დადასტურდა, რომ შვიდი მილიარდი წლის წინ, სამყარო დღევანდელზე ორჯერ უფრო ცხელი იყო — #1tvმეცნიერება
როდესაც მაცივარს აღებთ, წინასწარ ელოდებით, რომ იქ უფრო მეტად ეციება, ვიდრე თქვენს სამზარეულოში. ზუსტად ასე, როცა ასტრონომები სამყაროს ისტორიაში მილიარდობით წლის წინანდელ პერიოდს უყურებენ, წინასწარ იციან, რომ იქ მეტად ცხელოდა, ვიდრე დღევანდელ სამყაროში.
ახლახან, იაპონელ მკვლევართა ჯგუფმა ეს პროგნოზი განსაკუთრებული სიზუსტით დაადასტურა, რითაც შემოგვთავაზეს ამ დროისათვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტესტი სამყაროს ევოლუციის ჩვენეულ გაგებაში.
კეიოს უნივერსიტეტის მკვლევრების, ტაცუია კოტანისა და ტომოჰარუ ოკას ხელმძღვანელობით, მეცნიერთა ჯგუფმა გაზომა კოსმოსური მიკროტალღური ფონური რადიაციის ტემპერატურა, რაც წარმოადგენს დიდი აფეთქების შემდეგ დარჩენილ ფონურ ნათებას, რომელიც მთელ კოსმოსშია მოდებული.
თუმცა, ის მათ დღევანდელ მდგომარეობაში არ გაზომეს. ამის ნაცვლად, დააკვირდნენ სინათლეს, რომელმაც ჩვენამდე მოსაღწევად შვიდი მილიარდი წელიწადი იარა, რითაც ეფექტიანად გაზომეს სამყაროს ტემპერატურა შორეულ წარსულში.
შედეგი? აბსოლუტურ ნულს (±0.06 K) ზემოთ 5,13 გრადუსი, რაც დაახლოებით ორჯერ მაღალია ამჟამინდელ ტემპერატურაზე, ანუ 2.7 K-ზე.
ეს მხოლოდ უცნაური ფაქტი არ არის; ეს ფუნდამენტური პროგნოზია დიდი აფეთქების თეორიისა, რომლის თანახმადაც, გაფართოებასთან ერთად, სამყარო ცივდება და შესაბამისად, ის მით უფრო ცხელი უნდა იყოს, რაც უფრო შორეულ წარსულში ვიხედებით.
ახალი გაზომვა განსაკუთრებულია მისი სიზუსტის გამო. ჩილეში, ატაკამის უდაბნოში განთავსებული ტელესკოპის, ALMA-ს საარქივო მონაცემების გამოყენებით, ჯგუფმა ანალიზები ჩაუტარა შორეული კვაზარის სინათლეს.
კოსმოსში მოძრაობისას, სინათლე ურთიერთქმდებს კოსმოსურ ფონურ რადიაციასთან და ტოვებს დამახასიათებელ ხელწერებს, რომელთა საფუძველზეც, მკვლევრებმა მისი ტემპერატურის უპრეცედენტო სიზუსტით განსაზღვრა შეძლეს.
ეს გაზომვა ყველაზე ზუსტია სამყაროს ასე შორეული, შუალედური ისტორიის შესახებ ოდესმე ჩატარებულთა შორის. წინა გაზომვები ეხებოდა როგორც ძლიერ ადრეულ სამყაროს, ისე ახლანდელ დროს; გაუზომავი რჩებოდა სამყაროს შუა პერიოდის ტემპერატურა.
ამ ყველაფერს მნიშვნელობა აქვს, იმიტომ, რომ სამყაროს წარმოშობისა და ევოლუციის კვლევა მოქცეულია ჩარჩოში, რომელსაც სტანდარტული მოდელი ეწოდება. ეს მოდელი აკეთებს კონკრეტულ, ტესტირებად პროგნოზებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იქცეოდეს სამყარო.
კოტანის ჯგუფის მიერ ჩატარებული ტემპერატურული გაზომვები ამ პროგნოზებს თითქმის სრულყოფილად დაემთხვა, რაც აძლიერებს დამაჯერებლობას, რომ კოსმოლოგიური ევოლუციის ჩვენეული გაგება მყარ საფუძველზე დგას.
მაგალითად, თუკი ამინდის პროგნოზი გვეუბნება, რომ მოსალოდნელია წვიმა და მართლაც იწვიმებს, გაგიჩნდებათ ნდობა მეტეოროლოგიური მოდელის შესახებ.
ზუსტად ასე, როცა კოსმოლოგები პროგნოზირებენ კონკრეტულ ტემპერატურას შვიდი წლის წინანდელი სამყაროსთვის და ამას დაკვირვებაც ადასტურებს, გვიჩნდება ნდობა ჩვენი მოდელებისადმი.
მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.