გალაქტიკის ტიპები #კოსმოსი

გალაქტიკა გაზის, მტვრისა და მილიარდობით ვარსკვლავის კრებულია, რომელსაც ერთიანობას გრავიტაცია უნარჩუნებს. ყველა გალაქტიკა ერთი და იგივე ობიექტებისგან შედგება, მაგრამ განსხვავებულია მათი ფორმები და ზომები.

სპირალური გალაქტიკები ჯოხზე ჩამოსაცმელ გიგანტურ ბზრიალა სათამაშოს ჰგვანან. მათი მკლავები ძალიან ბევრი ვარსკვლავის, მტვრისა და გაზისგან შედგება. გაზი და მტვერი მთავარი ინგრედიენტებია ახალ ვარსკვლავთა წარმოსაქმნელად. ახალგაზრდა ვარსკვლავები გაცილებით ცხელი და კაშკაშაა, ვიდრე ბებერი ვარსკვლავები და შესაბამისად, სპირალური გალაქტიკები ხშირად სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ობიექტებია. გალაქტიკათა დაახლოებით 20 პროცენტი სპირალურია. ამის საუკეთესო მაგალითია ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომი.

ელიფსურ გალაქტიკებს გაწელილი წრის, ანუ ელიფსის ფორმა აქვთ. ზოგიერთი ელიფსური გალაქტიკა სხვებზე მეტად გაწელილია. ზოგიერთი შეიძლება თითქმის უბადლოდ წრიული იყოს, ზოგიც გრძელი და გაბრტყელებული. ელიფსური გალაქტიკები ძირითადად ბებერი ვარსკვლავებისგან შედგება. შესაბამისად, ისინი ხშირად ისე არ კაშკაშებენ, როგორც სპირალური გალაქტიკები. ამას გარდა, მათ საკმაოდ ცოტა გაზი და მტვერი აქვთ. ელიფსური გალაქტიკები სამყაროში ყველაზე დიდი და ყველაზე გავრცელებული გალაქტიკებია. ისინი სამყაროს გალაქტიკათა 60 პროცენტს შეადგენენ.

უსწორმასწორო გალაქტიკებს რაიმე ერთი განსაზღვრული ფორმა არ გააჩნიათ. ისინი ყველაზე პატარა გალაქტიკებია მათ შორის, რაც კი ამ დროისათვის არის აღმოჩენილი. თუმცა, ზოგჯერ ისინი საკმაოდ კაშკაშა ობიექტებია. სპირალურ გალაქტიკათა მსგავსად, ისინიც ხშირად არის სავსე გაზით, მტვრითა და ახალგაზრდა, კაშკაშა ვარსკვლავებით. სამყაროში გალაქტიკების დაახლოებით 20 პროცენტს უსწორმასწორო გალაქტიკები შეადგენს.

კვაზარები გალაქტიკის ცენტრში არსებული კომპაქტური ზონებია. წარმოიქმნებიან მაშინ, როდესაც იქ გაწოლილი გიგანტური, სუპერმასიური შავი ხვრელი დიდი ოდენობით მატერიის შთანთქმას იწყებს. ამ დროს გამოიყოფა დიდი ოდენობით ენერგია. კვაზარები მთელ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ობიექტებია.