ასტრონომებმა აბსოლუტურად მონსტრი გალაქტიკა აღმოაჩინეს.
მდებარეობას ჩვენგან დაახლოებით სამი მილიარდი სინათლის წლის მანძილზე და მას ალკიონევსი უწოდეს; წარმოადგენს გიგანტურ რადიოგალაქტიკას, რომლის სიგრძეც 16,3 მილიონი სინათლის წელიწადია და ამ მაჩვენებლით, ამ დროისათვის ჩვენთვის ცნობილი უდიდესი გალაქტიკური წარმოშობის სტრუქტურაა.
აღმოჩენა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ჩვენს მწირ ცოდნას ამ სახის სტრუქტურებისა და მათი ზრდის ფაქტორების შესახებ. თუმცა, მისი საშუალებით შეიძლება უკეთესად შევისწავლოთ არა მხოლოდ რადიოგალაქტიკები, არამედ გალაქტიკათშორისი სივრცეც, კოსმოსის უზარმაზარ ვოიდებში.
გიგანტური რადიოგალაქტიკები ისედაც საიდუმლოებით სავსე სამყაროს კიდევ ერთი საიდუმლოა. შედგებიან მასპინძელი გალაქტიკისა (ვარსკვლავების კრებული, რომელიც გალაქტიკის ბირთვში მოთავსებული სუპერმასიური შავი ხვრელის გარშემო მოძრაობს) და მისი ცენტრიდან ამოფრქვეული კოლოსალური ჭავლებისა და შვერილებისგან.
ეს ჭავლები და შვერილები გალაქტიკათშორის სივრცესთან ურთიერთქმედებენ და სინქროტრონის სახით მოქმედებენ, რადგან აჩქარებენ ელექტრონებს, რომლებიც რადიოგამოსხივებას წარმოქმნიან.
დაზუსტებით ვიცით ისიც, რა წარმოქმნის ჭავლებს: გალაქტიკის ცენტრში მოთავსებული აქტიური სუპერმასიური შავი ხვრელი. შავ ხვრელს „აქტიური“ ეწოდება, როდესაც ის მის გარშემო მოძრავი მატერიის გიგანტური დისკოდან თანდათან შთანთქავს მატერიას.
თუმცა, შავი ხვრელის გარშემო მორევივით მბრუნავი ამ აკრეციული დისკოს მთელი მატერია როდი გადადის მოვლენათა ჰორიზონტს მიღმა. მისი მცირე ნაწილი როგორღაც ახერხებს და აკრეციული დისკოს შიდა რეგიონიდან შავი ხვრელის პოლუსებისკენ მიემართება, საიდანაც ის კოსმოსში იტყორცნება იონიზებული პლაზმის ჭავლების სახით, თანაც წარმოუდგენლად სწრაფად, სინათლის სიჩქარის მნიშვნელოვანი პროცენტულობით.
ეს პროცესი საკმაოდ ნორმალურია. რადიოშვერილები ირმის ნახტომსაც კი აქვს. რაც კარგად არ ვიცით, ის არის, თუ რატომ არის ზოგიერთ გალაქტიკაში ისინი წარმოუდგენლად დიდი, მეგაპარსეკების მასშტაბების. მათ გიგანტურ რადიოგალაქტიკებს უწოდებენ და ყველაზე ექსტრემალური მაგალითები შეიძლება საკვანძო იყოს მათი ზრდის მიზეზების გასარკვევად.
„თუ არსებობს მასპინძელი გალაქტიკის ისეთი მახასიათებლები, რომლებიც გიგანტურ რადიოგალაქტიკათა ზრდის მნიშვნელოვანი მიზეზია, მაშინ, ყველაზე დიდი გიგანტური რადიოგალაქტიკები მათ უნდა ფლობდნენ. ასევე, თუ არსებობს განსაკუთრებით ფართომასშტაბიანი გარემო პირობები, რომლებიც უაღრესად ხელსაყრელია გიგანტური რადიოგალაქტიკების ზრდისთვის, მაშინ, სავარაუდოდ, მათში ყველაზე დიდი გიგანტური რადიოგალაქტიკები არსებობენ“, — წერს მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც ნიდერლანდების ლაიდენის ობსერვატორიის ასტრონომი მარტინ ოეი ხელმძღვანელობდა.
