ადრეულ სამყაროში ციმციმებდა მაწანწალა ვარსკვლავების აჩრდილისებრი სინათლე, მაგრამ არ ვიცით, სად გაჩნდნენ ეს ვარსკვლავები — #1tvმეცნიერება
ადრეულ სამყაროში ციმციმებდა მაწანწალა ვარსკვლავების აჩრდილისებრი სინათლე, მაგრამ არ ვიცით, სად გაჩნდნენ ეს ვარსკვლავები — #1tvმეცნიერება

კოსმოსში იმაზე გაცილებით მეტი რამ არის, ვიდრე ჩვენი თვალი ხედავს.

გრავიტაციულად შეკრულ უზარმაზარ გალაქტიკათგროვებს შორის არსებულ უფსკრულებში, ეული ვარსკვლავები მარტოსულად დახეტიალობენ კოსმოსური რონინებივით.

არ ვიცით, საიდან მოვიდნენ ეს ვარსკვლავები. მშობლიური გალაქტიკებიდან გამოიდევნენ? თუ ყოველთვის იქ იყვნენ, ეულად წარმოიქმნენ წყვდიადში?

ამ კითხვებზე პასუხის საძებნელად, ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი 10 გალაქტიკათგროვას დააკვირდა, რომელთა სინათლესაც ჩვენამდე მოსაღწევად დაახლოებით 10 მილიარდი წელიწადი დასჭირდა. დაკვირვებებმა ცხადყო, რომ ეული ვარსკვლავების სუსტი, გაფანტული სინათლე ადრეულ სამყაროში, გროვებს შიგნით სივრცეშიც ანათებდა; ეს ვარსკვლავები მარტოსულად მართლაც დიდი ხანია, რაც დაეხეტებიან.

„ეს იმას ნიშნავს, რომ გროვების წარმოქმნის ადრეულ ეტაპებზე ეს ვარსკვლავები უკვე „უსახლკაროები“ იყვნენ“, — ამბობს სამხრეთ კორეის იონსეს უნივერსიტეტის ასტრონომი ჯეიმს ჯი.

ეს კი გამორიცხავს, რომ ვარსკვლავები საკუთარი გალაქტიკებიდან გალაქტიკათშორის სივრცეში ბოლოდროინდელ გრავიტაციულ ურთიერთქმედებებს გაეტყორცნა.

გალაქტიკათგროვები დინამიკური გარემოებია, რომლებიც ასობით ათასი გალაქტიკისგან შედგება და ერთმანეთთან გრავიტაციულად არიან მიბმული. ასეთ მაღალი სიმკვრივის სიტუაციებში, გალაქტიკები ერთმანეთს მაღალი მაჩვენებლით ეჯახებიან და ერწყმიან; ასეთი გრავიტაციული „ცეკვების“ შედეგად, ერთმანეთთან საბოლოოდ შერწყმამდე, გალაქტიკებიდან მატერიის გრძელი ნაკადები გამოიწელება.

გროვაში, გალაქტიკებს შორის არსებულ გაუხშოებულ გაზს, რომელსაც გროვისშიდა სივრცეს უწოდებენ, ასევე შეუძლია გამოიწვიოს წევა, რომელიც გროვის ცენტრის გარშემო გალაქტიკის მოძრაობისას, გალაქტიკის მატერიას (და ვარსკვლავებს) გალაქტიკიდან გამოდევნის.

გალაქტიკებს შიგნით არსებულ სხვადასხვა სიტუაციას, მაგალითად, არაპროპორციულ სუპერნოვას და სამსხეულიან გრავიტაციულ ურთიერთქმედებებს, რომლებშიც შავი ხვრელიც მონაწილეობს — შეუძლია, რომ ვარსკვლავები ვარსკვლავთშორის სივრცეში გალაქტიკური მეორე კოსმოსური სიჩქარით გატყორცნოს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამაზე მოდიოდეს გროვისშიდა სინათლე, რადგან სავარაუდოა, რომ ეს სცენარები მაინც ხდება გალაქტიკათგროვის წევრობის მიუხედავად.

