აფრიკაში უიშვიათესი შავი ლეოპარდი შენიშნეს - პირველად 100 წლის შემდეგ
აფრიკაში უიშვიათესი შავი ლეოპარდი შენიშნეს - პირველად 100 წლის შემდეგ

როგორც ჩანს, მითიური დიდი შავი კატა მართლაც არსებობს.

ბიოლოგებმა კენიაში პრიალა შავი ლეოპარდი დააფიქსირეს, პირველად 1909 წლის შემდეგ, როცა ცხოველი უკანასკნელად აღბეჭდეს ფირზე.

სან-დეიგოს ზოოპარკის მეცნიერის, ნიკ პილფოლდის განცხადებით, მათ ძალიან გაუმართლათ, როცა ლეოპარდს ვიდეო გადაუღეს. ბიოლოგთა ჯგუფმა ლოისაბის ნაკრძალში სპეციალური კამერები მოათავსა, რათა ლეოპარდთა პოპულაციისთვის ეთვალთვალათ. სწორედ მაშინ გაიგეს დაუდასტურებელი ცნობები შავი ლეოპარდის შესახებ.

მათ კამერები ზუსტად იმ ადგილებში განათავსეს, სადაც ცნობები შავი ლეოპარდის შესახებ მიუთითებდა. დაკვირვებები რამდენიმე თვე გაგრძელდა.

მდედრი ლეოპარდის ბეწვი კუპრივით შავია. ამის მიზეზია მელანიზმი — გენების მუტაცია, რაც პიგმენტების გადაჭარბებულ წარმოქმნას იწვევს. წარმოადგენს ალბინიზმის საპირისპირო მოვლენას.

ნიკ პილფოლდის განცხადებით, შავი ლეოპარდების, იგივე შავი პანტერების შემჩნევის შესახებ ცნობები აქამდეც ვრცელდებოდა, მაგრამ ბოლო დადასტურებული დაკვირვება მათზე საუკუნეზე მეტი ხნის წინ, ეთიოპიაში მოხდა.

მისი თქმით, გლობალური მასშტაბით მელანიზმი ლეოპარდების 11 პროცენტში ფიქსირდება, მაგრამ ასეთ ლეოპარდთა უმეტესობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ბინადრობს. შავი ლეოპარდები აფრიკაში უიშვიათესია. ასეთი ცხოველი აფრიკაში ბოლოს 1909 წელს, ეთიოპიაში შენიშნეს.

ლეოპარდები კრიტიკულად საფრთხის ქვეშ იმყოფებიან და ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის მიერ შეტანილია წითელ სიაში.

ლეოპარდთა პოპულაციის კლების ზუსტი ციფრები უცნობია. მათი ძირითადი საფრთხეებია ნადირობა, ჰაბიტატის დაკარგვა, ბრძოლა მსხვერპლისთვის და კონფლიქტი ფერმერებთან.

მომზადებულია cnn.com-ის მიხედვით.