რომელი იყო პირველი ფერი სამყაროში, რა ფერისაა ის ახლა და რომელი ფერი გაბატონდება მომავალში
რომელი იყო პირველი ფერი სამყაროში, რა ფერისაა ის ახლა და რომელი ფერი გაბატონდება მომავალში

სამყარო ჩაფლულია სინათლის ზღვაში, ლურჯ-თეთრი ახალგაზრდა ვარსკვლავების ციმციმით დაწყებული, წყალბადის ღრუბლების ღრმა წითელი ნათებით დამთავრებული. თუმცა, ადამიანის თვალისათვის ხილული ამ ფერების მიღმა, არსებობს რენტგენული და გამა სხივების ანთებები, რადიოსიგნალთა მძლავრი აფეთქებები და მკრთალი, მუდმივად არსებული კოსმოსური მიკროტალღური ფონის ნათება. კოსმოსი სავსეა ხილული თუ უხილავი, ძველი თუ ახალი ფერებით, მაგრამ ამ ყველაფრის გარდა, იყო ერთი ფერი, რომელიც დანარჩენებზე ადრე გაჩნდა, ანუ წარმოადგენდა სამყაროს პირველ ფერს.

სამყარო 13,8 მილიარდი წლის წინ, დიდი აფეთქებით დაიბადა. ყველაზე ადრეულ მომენტებში ის უფრო მკვრივი და ცხელი იყო, ვიდრე მას შემდეგ ოდესმე. დიდი აფეთქება ხშირად ვიზუალიზებულია სინათლის კაშკაშა ანთება, რომელიც წყვდიადის ზღვაში გამოჩნდა, მაგრამ ასეთი სურათი არასწორია. დიდი აფეთქება ცარიელ სივრცეში არ მომხდარა. დიდი აფეთქება ენერგიით სავსე გაფართოებადი სივრცე იყო.

პირველად ტემპერატურა იმდენად მაღალი იყო, რომ არ არსებობდა სინათლე. კოსმოსი წამის მონაკვეთებში უნდა გაციებულიყო, რათა ფოტონები გამოჩენილიყო. დაახლოებით 10 წამის შემდეგ, სამყარო ფოტონების ეპოქაში შევიდა. წყალბადისა და ჰელიუმის ატომბირთვებში გაცივდა პროტონები და ნეიტრონები და კოსმოსი ამოივსო ატომის ბირთვების, ელექტრონებისა და ფოტონების პლაზმით. იმ დროისათვის, სამყაროს ტემპერატურა დაახლოებით მილიარდი გრადუსი ცელსიუსი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ სინათლე უკვე არსებობდა, ჯერ არ იყო ფერები. ფერი არის რაღაც ისეთი, რასაც ჩვენ ვხედავთ ან სულ მცირე რაღაც სახის თვალები ხედავს. ფოტონების ეპოქის დროს, ტემპერატურა იმდენად მაღალი იყო, რომ სინათლეს მკვრივ პლაზმაში შეღწევა არ შეეძლო. ფერები არ უნდა გამოჩენილიყო იქამდე, ვიდრე ატომბირთვები და ელექტრონები ისე არ გაცივდებოდნენ, რათა ატომებად დაკავშირებოდნენ. ამ დონემდე გაციებისათვის სამყაროს 380 000 წელიწადი დასჭირდა.

იმ დროისთვის, დაკვირვებადი სამყარო წარმოადგენდა 84 მილიონი სინათლის წლის დიამეტრზე გადაჭიმულ წყალბადისა და ჰელიუმის გამჭვირვალე ღრუბელს. დიდ აფეთქებაში წარმოქმნილი ყველა ფოტონს ბოლოსდაბოლოს უკვე თავისუფლად შეეძლო სივრცესა და დროში გავლა.

ეს კი ის არის, რასაც დღეს კოსმოსური მიკროტალღური ფონის სახით ვხედავთ — იმ პერიოდის სინათლის ნათება, როდესაც სამყარო საბოლოოდ გახდა ხილული. მილიარდობით წლის განმავლობაში ეს ნათება იმ წერტილამდე გაცივდა, რომ ამჟამად მისი ტემპერატურა აბსოლუტურ ნულზე სამი გრადუსით მაღალია. როცა ის პირველად გამოჩნდა, სამყარო გაცილებით თბილი იყო, დაახლოებით 2700 გრადუსი ცელსიუსი. ადრეული სამყარო სავსე იყო თბილი კაშკაშა ნათებით.