გამომდინარე აქედან, არსებობს გროვისშიდა მოხეტიალე ვარსკვლავთა წარმოშობის სამი შესაძლო სცენარი: შერწყმები, გამოდევნა ან ეს ვარსკვლავები უკვე არსებობდა, როდესაც გროვები ყალიბდებოდა.

ჯიმ და მისმა კოლეგამ, ასტრონომმა ჰიუნჯინ ჯომ დაადგინეს, რომ გროვისშიდა სივრცეში წევა ამაზე პასუხისმგებელი ვერ იქნება. იმიტომ, რომ დროთა განმავლობაში, სულ უფრო და უფრო მეტი ვარსკვლავი უნდა გაიდევნოს გალაქტიკებიდან გროვისშიდა სივრცეში, რამაც უნდა გაზარდოს გროვისშიდა სინათლის პროპორცია.

თუმცა, სამყაროს ისტორიის განმავლობაში, 10 მილიარდი წლის წინ, გროვებსშიდა სინათლე სტაბილურობას ინარჩუნებდა. მკვლევრებმა ნათების ზრდის მტკიცებულებას ვერ მიაგნეს.

„დაზუსტებით არ ვიცით, რატომ იქცნენ ეს ვარსკვლავები უსახლკაროდ. ჩვენ მიერ მიღებულ შედეგებს ამჟამინდელი თეორიები ვერ ხსნის, მაგრამ როგორღაც მოხდა ისე, რომ ადრეულ სამყაროში დიდი ოდენობით ასეთი ვარსკვლავი იყო. ჩამოყალიბების საწყის წლებში, გალაქტიკები შეიძლება საკმაოდ პატარები ყოფილიყვნენ და სუსტი გრავიტაციის გამო, ვარსკვლავებს ადვილად კარგავდნენ“, — ამბობს ჯი.

მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, მათ მიერ მიღებული შედეგები მიუთითებს, რომ გროვისშიდა სინათლის დომინანტი წყარო არის გროვაში კაშკაშა გალაქტიკების ზრდა მაშინ, როდესაც გროვა ჯერ კიდევ ყალიბდებოდა, ანდაც მათში ისეთ ეულ ვარსკვლავთა შესვლა, რომლებიც მისი ჩამოყალიბების დროს, მის გარშემო თავისუფლად დახეტიალობდნენ.

ეს კი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ გროვისშიდა სინათლეს შეუძლია დაგვეხმაროს უხილავი ბნელი მატერიის აღრიცხვაში, რომელიც გროვას ერთიანობის შენარჩუნებაში ეხმარება. თუკი გალაქტიკები ერთმანეთს ბოლო პერიოდში შეერწყა, ამ გამანადგურებელი მოვლენის დროს გამოტყორცნილ ვარსკვლავებს გროვისშიდა სივრცეში მიმოფანტვის დრო არ უნდა ჰქონოდათ, არ იქნებოდა სინათლეც და შესაბამისად, ზუსტად ვერ აღვრიცხავდით ბნელი მატერიის გადანაწილებას.

თუმცა, გაცილებით თანაბრად უნდა იყოს გადანაწილებული მაწანწალა ვარსკვლავები, რომლებიც უკვე არსებობდნენ გროვების ადრეულ დღეებში.

„თუკი გროვისშიდა ვარსკვლავთა წარმომავლობას დავადგენთ, სასარგებლო ცნობებს მივიღებთ მთლიანი გალაქტიკათგროვის აწყობის ისტორიის შესახებ; ამას გარდა, ისინი შეიძლება გამოვიყენოთ გროვაში არსებული ბნელი მატერიის ხილულ გზამკვლევებად“, — ამბობს ჯო.

სამყაროში ბნელი მატერიის ბუნება და როლი ჯერ კიდევ დიდი საიდუმლოა.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.