სამყაროს შორეულ ნაწილში გალაქტიკების გიგანტური თაღი აღმოაჩინეს – #1tvმეცნიერება
სამყაროს შორეულ ნაწილში გალაქტიკების გიგანტური თაღი აღმოაჩინეს – #1tvმეცნიერება

სამყარო ძალიან დიდია და მასში ძალიან ბევრი დიდი რამ არის. არა მხოლოდ გალაქტიკები, არამედ გალაქტიკათა შეჯგუფებები და კოსმოსური აბლაბუდა, რომელიც მათ ერთმანეთთან აკავშირებს.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ერთ-ერთი უდიდესი ასეთი შეჯგუფება, რამაც შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინოს სამყაროს ევოლუციის შესახებ ჩვენს წარმოდგენაზე. ეს გახლავთ ჩვენგან 9,2 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკების თითქმის სიმეტრიული თაღი; მისი სიგანე 3,3 მილიარდი სინათლის წელია და ამ დრომდე იდენტიფიცირებული ერთ-ერთი უდიდესი სტრუქტურაა.

ასტრონომებმა მას გიგანტური თაღი უწოდეს და თუ მისი არსებობა დადასტურდა, ჩვენს სიაში კიდევ ერთი გიგანტური სტრუქტურა ჩაეწერება. მათი რაოდენობა სამყაროში წარმოუდგენლად ბევრი უნდა იყოს.

„სულ უფრო ძნელი ხდება იმის იგნორირება, რომ იზრდება ისეთ ფართომასშტაბიან სტრუქტურათა რაოდენობა, რომლებიც აღემატებიან თეორიულად შესაძლებელი ზომის ზღვრად მიჩნეულს“, — ამბობს ბრიტანეთის ცენტრალური ლანკეშირის უნივერსიტეტის ასტრონომი ალექსია ლოპესი.

მისივე განცხადებით, კოსმოლოგების აზრით, ამჟამინდელი თეორიული ზღვარი შეფასებულია 1,2 მილიარდი სინათლის წლად, გიგანტური თაღი კი ამაზე სამჯერ დიდია. საინტერესოა, კოსმოლოგიის სტანდარტული მოდელი სამყაროს ასეთ უზარმაზარ სტრუქტურებს იშვიათობად ჩათვლის, თუ სამყაროში მართლაც ბევრია ასეთი სტრუქტურა.

კოსმოლოგიის სტანდარტული მოდელი ეფუძნება ე. წ. კოსმოლოგიურ პრინციპს. ამის მიხედვით, საკმაოდ დიდ მასშტაბებზე, სამყარო ჰომოგენური, ანუ „გლუვია“ ყველა მიმართულებით. სამყაროს ყოველი მონაკვეთი მეტნაკლებად ერთნაირი უნდა იყოს, ყოველგვარ დიდ შეუსაბამობათა გარეშე.

ფართომასშტაბიანი სტრუქტურები, 1,2 მილიარდ სინათლის წელიწადზე დიდი, სწორედ ასეთ გამონაკლისად უნდა ჩაითვალოს. ერთი ან ორი ასეთი გამონაკლისი შემთხვევით განლაგებად შეიძლება მივიჩნიოთ, მაგრამ ფაქტია, მონაცემებში ისინი სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდება.

არსებობს სლოუნის დიდი კედელი, რომლის სიგანეც დაახლოებით 1,5 მილიარდი სინათლის წელია. შარშან აღმოაჩინეს სხვა ასეთივე სტრუქტურაც, რომელსაც სამხრეთ პოლუსის კედელი უწოდეს და ის დაახლოებით 1,37 მილიარდ სინათლის წელიწადზეა გადაჭიმული. კლოვეს-კამპუასნოს გალაქტიკათა ჯგუფის სიგრძე 2 მილიარდი სინათლის წელია, კვაზარების უზარმაზარი ჯგუფის (Huge-LQG) კი 4 მილიარდი. უდიდესია ჰერკულეს-ჩრდილოეთ კორონას დიდი კედელი, რომელიც 10 მილიარდ სინათლის წელიწადზეა გადაჭიმული.

გიგანტური თაღი პროგრამა Sloan Digital Sky Survey-ს ფარგლებში აღმოაჩინეს, როდესაც ლოპესი და მისი ჯგუფი კვაზარების სინათლეს სწავლობდნენ. კვაზარები არის სამყაროს ყველაზე კაშკაშა გალაქტიკები, რომლებსაც ცენტრში მოთავსებული საოცრად აქტიური სუპერმასიური შავი ხვრელი აკაშკაშებს.

როდესაც ამ გალაქტიკების სინათლე გალაქტიკათშორის გაზში გაივლის, ზოგიერთი ტალღის სიგრძე შთაინთქმება. ამ პროცესის შედეგად წარმოქმნილი სპექტრული შთანთქმის ხაზების გამოყენებით შესაძლებელია სამყაროში მატერიის გადანაწილების გარკვევა. ამ მეთოდით მკვლევრებმა შენიშნეს, რომ გალაქტიკების გიგანტური თაღი შეჯგუფებული უნდა იყოს.

ღრმა ანალიზებმა ეს თითქმის დაადასტურა. ჯგუფის მიერ მიღებული შედეგების სანდოობის დონე 99,9997 პროცენტია, ანუ 4,5 სიგმა — არც ისე კარგი 5-სიგმიანი ოქროს სტანდარტისთვის; შესაბამისად, მაინც არსებობს შანსი, რომ საქმე გვაქვს შემთხვევით განლაგებასთან. მიუხედავად ამისა, აღმოჩენა საკმაოდ საინტერესოა.

თუ სამყაროს ასეთ დიდ სტრუქტურათა აღმოჩენა გაგრძელდა, შეიძლება საჭირო გახდეს ახალი კოსმოლოგიური პრინციპის მიღება.

„საკმარისად დიდი მასშტაბებით ყურებისას, ღამის ცა მეტნაკლებად ერთნაირი უნდა ჩანდეს დამკვირვებლის მდებარეობის ან იმ მიმართულების მიუხედავად, საითაც ის იყურება“, — ამბობს ლოპესი.

მისივე განცხადებით, მათ მიერ შემჩნეული გიგანტური თაღი უფრო მეტ კითხვას ბადებს, ვიდრე რაიმეზე გვცემს პასუხს.

მკვლევართა ჯგუფი მუშაობას განაგრძობს და ცდილობს, აღმოჩენის სანდოობა 5 სიგმამდე გაზარდოს.

კვლევა ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების 238-ე შეხვედრაზე წარმოადგინეს.

მომზადებულია uclan.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.