ასეთი მახასიათებლების მოძებნა ჯგუფმა LOFAR-ის მონაცემებში გადაწყვიტა; ეს გახლავთ ინტერფერომეტრული ქსელი, რომელიც ევროპაში 52 სხვადასხვა ადგილას მოთავსებული 20 000 რადიოანტენისგან შედგება.
მონაცემთა დამუშავებისას, ამოიღეს კომპაქტური რადიოწყაროები, რომლებსაც შეიძლება დიფუზიური რადიოშვერილების დაფიქსირებაში ხელი შეეშალა და შემდეგ, გაასწორეს ოპტიკური დეფორმაციები.
მათი განცხადებით, შედეგად მიღებული გამოსახულებები წარმოადგენს რადიოგალაქტიკური შვერილების ამ დროისათვის ყველაზე მგრძნობიარე ძებნას.
საბოლოოდ, მათ ალკიონევსი იპოვეს, რომელიც გალაქტიკიდან რამდენიმე მილიარდი სინათლის წლის მანძილზე იფრქვევა.
„აღმოვაჩინეთ ამ დროისთვის ცნობილი ყველაზე დიდი სტრუქტურა, რომელიც მხოლოდ ერთი გალაქტიკის მიერ არის წარმოქმნილი — გიგანტური რადიოგალაქტიკა, რომლის პროექტირებული სიგრძეც არის 4.99 ± 0.04 მეგაპარსეკი, ნამდვილი სიგრძე კი სულ მცირე 5.04 ± 0.05 მეგაპარსეკი“, — წერენ მკვლევრები.
მას შემდეგ, რაც შვერილები გაზომეს, მასპინძელი გალაქტიკის შესასწავლად პროგრამა Sloan Digital Sky Survey გამოიყენეს.
დაადგინეს, რომ ის საკმაოდ ნორმალური ელიფსური გალაქტიკაა, ჩაჭედილია კოსმოსური აბლაბუდის ფილამენტში, აქვს დაახლოებით 240 მილიარდი მზის მასა, მის ცენტრში მოთავსებულ სუპერმასიურ შავ ხვრელში კი დაახლოებით 400 მილიონი მზის მასა იყრის თავს.
ორივე ეს მაჩვენებელი სინამდვილეში გიგანტური რადიოგალაქტიკების ქვედა ზღვართან არის, რამაც შეიძლება, გარკვეული ცნობები მოგვცეს იმის შესახებ, რამ განაპირობა მისი რადიოშვერილების ზრდა.
„თუ არ ჩავთვლით გეომეტრიას, ალკიონევსი და მისი მასპინძელი საეჭვოდ ჩვეულებრივები არიან: მთლიანად დაბალი სიხშირის განათების სიმკვრივე, დაბალია ვარსკვლავური მასა და სუპერმასიური შავი ხვრელის მასა, თუმცა საშუალო ზომის გიგანტურ რადიოგალაქტიკათა მსგავსია. შესაბამისად, ძლიერ მასიური გალაქტიკა ან ცენტრალური შავი ხვრელი არაა აუცილებლად საჭირო, რათა ასეთი გიგანტები გაიზარდოს; თუ დაკვირვებადი მდგომარეობა მართლაც წყაროს შეესაბამება მისი სიცოცხლის განმავლობაში, გამოდის, რომ არც მაღალი რადიო სიმძლავრეა საჭირო“, — წერენ მკვლევრები.
არ არის გამორიცხული, რომ ალკიონევსი მდებარეობდეს კოსმოსის საშუალოზე დაბალი სიმკვრივის მქონე რეგიონში, რამაც შეიძლება ახსნას მისი გაფართოება; ასევე შესაძლებელია, ობიექტის ზომის ზრდაში გარკვეულ როლს ასრულებდეს კოსმოსურ აბლაბუდასთან ურთიერთქმედება.
რაც არ უნდა იყოს, მკვლევართა აზრით, ალკიონევსი ზრდას განაგრძობს.
კვლევა Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდება, იქამდე კი ხელმისაწვდომია სერვერზე arXiv.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.