კარგად არის ცნობილი, რომელი იყო პირველი ფერი სამყაროში. ადრეულ სამყაროში ტემპერატურა ყველგან თითქმის ერთნაირი იყო და მისი სინათლე გადანაწილებული იყო ტალღის სიგრძეში, რომელსაც აბსოლუტურად შავ სხეულს უწოდებენ. მრავალი ობიექტი თავის ფერს იღებს მატერიის იმ ტიპისგან, რომლისგანაც ის შედგება, მაგრამ აბსოლუტურად შავი სხეულის ტემპერატურა დამოკიდებულია მხოლოდ მის ტემპერატურაზე. 2700 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე აბსოლუტურად შავ სხეულს უნდა ჰქონოდა კაშკაშა მოთეთრო-მონარინჯისფრო ნათება, დაახლოებით ისეთი, როგორიც ძველ 60-ვატიან ნათურას აქვს.

ადამიანები ფერებს ძალიან დიდი სიზუსტით ვერ ვხედავთ. ფერი, რომელსაც ჩვენ აღვიქვამთ, დამოკიდებულია არა მხოლოდ სინათლის ნამდვილ ფერზე, არამედ მის სიკაშკაშეზეც და იმაზეც, არის თუ არა ჩვენი თვალები სიბნელეზე ადაპტირებული. თუკი პირველი სინათლის გამოჩენის ეპოქაში დაბრუნებას შევძლებდით, სავარაუდოდ აღვქვამდით ცეცხლის სინათლის მსგავს ნარინჯისფერ ნათებას.

მომდევნო რამდენიმე ასეული მილიონი წლის განმავლობაში, მკრთალი ნარიჯისფერი ნათება მოწითალოდ უნდა დაჩრდილულიყო, რადგან სამყარო გაფართოებას და გაციებას აგრძელებდა. თანდათანობით, სამყარო გაშავდა. 400 მილიონი წლის შემდეგ, დაიწყო პირველი კაშკაშა მოცისფრო-მოთეთრო ვარსკვლავების წარმოქმნა. მას შემდეგ, რაც გამოჩნდა და განვითარდა ვარსკვლავები და გალაქტიკები, კოსმოსმა ახალი ფერის მიღება დაიწყო.

2002 წელს, სამყაროს ამჟამინდელი ფერის გასარკვევად, კარლ გლეიზბრუკმა და ივან ბალდრიმ კომპიუტერულ პროგრამას მიმართეს. დღეს ხილული გალაქტიკებისა და ვარსკვლავების ფერებზე დაყრდნობით, მათ საშუალო ფერი გამოიყვანეს. აღმოჩნდა, რომ სამყარო დღეს მკრთალი რუჯის ფერია, დაახლოებით კრემიანი ყავის მსგავსად. ამ ფერს მათ „კოსმოსური ლატე“ უწოდეს.

თუმცა, სამუდამოდ არც ეს ფერი გასტანს. დიდი ცისფერი ვარსკვლავების დაბერებისა და სიკვდილის კვალდაკვალ, დარჩება მხოლოდ ჯუჯა ვარსკვლავთა წითელი ნათება. ტრილიონობით წლის შემდეგ, საბოლოოდ მათი შუქიც გაქრება და სამყარო შავი წყვდიადის ზღვა გახდება. იმ დროისათვის წაიშლება ყველა ფერი და დრო კვლავ წყვდიადს გაამეფებს.

მაგრამ ამჟამად, სამყაროს ფერები კვლავ გვხატავს. თუკი ოდესმე, ბნელ ღამეში კოცონთან კრემიანი ყავის ფინჯნით ხელში დაჯდებით, გახსოვდეთ, რომ თქვენ კოსმოსურ ფერთა გარემოცვაში ხართ, წარსულის, ამჟამინდელი და მომავლის.

მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.