ადვოკატი ვასილ მამულაშვილი - სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრობაში დარჩა, არის უკანონო და დაუსაბუთებელი
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატის, ვასილ მამულაშვილის განცხადებით, სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი კვლავ პატიმრობაში დარჩა, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
როგორც ადვოკატმა განმარტა, სამართლებრივად აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ელოდა.
„არ ველოდით ამ გადაწყვეტილებას და გვეგონა, რომ სასამართლო სამართლებრივად სწორად მიუდგებოდა საქმეს. თუმცა თუ ფაქტობრივად, მანამდე არსებულ პრაქტიკას გავითვალისწინებთ, რა ხდება მცხეთის სასამართლოში, გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო. შესაბამისად, გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი. ეს შეგვიძლია, ვთქვათ. სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ფორმალურად სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ“,- განაცხადა ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე იმსჯელა და ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა.
იმის გამო, რომ ჯგუფური ძალადობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლებით დაკავებული 17 პირიდან არასრულწლოვნების საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი, დღეს მხოლოდ სრულწლოვანი პირების აღკვეთის საკითხზე იმსჯელეს.
გამოძიება გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის ფაქტებზე მიმდინარეობს.
ამასთან, დღევანდელ პროცესზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ირაკლი წაქაძემ განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალს ნაწილობრივ ეთანხმება. დანარჩენი ბრალდებულებიდან ნაწილი ბრალს არ აღიარებს, ნაწილი კი – დუმილის უფლებას იყენებს.