომზადებულია icrar.org-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი