აღმოჩენილია დიდი აფეთქებიდან 250 მლნ წლის შემდეგ დაბადებული ვარსკვლავები
აღმოჩენილია დიდი აფეთქებიდან 250 მლნ წლის შემდეგ დაბადებული ვარსკვლავები

ჩვენგან 13,28 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკაში აღმოჩენილია ვარსკვლავები, რომლებიც დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც 250 მილიონი წლის შემდეგ დაიბადნენ.

ამ შორეულ გალაქტიკაში, რომელსაც MACS1149-JD1 უწოდეს, ვარსკვლავები სამყაროს ისტორიის იმაზე ადრეულ მონაკვეთში გაჩნდნენ, ვიდრე მეცნიერებს შეუძლიათ პირდაპირი დაფიქსირება.

ახალი კვლევის შედეგად ცნობილი ხდება, რომ MACS1149-JD1 არის ჟანგბადის ჩვენთვის ცნობილი ყველაზე შორეული წყარო და ყველაზე შორეული გალაქტიკა, რომელშიც უზუსტესი დაკვირვებები განხორციელდა.

MACS1149-JD1 პირველად 2012 წელს აღმოაჩინეს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე შორეული ობიექტი დედამიწიდან, რომლის შუქზე დაკვირვებაც მეცნიერებს შეეძლოთ.

ახლახან ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯისა და იაპონიის ოსაკა-სანგიოს უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა უზუსტესი ანალიზები ჩაუტარა ამ გალაქტიკის წითელ წანაცვლებას, ანუ სინათლის ტალღის სიგრძეთა გაჭიმვას, როცა სინათლე სპექტრში წითლად „გადაადგილებული“ ჩანს.

წითელ წანაცვლებას შეუძლია გვითხრას, რა მანძილზეა სინათლის გამომყოფი ობიექტი (ამ შემთხვევაში გალაქტიკა). ასევე, სამყაროს გაფართოების სისწრაფიდან გამომდინარე, გვეუბნება, როდის გამოიყო ეს სინათლე.

ჟანგბადის დაფიქსირებით, შესაძლებელი გახდა ამ გალაქტიკის ვარსკვლავთა ასაკის გარკვევა. ჟანგბადი ვარსკვლავებში წარმოიქმნება და გალაქტიკის გაზის ღრუბლებში გაიტყორცნება მაშინ, როცა ვარსკვლავები კვდებიან. შესაბამისად, MACS1149-JD1-ში ჟანგბადის არსებობა ადასტურებს, რომ ამ სისტემაში უკვე არსებობდა ვარსკვლავთა წინა თაობა, რომელიც დაიხოცა.

მართალია, მკვლევრები ჟანგბადის აღმოჩენას დიდად არ გაუკვირვებია, მაგრამ მათი განცვიფრება გამოიწვია იმან, როგორ წარმოიქმნა სამყაროს ისტორიის ასე ადრეულ მონაკვეთში ეს ჟანგბადი. აქედან გამომდინარე, მათ ვარსკვლავთა ასაკის დამატებითი კვლევები დაიწყეს.

ჩილეში, ატაკამის უდაბნოში განთავსებული უმძლავრესი რადიოტელესკოპის, ALMA-ს გამოყენებით, ჯგუფმა MACS1149-JD1-ის სპექტრში გაზომა იონიზებული ჟანგბადის გამოყოფის ხაზი. შედეგად გაირკვა, რომ გალაქტიკის წითელი წანაცვლება 9,11-ს უდრის. რაც უფრო დიდია წითელი წანაცვლება, მით უფრო შორეული და მკრთალია გალაქტიკა. შესაბამისად, ჯგუფმა დაასკვნა, რომ ისინი უყურებდნენ დაახლოებით 550 მილიონი წლის ასაკის გალაქტიკას.

NASA/ESA-ს ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპისა და NASA-ს სპიტცერის კოსმოსური ტელესკოპის ინფრაწითელი მონაცემების შესწავლის შედეგად, ჯგუფი გალაქტიკის სიკაშკაშეს დააკვირდა.

დაკვირვებათა შედეგად გაირკვა, რომ ამ გალაქტიკაში არსებითი ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესი მიმდინარეობდა დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც 250 მილიონი წლის შემდეგ. ALMA-ს მონაცემებმა ყველანაირი სხვა შესაძლებლობა გამორიცხა.

მანძილი ჩვენგან ამ გალაქტიკამდე ჯგუფმა საბოლოოდ დაადასტურა ALMA-სა და ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის (ESO) ძალიან დიდი ტელესკოპის (VLT) მონაცემთა საფუძველზე.

მკვლევართა თქმით, სამყაროს ისტორიის იმ წერტილის პოვნით, როდესაც პირველად გაჩნდნენ ვარსკვლავები და გალაქტიკები, მეცნიერები ამოსხნიან თანამედროვე ასტრონომიის ერთ-ერთ უდიდეს საიდუმლოებს.

გაჩნდა თუ არა პირველი გალაქტიკები მთლიანად ბნელ სამყაროში? როგორ გამოიყურებოდა პირველი ვარსკვლავები და გალაქტიკები? — ასტრონომთა თქმით, ეს კვლევა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად.

ასტრონომები განსაკუთრებულ იმედს ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპზე ამყარებენ. ჯეიმს ვები კაცობრიობის ისტორიაში აგებული უდიდესი კოსმოსური ტელესკოპია, რომელსაც NASA 2020 წელს გაუშვებს. მისი მთავარი მიზანი სამყაროს წარმოშობის გარკვევა იქნება.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია space.com-ის მიხედვით