უძველესი სინათლის ახალი ანალიზი ადასტურებს, რომ სამყარო 13,8 მილიარდი წლის წინ დაიბადა — #1TVმეცნიერება
უძველესი სინათლის ახალი ანალიზი ადასტურებს, რომ სამყარო 13,8 მილიარდი წლის წინ დაიბადა — #1TVმეცნიერება

რა ხნისაა სამყარო? უკვე ათწლეულებია, ასტროფიზიკოსებს შორის ამ საკითხზე ცხარე დებატები მიმდინარეობს. ბოლო წლებში, ახალმა სამეცნიერო საზომებმა შემოგვთავაზა, რომ შესაძლოა, სამყარო ასეულობით მილიონი წლით უფრო ახალგაზრდა იყოს, ვიდრე მანამდე გამოთვლებით მიღებული მაჩვენებელი — 13,8 მილიარდი წელი. თუმცა, ასტროფიზიკოსთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ პუბლიკაციათა სერიის სახით გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, სამყაროს ასაკი მართლაც დაახლოებით 13,8 მილიარდი წელია. დაკვირვებებს ისინი ჩილეში, ატაკამის უდაბნოში მდებარე ატაკამის კოსმოლოგიური ტელესკოპით (ACT) აწარმოებდნენ; მათი აღმოჩენები ემთხვევა იმავე უძველესი სინათლისთვის თანამგზავრ „პლანკის“ მიერ ჩატარებულ გაზომვებს.

ატაკამის კოსმოლოგიური ტელესკოპის კვლევითი ჯგუფი წარმოადგენს საერთაშორისო თანამშრომლობას შვიდი ქვეყნის 41 სხვადასხვა ინსტიტუციის მეცნიერთა შორის.

დიდი აფეთქების შედეგად დარჩენილი ნათება, კოსმოსური მიკროტალღური ფონი სამყაროში დღემდე ფიქსირდება. მის ახალ ანალიზში გადამწყვეტი როლი შეასრულა ნიუ-იორკის სტონ-ბრუკის უნივერსიტეტის ჯგუფმა პროფესორ ნილიმა სეგალის ხელმძღვანელობით.

„კვლევის ჩვენს ნაწილში, აღვადგინეთ სამყაროს „ჩვილობის ფოტო“ მის თავდაპირველ მდგომარეობაში, გამოვრიცხეთ სივრცე-დროის ყველა ის დაზიანება, რომელიც ამ ფოტოს აფუჭებდა. ჩვილობის მხოლოდ ასეთი მკვეთრი ფოტოს საშუალებით შეგვიძლია უფრო სრულად დავადგინოთ, როგორ დაიბადა ჩვენი სამყარო“, — ამბობს სეგალი, კვლევის თანაავტორი.

პროფესორ სეგალის განმარტებით, ჩვილი სამყაროს საუკეთესო ხარისხის ფოტოს საშუალებით, მეცნიერები უკეთ გაიგებენ სამყაროს წარმოშობას, როგორ მოვხვდით ჩვენ მასში, დედამიწაზე, გალაქტიკების წარმოშობას, საით მივემართებით, როგორ და როდის შეიძლება დასრულდეს სამყარო.

ატაკამის კოსმოლოგიური ტელესკოპის ჯგუფმა სამყაროს ასაკი მისი უძველესი სინათლის ანალიზის საფუძველზე შეაფასა. სხვა სამეცნიერო ჯგუფებმა ამისათვის გალაქტიკების მრავალმხრივი ანალიზი ჩაატარეს.

სამყაროს ასაკის ირგვლივ ტელესკოპის ჯგუფის ახალი შეფასება ემთხვევა იმ შეფასებებს, რომლებიც სამყაროს სტანდარტული მოდელით ტარდება თანამგზავრ „პლანკის“ მიერ შეგროვებული ამავე სინათლის ანალიზის საფუძველზე. ახალი კვლევის ერთ-ერთი პუბლიკაციის ავტორის, სიმონ აიოლას განცხადებით, ასეთი შედეგი ძლიერ იმოქმედებს ასტროფიზიკოსებს შორის სამყაროს ასაკის ირგვლივ მიმდინარე დებატებზე.

„ამჯერად, მივედით მომენტთან, როდესაც „პლანკისა“ და ატაკამის კოსმოლოგიური ტელესკოპის პასუხი ერთი და იგივეა. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ეს ურთულესი ანალიზები დამაჯერებელია“, — ამბობს ნიუ-იორკის ფლეტირონის ინსტიტუტის კომპიუტერული ასტროფიზიკის ცენტრის მკვლევარი სიმონ აიოლა.

2019 წელს, გალაქტიკების მოძრაობის საფუძველზე მკვლევართა ჯგუფმა გამოთვალა, რომ სამყარო იმაზე ასობით მილიონი წლით ახალგაზრდაა, ვიდრე პლანკის ჯგუფი პროგნოზირებდა. ასეთი შეუსაბამობა კი იმაზე მიუთითებდა, რომ შეიძლება საჭირო ყოფილიყო სამყაროს ახალი მოდელი; ამავე დროს წარმოშობდა საშიშროებას, რომ რომელიღაც ანალიზი შესაძლოა, არასწორი ყოფილიყო.

სამყროს ასაკი ასევე გვეუბნება, რა სისწრაფით ფართოვდება კოსმოსი — რიცხვი, რომელსაც ჰაბლის მუდმივა ეწოდება. ატაკამის კოსმოლოგიური ტელესკოპის ჯგუფის ანალიზები მიუთითებს, რომ ჰაბლის მუდმივა წამში 67,6 კილომეტრია მეგაპარსეკზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დედამიწიდან 1 მეგაპარსეკის (დაახლოებით 3,26 მლნ სინათლის წელი) მანძილზე მდებარე ობიექტი სამყაროს გაფართოების გამო წამში 67,6 კილომეტრით გვშორდება. ასეთი შედეგი თითქმის ზუსტად ემთხვევა პლანკის თანამგზავრის ჯგუფის მიერ მიღებულ შედეგს — წამში 67,4 კილომეტრს; თუმცა, უფრო ნელია, ვიდრე ეს მკვლევართა სხვა ჯგუფმა გალაქტიკათა მოძრაობის საფუძველზე გამოთვალა — მათი შედეგი წამში 74 კილომეტრია.

ატაკამის კოსმოლოგიური ტელესკოპი დაკვირვებებს აგრძელებს და ეჭვგარეშეა, რომ ასტრონომები მიიღებენ კოსმოსური მიკროტალღური ფონის უფრო დეტალურ სურათს და უფრო ზუსტ მოსაზრებას სამყაროს ასაკის შესახებ. ტელესკოპის ჯგუფი აპირებს, რომ ამ დაკვირვებებში ასევე მოძებნოს ფიზიკის ნიშნები, რომლებიც არ ეთავსება სტანდარტულ კოსმოლოგიურ მოდელს. ასეთმა უცნაურმა ფიზიკამ შეიძლება გადაჭრას ის შეუსაბამობა, რომელიც სამყაროს ასაკისა და გაფართოების მაჩვენებლების ირგვლივ არსებობს კოსმოსური მიკროტალღური ფონისა და გალაქტიკების მოძრაობის ანალიზებს შორის.

მომზადებულია phys.org-ის მიხედვით.